ბურჯანაძემ გამოსავალი იპოვა - კვირის პალიტრა

ბურჯანაძემ გამოსავალი იპოვა

ვლადიმირ პუტინი საქართველოს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით რუსეთის პრემიერმა საქართველო მიიღო. ახლა ნინო ბურჯანაძეს თამამად შეუძლია გაუჩნდეს პრეტენზია, მოსკოვის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთადერთი მომლაპარაკებლის როლზე და, აქედან გამომდინარე, დივიდენდებსა და განსაკუთრებულ მდგომარეობაზე.

შესაძლოა, ქართული ოპოზიციის ყოველ ლიდერს გულში ძალიანაც უნდა "მტრის" ჯინაზე მოსკოვში ჩასვლა, პუტინთან შეხვედრა და მერე, ვითომც არაფერიო, უკან, საქართველოში დაბრუნება. თუმცა საეჭვოა, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ რუსეთში "ბორჯომისა" და "ქინძმარაულის" მდინარეები წამოვიდეს.

ნინო ბურჯანაძემ, თბილისიდან გამგზავრებისას, აეროპორტში განაცხადა, რომ მოსკოვში "დიდი პოლიტიკის გასაკეთებლად" მიდის. ამის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ის არა მარტო "ედინაია როსიას" ლიდერს, ბორის გრიზლოვს შეხვდებოდა, არამედ პუტინსაც და შესაძლოა მედვედევსაც.

მოლაპარაკებები, შეიძლება ითქვას, ინტიმურად - ერთი-ერთზე წარიმართა. თავიდან პუტინმა აღიარა, რომ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრამ ძალზე გაახარა, რადგან კარგა ხანია ერთმანეთი არ უნახავთ. ნინო ბურჯანაძე ამ აღიარებამ არ შეაცბუნა, არადა შეუძლებელია, არ გაეცნობიერებინა ის, რომ ვა-ბანკზე მიდიოდა: უამრავი ჟურნალისტის თვალწინ რაც უფრო თბებოდა მისი ურთიერთობა პუტინთან, ცხადია, მით მეტად ცივდებოდა საქართველოში სააკაშვილის მომხრეებთან და ასევე მათთან, ვინც უკმაყოფილოა იმით, რომ რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა (ასეთი ხალხი კი საქართველოში უამრავია და შეუძლებელია ნინო ბურჯანაძეს მათი უგულებელყოფა უნდოდეს).

- სამწუხაროდ, ამ ხნის მანძილზე, რაც ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს, ძალიან დრამატული მოვლენები განვითარდა, - თქვა პუტინმა: ის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოვლენებს გულისხმობდა და, როგორც ეტყობა, მზად იყო, ნინო ბურჯანაძეს იმ დელიკატური მდგომარეობიდან გამოსვლაში დახმარებოდა, რომელშიც ეს ქალბატონი აღმოჩნდა მოსკოვში მასთან შეხვედრის თხოვნის გამო, - ჩვენ მზად ვართ, - განაგრძო პუტინმა, - ვიმუშაოთ საქართველოში ყველა დემოკრატიულ ძალასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში არის ხალხი, ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა ვერ მოვახერხეთ. პუტინის ნათქვამში აღარ იგრძნობოდა სიხისტე და აბსოლუტური შეუწყნარებლობა ყველაფრისადმი, რაც საქართველოს პრეზიდენტის სახელთან არის დაკავშირებული.

ახლა იმის დასკვნაც შეიძლება, რომ სწორედ მათ, პუტინმა და მედვედევმა ვერ შეძლეს ამ ურთიერთობების აწყობა. პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ასეთი ხალხის (პრემიერი ხმამაღლა საქართველოს პრეზიდენტის სახელისა და გვარის წარმოთქმას კვლავაც თავისი ღირსების შელახვად მიიჩნევს) გამოისობით მოხდა ტრაგედია სამხრეთ ოსეთში, მაგრამ ამ აღნიშვნასაც წმინდა რიტუალური ხასიათი ჰქონდა. როგორც ეტყობა, პუტინისთვის ამ ადამიანის არსებობა სულერთია. პრემიერმა დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა სასაზღვრო გამშვები პუნქტი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რის გამოც ნინო ბურჯანაძემ აღფრთოვანება ვერ დამალა.

მას კარგად ესმის, რომ ქართველი ხალხის ცნობიერებაში მომხდარის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოკლე ხანში აირევა, ამ პუნქტის გახსნაში წვლილი მთლიანად მას მიეწერება და მოსკოვში მისი ვიზიტის მნიშვნელოვან შედეგადაც აღიქმება. ქალბატონმა ბურჯანაძემ თქვა, რომ მართალია, ურთიერთობა ჩიხშია მოქცეული, მაგრამ დარწმუნებულია, გამოსავლის ნახვა შესაძლებელია. რასაკვირველია, ახლა მხოლოდ მისი დახმარებით. პრემიერის გარდა ბურჯანაძე რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. ს. ლავროვმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ მოსკოვი  მხოლოდ იმ ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებთან ითანამშრომლებს, ვინც რეგიონში ამჟამინდელ მდგომარეობას რეალისტურად აღიქვამს.

"კომერსანტი", რუსეთი