აგვისტოს ქვემეხები: ვინ მოიგო და ვინ წააგო - კვირის პალიტრა

აგვისტოს ქვემეხები: ვინ მოიგო და ვინ წააგო

open Democracy

ას დღეზე ნაკლები დასჭირდა იმას, რომ 2008 წლის 8-12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი სხვა ისტორიულ მოვლენას გაექარწყლებინა. აგვისტოს ქვემეხები უოლ-სთრითის ჭექა-ქუხილმა დაჩრდილა.

ომი, რომელიც იმ დროისთვის საბედისწერო ჩანდა, თვალის დახამხამებაში უმნიშვნელო მოვლენად გადაიქცა, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგები კი მოჰყვა. ამ ტოქსიკური კონფლიქტის შედეგებში წაგებულების დანახვა უფრო იოლია, ვიდრე მოგებულებისა. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ საკუთარი ოცნებები დაკარგა, კრემლმა - კომპლექსები, ვაშინგტონმა - ნერვები, ევროკავშირმა კი მშვიდი ძილი, მაგრამ ზოგიერთმა ამ და სხვა ზესახელმწიფომ თანმდევი მოგება ნახა.

რუსეთი ყველა ამ ტოლობის ცენტრშია. ომი მოსკოვისთვის იმის შესაძლებლობა გახდა, რომ "ცივი ომის" დასრულების შემდეგ საკუთარი საზღვრების მიღმა პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ეწარმოებინა. ის ომიდან რევიზიონისტულ ზესახელმწიფოდ გამოვიდა და ევროპას ევროპული წესრიგის არსებობის ილუზია დაუკარგა.

რუსულ-ქართული კონფლიქტის ხუთმა დღემ აჩვენა, რომ ვაშინგტონს მოსკოვზე ზეწოლის ბერკეტები არ გააჩნია, ხოლო ბუშის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხოლოდ რიტორიკაა. საბოლოო ჯამში, ნატოს გენერლები გორში (სადაც იოსებ სტალინი დაიბადა) ალიანსის ჯარისკაცების გასაგზავნად მზად არ აღმოჩნდნენ. ამ ყველაფერმა ამერიკის საგარეო პოლიტიკურ თანამეგობრობაში განხეთქილება გააღრმავა, გაზარდა კონფლიქტი "რეალისტებსა" და "მორალისტებს" შორის.

ობამას ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას ნიშნავდა. ახალი რეალობა ისეთია, რომ აშშ ევროპული მოთამაშე აღარ არის, როგორიც ეს "ცივი ომის" დროს ან 1990-იან წლებში იყო.

რუსეთის მტკიცე სამხედრო რეაქციას სტრატეგიული დანაკარგებიც მოჰყვა. ომმა კავკასია უფრო უსაფრთხო ვერ გახადა. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ (ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც იგივე გააკეთა, ნიკარაგუა იყო) რეგიონში არასტაბილურობის საფრთხე გაზარდა. ინგუშეთის მსგავს ადგილებში პოლიტიკურ მკვლელობათა რიცხვი გაიზარდა, რაც რეგიონის მზარდი არაკონტროლირებადობის დემონსტრირებას ახდენს. რუსი ანალიტიკოსის, ნ. პეტროვის აზრით, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ჩეჩნეთისთვის "აფხაზური სტატუსის" მოპოვებისკენ იხრება.

კრემლის რევიზიონიზმი სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებმა არ მოიწონეს. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებიდან მეორე დღესვე რუსეთი ტოტალურ დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდა. ეს მიანიშნებს, რომ ისტორიის მორიგი დამახინჯების მცდელობის გამო რუსეთმა საქართველოში მოგებისგან შეიძლება იმაზე მეტი დაკარგოს, ვიდრე 2003-2005 წლის "ფერადი რევოლუციების"”დროს დაკარგა. ახლა, როდესაც რუსეთი აშკარად რევიზიონისტ ზესახელმწიფოდ გადაიქცა, მას მეზობლები უფრთხიან და უპირისპირდებიან.

ობამას საგარეო პოლიტიკისადმი განახლებულმა მიდგომამ რუსეთის, როგორც ეროვნებათშორისი ანტიამერიკული წინააღმდეგობის ლიდერის, მიმზიდველობა შეამცირა. ახლა, როდესაც მსოფლიოში მრავალპოლარული წესრიგი დამყარდა, რუსეთს შიშის საფუძველი უფრო აქვს, ვიდრე სიხარულისა. მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რომელიც ამძაფრებს ენერგომატარებლებსა და შემოსავლების დონის ვარდნას, შეშფოთების დამატებითი საბაბია, რადგან ის ასუსტებს რუსეთის ეკონომიკას და მის საინვესტიციო მიმზიდველობას.

რუსეთ-საქართველოს ომით აშკარად მოიგეს ჩინეთმა და თურქეთმა. ჩინეთმა ამით ისარგებლა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე თავისი ეკონომიკური გავლენის ბერკეტები პოლიტიკურ გავლენად აქცია. სწორედ ჩინეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც, ფაქტობრივად, შეაგულიანა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები, არ ეღიარებინათ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მოსკოვის ზეწოლას შესწინააღმდეგებოდნენ. ომის და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ნაზავმა შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია (შთო), სადაც მოსკოვი ბატონობდა, გადააქცია ჯგუფად, რომელშიც წამყვანი ქვეყანა ჩინეთია.

