სახიფათო ფრანგულ-რუსული გარიგება შეიარაღებაზე - კვირის პალიტრა

სახიფათო ფრანგულ-რუსული გარიგება შეიარაღებაზე

გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სადესანტო შვეულმფრენმზიდი ხომალდის, "მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვაზე თანხმობა განაცხადა. პარიზი ასევე განიხილავს რუსეთის განაცხადს, კიდევ სამი ასეთი გემის შეძენაზე, რომლებიც რუსეთში ლიცენზიით უნდა აიგოს. კრემლი II მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთში მასშტაბურ სამხედრო ხომალდს პირველად ყიდულობს.

გარდა ამისა, ეს რუსეთის მიერ ნატოს წევრი ქვეყნისგან სამხედრო ტექნიკის შეძენის პირველი შემთხვევაა. ალიანსის რეაქცია კი ზანტია! გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თავისი წარმომადგენლის პირით განაცხადა, რომ ნატო რუსეთს საფრთხედ არ მიიჩნევს. ბალტიის ქვეყნები და საქართველო კი სასოწარკვეთილნი ითხოვენ ამ საკითხისადმი განსხვავებულ მიდგომას. ვინაიდან რუსეთი ჯერჯერობით არ არის სანდო პარტნიორი, ეს გარიგება ნატოს წევრი ქვეყნების და ბლოკის წევრობის კანდიდატთა უსაფრთხოებას ემუქრება.

რუსეთის ბოლოდროინდელი აგრესიული ქმედებების კვალად განსაკუთრებით შემაშფოთებელია  საფრანგეთის გადაწყვეტილება - ნატოს დაუკითხავად დათანხმებოდა გარიგებას. სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ რუსებმა სარკოზი არაფრად ჩააგდეს, როდესაც უარი თქვეს საფრანგეთის შუამავლობით პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ხელმოწერილი "საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმების შესრულებაზე. შემდეგ, შარშან, შემოდგომაზე რუსეთმა სამხედრო სწავლებები გამართა და პოლონეთზე ბირთვული თავდასხმა გაითამაშა.

ნატოს არც ეს გაუპროტესტებია. შარშანვე რუსეთმა საკუთარ კანონებში ცვლილებები შეიტანა და პრეზიდენტს დამატებით მიანიჭა უფლება, პარლამენტთან შეუთანხმებლად გამოიყენოს რუსული არმია უცხოეთში და ბოლოს, ორი კვირის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა ხელი მოაწერა ახალ სამხედრო დოქტრინას, რომელშიც ნატოს ბლოკი საფრთხედაა მოხსენიებული. დოკუმენტში ლაპარაკია გაურკვეველი "თანამემამულეების" დაცვაზე და შემცირებულია შესაძლო ბირთვული დარტყმების ზღვარი.

ევროპა მთელი ამ დესტაბილიზაციის პოლიტიკას რუსულ ბუნებრივ აირზე გარიგებით, პუტინის საზეიმო მიღებებით პარიზსა და ბერლინში, ასევე მისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებით შეეგება. ლენინი ამბობდა, - კაპიტალისტები ჩვენ თოკს გვაძლევენ, რომელზეც მათ ჩამოვახრჩობთ კიდეცო, მაგრამ ამჯერად რუსეთი შეიძლება ჯერ უკრაინელების და ქართველების ჩამოხრჩობას შეეცადოს, შემდეგ კი თავისი სამხედრო-საზღვაო ძალების გაფართოებას ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ბალტიისპირეთსა და ჩრდილოეთ ატლანტიკაზე.

"მისტრალის" გარიგებაზე ვაშინგტონიც დუმდა, რათა ელისეს სასახლე არ გაეღიზიანებინა - იმედი ჰქონდა, პრეზიდენტი სარკოზი ავღანეთში საფრანგეთის ჯარს დამატებით გაგზავნიდა, რაც მან არ გააკეთა. პრეზიდენტ ობამას ასევე არ სურს საფრთხე შეუქმნას პარიზის მნიშვნელოვან ძალისხმევას ირანის საკითხზე.

და მაინც, "მისტრალის" საფრთხე მნიშვნელოვანია. მომავალში სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დღეს ასეთი ხომალდების გაყიდვა ნატოს წევრებს, ალიანსის წევრობის კანდიდატებს და თავად რუსეთსაც არასწორ სიგნალებს უგზავნის. მაშინ, როცა მოსკოვი ნატოს ძველებურად მოწინააღმდეგედ აღიქვამს, როდესაც ის გამოდის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან (რომელიც ზღუდავს ურალის დასავლეთით მძიმე შეიარაღების სისტემის განთავსებას), ასევე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, რუსეთთან შეიარაღების მიყიდვაზე მასშტაბური შეთანხმება არადროულია. მით უფრო, რომ ის რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოდერნიზების პროგრამის მასშტაბური ელემენტია, რომელსაც შეუძლია ალიანსის ფლანგებს და მნიშვნელოვან ენერგეტიკულ მარშრუტებს საფრთხე შეუქმნას.

ნატოს წევრებმა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებისგან თავი უნდა შეიკავონ მანამ, ვიდრე მოსკოვი მედვედევი-სარკოზის 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს და მისადმი დასავლეთის ნდობა არ აღდგება.

"უოლ სტრიტ ჯურნალი", აშშ