ჰილარი კლინტონი: "საქართველო კვლავ ჩვენი პრიორიტეტია" - კვირის პალიტრა

ჰილარი კლინტონი: "საქართველო კვლავ ჩვენი პრიორიტეტია"

"საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, რომელიც ნათლად მიანიშნებს, რომ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას

ვუჭერთ მხარს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 24 თებერვალს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე. ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ მხარში უდგას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რათა მათ ავღანეთში ოპერაციებში შეძლონ მონაწილეობა. ეს დახმარება გამოიხატება "ახალი აღჭურვილობის" მიწოდებასა და იმ სამხედროების წვრთნაში, ვინც ავღანეთში მიემგზავრება.

"ჩვენ საქართველოს მხარში ვუდგავართ საერთაშორისო ფორუმებზეც, სადაც რუსეთი მკვეთრი პოზიციებით გამოდის საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა. მან საქართველო 22 თებერვალს, სიტყვით გამოსვლისას, კვლავ ახსენა, თქვა, რომ შეერთებული შტატები ნატო-რუსეთის საბჭოს გამოიყენებენ ფორუმად იმ საკითხებზე გულღია მსჯელობისთვის, რაშიც მოსკოვი და ვაშინგტონი ვერ თანხმდებიან. "ჩვენ რუსეთზე ზეწოლას მოვახდენთ, რათა მან შეასრულოს ვალდებულებები საქართველოს წინაშე".

2011 წლის საბიუჯეტო განაცხადის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო პროგრამების დასაფინანსებლად და საქართველოს დასახმარებლად, სავარაუდოდ, აპირებს 68,66 მლნ დოლარის გამოყოფას, რაც 2010 წელს გამოყოფილ თანხაზე 9,66 მლნ დოლარით მეტია.

"2011 წლის გადიდებული ბიუჯეტის შედეგად გაგრძელდება გრძელვადიანი ღონისძიებები საქართველოში სტაბილურობის მხარდასაჭერად და 2008 წლის კონფლიქტის შედეგების დასაძლევად. აშშ-ის პროგრამები ხელს შეუწყობენ ხელისუფლების ძალაუფლების გადანაწილებისადმი მიმართულ ღონისძიებებს, უფრო დინამიკური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას, მედიის დამოუკიდებლობის განმტკიცებას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობენ ეკონომიკის გაჯანსაღებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და სოციალურ სექტორში რეფორმების გაუმჯობესებას", - ნათქვამია 2011 წლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო განაცხადში.

ცალკე, დახმარების სახით, აშშ-მა საქართველოს უკვე გამოუყო 1 მლრდ დოლარი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ეტაპობრივად  გადაირიცხა. ამ დახმარების უკანასკნელი ტრანში წელს უკვე მიიღო საქართველომ.

ბი-ბი-სი, აშშ