თურქეთი ომიდან დამოუკიდებელი რეგიონული სახელმწიფოს როლში გამოვიდა, რომელსაც აქვს სურვილიც, შესაძლებლობაც და ლეგიტიმურობაც, რომ რეგიონის თითქმის ყველა კონფლიქტში შუამავლის როლი შეასრულოს. ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ეფექტი თურქულ-სომხური ურთიერთობის დათბობაა. აღსანიშნავია, რომ ანკარის რბილი ძალა, მოსკოვური ვერსიისგან განსხვავებით, დასავლეთთან წინააღმდეგობაზე კი არ არის აწყობილი, არამედ დასავლური მოდელის წარმატებულ ადაპტაციაზე, საკუთარი პოლიტიკური ხასიათის შენარჩუნებასა და საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე. თავის რეგიონულ პოლიტიკაში თურქეთი ძალიან გონივრულად იყენებს მის მრავალრიცხოვან არსობრივ შემადგენლებს - მუსლიმანურ დემოკრატიას, საერო მუსლიმანურ რესპუბლიკას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, მაგრამ, იმავდროულად, მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის მზადაა საკუთარი პოზიციის დასაცავად.

შარშანდელი ომის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი რუსეთის მიერ საკუთარი რევიზიონისტული სტატუსის ურცხვი დადასტურებაა. რუსული რევიზიონიზმი რეალობაა.

მოსკოვს სულ უფრო აკლდება საკუთარი თავის რწმენა და კრემლის რევიზიონიზმიც აქედან მოდის. იმავდროულად, პუტინის რუსეთს ტერიტორიული დაშლისა და მსოფლიოში მისი მნიშვნელობის დაკარგვისა ეშინია. ორივე შიში კანონზომიერია. პრობლემა ისაა, რომ რუსეთი მზად არ არის, ან არ შეუძლია ამის დასავლეთთან დიალოგში გამოხატვა, რადგან კრემლის აზრით, შიშზე საუბარი, შესაძლოა, სისუსტედ იქნას აღქმული. კრემლის მიმდინარე საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა კი ის არის, რომ მისი სისუსტე არ გამოჩნდეს. როგორც პუტინმა თქვა, რუსეთი ან ზესახელმწიფო იქნება, ან გაქრება.

მნიშვნელოვანია ის სამი წყარო, რომლებმაც რუსეთის თავდაჯერებულობას წყალი შეუყენა. პირველი: პუტინის რუსეთი, როგორც სტალინის საბჭოთა კავშირი და რუსეთის იმპერია, იოლად დასაცავი საზღვრების ძებნითაა შეპყრობილი. უზარმაზარმა ბირთვულმა არსენალმა რუსეთს სუპერსახელმწიფოს სტატუსი შესძინა, მაგრამ უსაფრთხოება არ შემატა; მეორე: საკუთარი თავის რწმენის უქონლობა პუტინის თაობის მთავარი მახასიათებელია, რაც აუცილებელია კრემლის ქმედებების გასაგებად. პუტინის თაობა საბჭოთა კავშირის ნგრევით ჩამოყალიბდა. რუსული ელიტა გაჟღენთილია ამ თითქმის მისტიკური განცდით. ის აბსოლუტური უსაფრთხოების ძიებაში თითქმის არარაციონალურად იქცევა; მესამე: მოსკოვი თანამედროვე მსოფლიო წესრიგის ბუნებას, რომელიც მზარდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთდამოკიდებულებაზეა აგებული, ეჭვით უყურებს. სწორედ საკუთარი თავის რწმენის უქონლობის განცდა, რომელსაც ელიტაც და საზოგადოებაც იზიარებენ, აყალიბებს რუსეთის მსოფლმხედველობას.

რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებისას  ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: გვაძლევს კი ამ ომის შემდეგ დაბადებული სამყარო უკეთეს შანსს ლეგიტიმური და სამართლიანი ევროპული წესრიგის შესაქმნელად, თუ პირიქით, ის ამ წესრიგის მიღწევას ნაკლებად შესაძლებელს ხდის? ამ კითხვაზე ორი შესაძლო პასუხი არსებობს: უკიდურესად პესიმისტური და ზომიერად ოპტიმისტური. პესიმისტები დაიწყებენ მტკიცებას, რუსეთ-საქართველოს ომის უმნიშვნელო მოვლენად გადაქცევით დასავლეთი კრემლს აქეზებს, მისი "წარმატება" პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ადგილებშიც გაიმეოროს და ამით  ევროპულ წესრიგზე იმედებს ილუზიად აქცევსო. ოპტიმისტების თვალსაზრისით კი რუსეთ-საქართველოს ომით ერთდროულად ორი პროექტი ჩაიშალა: რუსეთის მცდელობა, ევროპაში გავლენის სფეროების პოლიტიკა აღედგინა და დასავლეთის მეცადინეობა - აეშენებინა ევროპა ურუსეთოდ.

თუკი პესიმისტები მართლები არიან, ჩვენ ხანგრძლივი ღამის ადრეულ სტადიაში ვიმყოფებით. თუკი ოპტიმისტების მოსაზრებაა სწორი, ამ ორი პროექტის ჩაშლა იმას ნიშნავს, რომ ის დროა, მესამე პროექტის შემუშავებაზე დავიწყოთ ფიქრი.