ევროკავშირის სახელმწიფოები გუანტანამოს ტყვეებს მიიღებენ - კვირის პალიტრა

ევროკავშირის სახელმწიფოები გუანტანამოს ტყვეებს მიიღებენ

The Washington Post

"ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყანა გუანტანამოს ყურეში (კუბა) ცნობილი ობიექტიდან ყოფილი პატიმრების მიღებას დათანხმდა", - წერს გაზეთი WASHIGTON POST.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია და ესპანეთი ის ქვეყნებია, რომლებმაც ყოფილი ტყვეების მიღებაზე თანხმობა საჯაროდ განაცხადეს. გაზეთი აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ანონიმურ მოხელეებს იმოწმებს. ადრე ვებგვერდზე ნათქვამი იყო, რომ ამგვარი ვალდებულება თავის თავზე ბელგიამაც აიღო. ამ ექვსი ქვეყნის გარდა, ევროკავშირის კიდევ ოთხმა სახელმწიფომ განუცხადა თეთრ სახლს, რომ პატიმრებს თავიანთ ქვეყნებში დაასახლებენ. ევროკავშირის კიდევ ხუთი წევრი სახელმწიფო ასეთ შესაძლებლობას ჯერჯერობით მხოლოდ განიხილავს.

გუანტანამოს ბანაკი 2002 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა “ტერორიზმთან ომის”დროს დაკავებული პატიმრებისთვის შექმნა. მას შემდეგ 540 პატიმარზე მეტი 30-მდე ქვეყანას გადაეცა, 229 - იქვე რჩება, თუმცა პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ ობიექტს 2010 წლის იანვრისთვის დახურავს.

80-მდე პატიმარი უკვე ცნეს უდანაშაულოდ და მათი გათავისუფლება შესაძლებელია, თუმცა ამერიკის ხელისუფლებას გაუჭირდა იმ ქვეყნების მოძიება, რომლებიც ამ პატიმრებს მიიღებდნენ. გარდა ამისა, მთავრობას წინააღმდეგობა გაუწია კონგრესმაც, რომელსაც არ სურს მათი ამერიკაში დასახლება.

მათგან, დაახლოებით 50-მდე კაცი ალჟირიდან, ჩინეთიდან, ლიბიიდან, პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ტაჯიკეთიდან, ტუნისიდან და უზბეკეთიდან არის. ისინი სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, რადგან პრობლემების ეშინიათ.

ასევე თანახმანი არიან ყოფილი პატიმრების მიღებაზე წყნარ ოკეანეში ბერმუდის და პალაუს  კუნძულები.

ვაშინგტონმა ფორმალური განაცხადი გააკეთა და გუანტანამოს ყოფილი პატიმრების დასახლებაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს სპარსეთის ყურის, სამხრეთ აფრიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან.

თერთმეტი ტყვე უკვე გაიგზავნა საკუთარ სამშობლოში, ბერმუდის კუნძულებზე. მათ ასევე მიიღეს ოთხი უიგური ჩინეთიდან. ცამეტ ტყვეს პალაუს კუნძულებიც მიიღებს.