ფჰენიანი დიალოგისთვის მზადაა - კვირის პალიტრა

ფჰენიანი დიალოგისთვის მზადაა

NERWS.ru.com

ჩრდილოეთ კორეის დიპლომატთა დელეგაციამ ნიუ-მექსიკოს გუბერნატორ ბილ რიჩარდსონს აცნობა, რომ ფჰენიანი მზად არის განიარაღების თაობაზე მოლაპარაკება

გამართოს ობამას ადმინისტრაციასთან, მაგრამ არა მრავალმხრივი ფორმატით, როგორც ეს ვაშინგტონს სურს, არამედ უშუალოდ. სადღეისოდ ეს არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ირის ყველაზე გამოკვეთილი სიგნალი იმისა, რომ კორეის "ჩაკეტილ" სახელმწიფოს სურს, დაიწყოს მოლაპარაკება საკუთარ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. მაისში ფჰენიანის მიერ ბირთვული რაკეტების გამოცდამ მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთი აზია შეაშფოთა.

ჩრდილოკორეელი დიპლომატების ნიუ-მექსიკოს გუბერნატორ ბილ რიჩარდსონთან შეხვედრას წინ უძღოდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ვიზიტი ფჰენიანში, რასაც ორი დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის გათავისუფლება მოჰყვა.

ფჰენიანის ახალმა პოზიციამ, შესაძლოა, ბარაქ ობამა რთულ დიპლომატიურ ვითარებაში ჩააყენოს. თეთრმა სახლმა მიანიშნა, რომ ფჰენიანს არ შესთავაზებს ახალ ეკონომიკურ ან დიპლომატიურ სტიმულს მანამ, სანამ ის არ შეასრულებს განიარაღებასთან დაკავშირებულ ადრე ნაკისრ ვალდებულებას.

ამერიკელ დიპლომატებს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთი კორეა უნდა დაუბრუნდეს ექვსმხრივი მოლაპარაკების პროცესს, როგორც ეს საჭიროდ მიაჩნია აშშ-ს და მის ჩარჩოებში გამართოს ორმხრივი მოლაპარაკება (როგორც თავად ფჰენიანს სურს).

დემოკრატიული პარტიის წევრი, გუბერნატორი რიჩარდსონი დიდი ხანია მუშაობს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ დიპლომატიურ პრობლემებზე. თეთრი სახლი და სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავენ, რომ გუბერნატორმა ჩრდილოკორეელი დიპლომატები მოიწვია როგორც კერძო პირმა, თუმცა საამისო ნებართვა სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა. თეთრი სახლის პრესმდივნის, რიჩარდ გიბსის განცხადებით, შესაძლოა, ამ შეხვედრას მოჰყვეს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესის აღდგენა.