ნატო და საერთაშორისო უსაფრთხოება - კვირის პალიტრა

ნატო და საერთაშორისო უსაფრთხოება

The New York Times

60-წლის მანძილზე ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ საერთაშორისო თვალსაზრისით სამი ისტორიული მნიშვნელობის ცვლილება განახორციელა. პირველი:

ნატომ ბოლო მოუღო საუკუნეობრივ სამოქალაქო ომს”დასავლეთის ქვეყნებს შორის ტრანსატლანტიკურ და ევროპულ ბატონობაზე; მეორე: შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების საბჭოთა ბატონობისგან დაცვის ვალდებულება იკისრა; მესამე: ალიანსმა ცივი ომის”მშვიდობიან შეწყვეტას მიაღწია, რამაც დემოკრატიული ევროპული კავშირის გაფართოების წინა პირობები შექმნა, თუმცა ეს მიღწევები ლეგიტიმურ კითხვას ბადებს: რა იქნება შემდეგ?

დღეს ნატო მსოფლიო უსაფრთხოების უპრეცედენტო საფრთხეებს აწყდება. ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ მსოფლიო, რომელიც სულ უფრო ურთიერთდამოკიდებული ხდება, მუდმივად მზარდ სახალხო არეულობებსა და მღელვარებას განიცდის, თუმცა ქაოსის ამ საფრთხესთან საბრძოლველად (რომელიც ბოლო დროს კაცობრიობის პოლიტიკური გამოფხიზლების შედეგია) და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არ არსებობს ეფექტიანი მექანიზმი. გარდა ამისა, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ჩინეთისა და ინდოეთის დრამატული აღმასვლა, ასევე ბოლო 50 წლის განმავლობაში იაპონიის სწრაფი აღმშენებლობა ცხადყოფს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სიმძიმის გლობალურმა ცენტრმა ჩრდილოეთ ატლანტიკიდან აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონისკენ გადაინაცვლა.

გლობალური ძალის ამგვარი გაფანტვა და მასების მღელვარება ფეთქებადსაშიშ ნაზავს ქმნის. ასეთ პირობებში ნატოს წევრების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს ჯერ ფორმულირებით, შემდეგ კი ერთობლივი ძალისხმევით ავღანეთში სამხედრო კამპანიის პოლიტიკურად მისაღები შედეგების მიღწევა. ამ ამოცანის გადაწყვეტა მართლაც საერთო სამხედრო და ეკონომიკური ძალისხმევითაა საჭირო. ასეთი სიმტკიცე ნატოს პირველ კამპანიაში წესდების მე-5 მუხლის საფუძველზე ალიანსის ავტორიტეტის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

თუმცა სიტუაცია ისეთია, რომ წესდების მე-5 მუხლი თითოეულ ქვეყანას, მის მოკავშირეზე (ალიანსის ფარგლებში) თავდასხმის შემთხვევაში, საპასუხოდ ისეთი წილის გაღების უფლებას აძლევს, როგორსაც ეს უკანასკნელი ჩათვლის საჭიროდ. გარდა ამისა, ნატოში გადაწყვეტილებების მიღების დროს არსებობს კონსენსუსის წესი, ეს კი ერთ ან ორ წევრ-ქვეყანას საპასუხო ქმედებაზე ფაქტობრივად ვეტოს დადების შესაძლებლობას აძლევს. ეს პრობლემა გამძაფრდა ალიანსის 28 წევრამდე გაზრდით, ასევე იმის გამოც, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი არაწევრი ქვეყნების სატყუარას ეგება. ამიტომ საჭიროა კონსენსუსის უფრო ქმედით ფორმულირებაზე ფიქრი, როდესაც გადაწყვეტილებას დიდი უმრავლესობა მიიღებს და არა ერთხმად ალიანსის ყველა წევრი.

ალიანსს ასევე მართებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში მისთვის გეოპოლიტიკურად დასაბუთებული გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნის განსაზღვრა. რუსეთი მტერი არ არის, მაგრამ ნატოს ის კვლავ მტრულად უყურებს. ამიტომ, ნატოს ორიენტირები ორმა სტრატეგიულმა მიზანმა უნდა განსაზღვროს: ევროპის უსაფრთხოების განმტკიცება რუსეთის ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობით და ასევე მასთან ურთიერთქმედების აწყობა უსაფრთხოების უფრო გლობალური ქსელის ჩარჩოებში, რაც, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს რუსეთის იმპერიული ამბიციების გაქრობასაც.

ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებით უფრო გაიოლდება თანამშრომლობის აწყობა იმ აზიურ ზესახელმწიფოებთან, რომლებიც სულ უფრო ძლიერდებიან და რომელთა ჩართვაც საჭიროა უსაფრთხოების სფეროს ერთობლივ ინიციატივებში. თანამიმდევრულად განვითარებული ამგვარი ურთიერთქმედება, თავის მხრივ, მიგვიყვანს ნატო-შთო-ს (შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) ერთობლივი საბჭოს შექმნამდე, რითაც ჩინეთს, გარკვეულწილად, ჩავრთავთ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობაში, ეს კი ღირსეული მიზანია. შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ ძალთა და გავლენათა გლობალურ თანაფარდობაში ცვლილებებია, ნატომ პერსპექტივაში აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე წამყვან სახელმწიფოსთან, განსაკუთრებით ჩინეთთან და იაპონიასთან, ასევე ინდოეთთან, უნდა იფიქროს უფრო პირდაპირი ოფიციალური კავშირების დამყარებაზე. თუმცა, საკუთარი მნიშვნელობის შენარჩუნებისა და დროის მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის ნატო უბრალოდ არ უნდა გაფართოვდეს და გადაიქცეს გლობალურ ალიანსად ან გარდაიქმნას საერთაშორისო დემოკრატიის კავშირად, როგორც ამას ბევრი მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, საკუთარი გლობალიზაციით ნატო ამერიკულ-ევროპული კავშირების პრიორიტეტულობას დაასაჭურისებს. გარდა ამისა, არც ერთი ის ზესახელმწიფო, რომელიც სულ უფრო ძლიერდება, არ დათანხმდება გლობალურ მასშტაბებამდე გაფართოებული ნატოს წევრობას. იდეოლოგიაზე დაფუძნებული დემოკრატიების გლობალურ ალიანსს ძალიან გაუჭირდება იმის განსაზღვრა, თუ ვინ უნდა მიიღოს წევრად და ვინ - არა. დემოკრატიების ამგვარ გაერთიანებას გაუჭირდება გონივრული ბალანსის მოძებნა თავის დოქტრინულ და სტრატეგიულ მიზნებს შორის.

და მაინც, ნატოს საკმარისი გამოცდილება, მექანიზმები და საშუალება აქვს იმისთვის, რომ  ქვეყნებს შორის (რომლებსაც რეალური მოქმედების მზარდი პოტენციალი აქვთ) უსაფრთხოების საკითხებზე დაწყებული თანამშრომლობის სფეროში განსხვავებული რეგიონული ინიციატივების გლობალური ქსელის ეპიცენტრად იქცეს. ასეთი სტრატეგიული მისიის განხორციელებით, ნატო არა მხოლოდ შეინარჩუნებს პოლიტიკაში ტრანსატლანტიკურ ერთობას, არამედ პასუხსაც გასცემს 21-ე საუკუნის სულ უფრო სერიოზულ გამოწვევებს უსაფრთხოების სფეროში.