მოსალოდნელი საფრთხე - კვირის პალიტრა

მოსალოდნელი საფრთხე

"მიხეილ სააკაშვილი უსათუოდ აგებს პასუხს 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე", - თქვა ტომსკელ სტუდენტებთან შეხვედრისას რფ-ის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა.

საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველ ანალიტიკოსთა აზრით, რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი საქართველოს მიმართ კრემლის ავი ზრახვების მანიშნებელია.

თბილისში ყველაზე დიდი განსჯის საგანი რუსეთის მოსალოდნელი აგრესიაა, თითქოს ამ ამბავს წყალი არ გაუვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პარტიათაშორისი ხელშეკრულება დაიდო ზურაბ ნოღაიდელის პარტიასა და "ედინაია როსიას" შორის. ამბობენ, აპრილამდე რაღაც ამდაგვარს აპირებენ კონსერვატიული და სახალხო პარტიებიო. დაუდასტურებელი, მაგრამ არც უარყოფილი ცნობით, მოსკოვში მოსალაპარაკებლად ჩასვლას ნინო ბურჯანაძეც აპირებს. მეორე ცნობილმა ოპოზიციონერმა, ირაკლი ალასანიამ მიუნხენში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, მოკლე ხანში კრემლთან დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ილაპარაკა.

ხელისუფლება, საზოგადოების ნაწილი და ზომიერი ოპოზიციაც შეშფოთებულია. გახშირდა განცხადებები საქართველოში მეხუთე კოლონის გაჩენის შესახებ, ბრალდებები კოლაბორაციონიზმზე. ტომსკში რუსეთის პრეზიდენტის ავისმომასწავებელ მისნობას წინ უძღოდა რუსეთის მიერ სამხედრო ხომალდ "მისტრალის" შეძენა. სიტუაცია უფრო გაამძაფრა რუსეთისადმი ჯავახეთის სომეხთა მიმართვამ, რომლებიც საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებისა და თავისუფლების დაცვას ითხოვენ. მართალია, კრემლს რუსეთში მცხოვრებმა ჯავახელებმა მიმართეს, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს მდგომარეობას არ ცვლის და ძალზე წააგავს საქართველოში განვითარებული 1921 წლის მოვლენებს... მათი აზრით, ქვეყანაში დედაქალაქის მერის არჩევის შემდეგ დაიწყება არეულობა.

"ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, არაფერია გამორიცხული, მაგრამ უნდა ვაღიაროთ - 1921 წელს სხვა რესურსები იყო. დღეს ყველაფერი დასავლეთზე, უფრო კი აშშ-ზეა დამოკიდებული. თუ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რეგიონში კონტროლის გადანაწილებაზე რაღაც კულისებსმიღმა შეთანხმებაა, მაშინ მსგავსი სცენარის განხორციელება შესაძლებელი იქნება, მით უმეტეს, რომ საქართველოში ამ სცენარის ხელის შემწყობები გაჩნდნენ", - განაცხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რუსეცკიმ.

თბილისის სასარგებლოდ არ მეტყველებს ის, რომ დასავლეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მხოლოდ ფაქტზე რეაგირებით შემოიფარგლება. ამის ნათელი მაგალითი იყო 2008 წლის აგვისტო. დაძაბულობის მიზეზი კი შეიძლება ან თბილისის მერის არჩევნები შეიქნას, ან კონფლიქტის პროვოცირება იმავე ჯავახეთში, ანდა "ოკუპირებულ რეგიონებში". მაგალითად, სამხრეთ ოსეთის მეთაურმა ედუარდ კოკოითიმ პროვოკაციული ტოპონიმიკური რეფორმები წამოიწყო. ხშირად გამოდის ტერიტორიული პრეტენზიებით - სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს ახლა თბილისის იურისდიქციაში არსებული თრუსოს ხეობაო.

"უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთმა რეგიონში გავლენა გააძლიერა. პარალელურად მოსკოვმა საქართველოს საკითხში დასავლეთის რამდენიმე ჯგუფად გახლეჩა შეძლო. ქართულმა დიპლომატიამ ადეკვატური პასუხი ვერ გასცა. მდგომარეობა ნამდვილად მძიმე, ძნელად პროგნოზირებადია და, როგორც ჩანს, თბილისს მასზე ზემოქმედება თითქმის არ ძალუძს", - ასკვნის პოლიტოლოგი ალექსანდრე რუსეცკი.

"ნოვაია გაზეტა", რუსეთი