აშშ, რუსეთი და ევროპა ახალ თამაშს იწყებენ - კვირის პალიტრა

აშშ, რუსეთი და ევროპა ახალ თამაშს იწყებენ

BBC

ბარაქ ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ დაბეჯითებით მოუწოდებს ისრაელსა და პალესტინას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულება და განაახლონ სამშვიდობო

მოლაპარაკება. მოსკოვში ახლო აღმოსავლეთის პრობლემების გადასაჭრელად საგანგებო საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ევროკავშირის პოლიტიკურ პოზიციაში კი, აღმოსავლეთის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-თან ბევრი შეხების წერტილი გამოჩნდა.

ობამას ადმინისტრაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ "ორი სახელმწიფოს გეგმას" შეუძლია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ამოწურვა. ამ მიზნის მისაღწევად აშშ პალესტინასა და ისრაელს მოუწოდებს, რაც შეიძლება ჩქარა დაიწყონ "ორი სახელმწიფოს გეგმის" შესაბამისი კონკრეტული ქმედება სამშვიდობო პროცესის აღსადგენად. აშშ-მა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის უსაფრთხოების გარანტია პალესტინის სახელმწიფოს შექმნასთან არის დაკავშირებული. ობამას ადმინისტრაცია თავის წინამორბედებზე გაცილებით მკვეთრად მოითხოვს, ისრაელმა შეწყვიტოს ებრაელთა დასახლებების მშენებლობა. აშშ გარკვევით აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მისი ახალი პოლიტიკა მიმართულია არა მარტო ისრაელსა და პალესტინას, ისრაელსა და სირიას, ისრაელსა და ლიბანს შორის, არამედ ყველა არაბულ ქვეყანასთან მშვიდობის დასამყარებლად.

ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით 2007 წელს ანაპოლისში (აშშ) ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას თვალსაჩინო შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ, ბუნებრივია, აშშ-ს არ სურს, ამ საკითხში ინიციატივის ხელიდან გაშვება - ახლო აღმოსავლეთი რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური თამაშების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტია, ამიტომ ბუნებრივია, მოსკოვი ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის გამართვის წინააღმდეგია. ევროკავშირს საკუთარი გეგმა არ გააჩნია და აპირებს, სიტყვა შეაწიოს აშშ-ის პროგრამას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ერაყის ომის წინააღმდეგი იყო, ამიტომაც ახლო აღმოსავლეთში მას აშშ-ზე უკეთესი იმიჯი აქვს. ევროკავშირი მიესალმება ობამას ზომიერად მეგობრულ პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთის მიმართ. კაიროში აშშ-ის ახალი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ მალევე მოინახულა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანა და განაცხადა - აშშ-სა და ევროკავშირს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით მსგავსი პოზიციები აქვთო.