ეუთოს წარმომადგენლობის აღსადგენად... - კვირის პალიტრა

ეუთოს წარმომადგენლობის აღსადგენად...

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საგანგებო წარმომადგენელს, ბოლათ ნურგალიევს კონფლიქტურ რეგიონებში ეუთოს

რეგულარული ვიზიტების დამკვიდრება სურს. მან რადიო "თავისუფლების" სამსახურს თბილისში განუცხადა, რომ ასეთი ვიზიტები შეიძლება გადაიქცეს პირველ ნაბიჯებად ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენისკენ საქართველოსა და მის კონფლიქტურ რეგიონებში.

ეუთოს წარმომადგენლობა საქართველოში და მისი საველე ოფისი სამხრეთ ოსეთში 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ დაიხურა.

ნურგალიევმა თქვა, რომ ამგვარი ვიზიტების დაგეგმვაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრი. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონფლიქტის მხარეებთან იმ გზების მოსაძიებლად, რომელიც ყველასთვის მისაღები გახდებოდა. მან დასძინა, რომ ეუთო შეუთანხმდა საქართველოს ხელისუფლებას ამგვარ ვიზიტებთან დაკავშირებით, მარტში იგი ასევე შეხვდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოხელეებს სოხუმსა და ცხინვალში.

ნურგალიევმა განაცხადა, რომ ეუთო ვერ იქნება "ეფექტიანი თანათავმჯდომარე ჟენევის მოლაპარაკებებში, რომლებიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან –დაკავშირებით იმართება", მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ის არ არის წარმოდგენილი თბილისსა და აჯანყებულ რეგიონებში.

სამხრეთ ოსეთში რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების დაპირისპირების შემდეგ, ცხინვალელმა მოხელეებმა ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები აჯანყებულ ტერიტორიაზე აღარ დაუშვეს.

"რადიო თავისუფლება", თავისუფალი ევროპა