საეჭვო ტანდემი... - კვირის პალიტრა

საეჭვო ტანდემი...

მოსკოვი იმ ქართველ პოლიტიკოსთა აშკარა მხარდაჭერაზე გადავიდა, ვინც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას ცდილობენ. რფ-ის გოსდუმის სპიკერმა

ბორის გრიზლოვმა და საქართველოს ექსპრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა ხელი მოაწერეს "ედინაია როსიასა" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" თანამშრომლობის ხელშეკრულებას.

გრიზლოვისა და ნოღაიდელის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია: "საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულების აღდგენის საქმეში წვლილის შესატანად, "ედინაია როსია" და "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთმანეთს გაუცვლიან ინფორმაციებს და ურთიერთკონსულტაციებს გამართავენ ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე".

ორი პარტია შეთანხმდა "ერთმანეთს გაუზიარონ პარტიული მშენებლობის გამოცდილება, რეგულარულად გაცვალონ სხვადასხვა დონის პარტიული დელეგაციები და გამართონ ორმხრივი ღონისძიებები ქართულ-რუსული და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე". მოსკოვმა ნოღაიდელს ჯერ კიდევ მაშინ დაადგა თვალი, როცა სამხრეთ ოსეთში ომის დამთავრების შემდეგ ექსპრემიერმა სააკაშვილი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა, პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომა და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა მოითხოვა "ყოველგვარი წინა პირობის, ანუ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რფ-ის ჯარების გაყვანის მოთხოვნის გარეშე", რასაც მიხეილ სააკაშვილის სხვა მოწინააღმდეგეები მოითხოვდნენ.

"ხელშეკრულების ხელმოწერის გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებული იყო და არა - სპონტანური. ჩვენ მთელი წელი გვქონდა კონტაქტები. ნოღაიდელმა თავისი სახალხო განცხადებებით და ჩვენთან მოლაპარაკებებით თავი გამოიჩინა, როგორც გონიერმა პოლიტიკოსმა. მას ეყო ვაჟკაცობა, ეღიარებინა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ გამოუსწორებელი შეცდომები ჩაიდინა და ახლა მათ გამოსწორებაზე ფიქრის დროა", - განაცხადა დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის მეთაურმა კონსტანტინ კოსაჩევმა.

გრიზლოვ-ნოღაიდელის ხელშეკრულებამ დიდი აურზაური გამოიწვია საქართველოში. ხელისუფლებამ მაშინვე ღალატში დაადანაშაულა ექსპრემიერი. "რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნას ცდილობს, რომელიც ახალი აგრესიის საშუალებას და თბილისში თავისი მარიონეტის დასმას ცდილობს. არ ვიცოდი, ნოღაიდელი თუ ასე დაეცემოდა", - განაცხადა სააკაშვილმა. ექსპრემიერის საქციელი არც საქართველოში პრორუსულად შერაცხილმა პოლიტიკოსებმა მოიწონეს.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი