საქართველომ დსთ დატოვა - კვირის პალიტრა

საქართველომ დსთ დატოვა

REUTERS

18 აგვისტოს საქართველო იქცა პირველ ქვეყნად, რომელმაც დატოვა დსთ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დაჯგუფება. ეს სულ ბოლო და ყველაზე თვალში საცემი ნიშანია იმისა, რომ მოსკოვს თავისი სამეზობლო ამბოხს უწყობს.

ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს მოსკოვისგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩამოცილების პროცესს. ამ სივრცეში ყოფილი საბჭოთა პატრონისადმი ტრადიციულ ლოიალობას დასავლეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენა გამოწვევებს უგზავნის.

"რუსეთს ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს და ისინიც ძალიან ცვალებადნი ხდებიან", - ამბობს ლონდონური ორგანიზაციის, ჩჰატჰამ Hოუსე-ის, მკვლევარი ჯეიმს ნიქსი.

ურთიერთობები მაშინ დაიძაბა, როდესაც რუსეთმა საქართველოში ჯარი გაგზავნა სეპარატისტული რეგიონის დასახმარებლად. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც აღშფოთებულმა კრემლმა თავისი ჯარი საკუთარი საზღვრების მიღმა განათავსა.

კონფლიქტმა გააოგნა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და მას შემდეგ, 12 თვის განმავლობაში, თავი იჩინა უთანხმოებების მთელმა სერიამ, რომელიც ლოიალობიდან გადახვევის უცხადეს ნიშნად იქცა. არც ერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არ მისდია რუსეთის მაგალითს და მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არ აღიარა საქართველოს მეამბოხე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. უკრაინა, მოლდავეთი და ბელორუსია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამაში შეუერთდნენ. ამ პროგრამის მიზანია, ევროპასთან მათი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაფართოება. უზბეკეთმა და ბელორუსიამ რუსეთის წინადადებას, სწრაფი რეაგირების შენაერთების შექმნის შესახებ, უარით უპასუხეს.

წელს, ყირგიზეთმა, რუსეთისგან 2 მლრდ დოლარის კრედიტის დაპირების საპასუხოდ,  გააუქმა აშშ-ის ის ბაზა, საიდანაც ავღანეთში ჯარს ამარაგებდა, მაგრამ ივნისში გადაწყვეტილება საპირისპიროდ შეცვალა. ასევე იყო დაძაბულობა ენერგეტიკულ საკითხებში.

რუსეთის ძველ, უახლოეს მოკავშირეს, ბელორუსიას, მოსკოვთან ბუნებრივ აირზე ფასების, გაზის გადამზიდავი ქსელის საკუთრებისა და რძის პროდუქტების ექსპორტის გამო უთანხმოება ჰქონდა. საპასუხოდ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სცადა და წარმატებითაც, რომ თავისკენ შემოებრუნებინა დასავლეთი.

თურქმენეთმა ჩინეთისა და ირანისთვის გაზის მიწოდება გააფართოვა.

უკრაინასთან რუსეთის ურთიერთობებმა  ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინამ ნატოში გაწევრება გადაწყვიტა და გაზის ტრანზიტის გამო დავამ იფეთქა. უკრაინის პრეზიდენტს ღია წერილში რუსეთის პრეზიდენტმა ანტირუსული კურსის განზრახ გატარება დასდო ბრალად.

"ახლა მოსკოვისგან გაქცევის მოწმენი ვხდებით, - ამბობს მოსკოვის კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ალექსეი მალაშენკო, - რუსეთის მოკავშირეები კავშირებს სხვაგან  ეძებენ, რათა მოსკოვის მძიმე ხელი შეამსუბუქონ".

"დსთ განქორწინების ახალ ქორწინებად გადაქცევის მცდელობას წარმოადგენდა. მცდელობა ჩაიშალა, - ამბობს ნიქსი, -”ეს ტენდენცია შეუქცევადია. ეს ქვეყნები უმწიფარი  დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და დაუხმარებლად ფეხზე დგომას სწავლობენ".

საქართველოს გამოსვლას დსთ-დან მცირე პრაქტიკული ზეგავლენა ექნება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ ქვეყანა იმ 75 მრავალმხრივი ხელშეკრულების მონაწილედ დარჩება, რომელიც დსთ-ის ფარგლებში დაიდო, მათ შორისაა, უვიზო რეჟიმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები.”რუსეთის ოფიციალური პირები არ შეშფოთებულან. რუსეთის დუმის წევრმა კონსტანტინე ზატულინმა განაცხადა, რომ საქართველო დსთ-ში, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად, ტროას ცხენივით შემოვიდა. ორივე ქვეყანა დსთ-ის განვითარებას ხელს უშლიდა.