რუსეთი - ევროპის უკანასკნელი იმპერია - კვირის პალიტრა

რუსეთი - ევროპის უკანასკნელი იმპერია

დღეს რუსეთი დაინტერესებულია, საფრანგეთსა და გერმანიას დაუახლოვდეს, თუმცა საჭიროა, ეს ინტერესი მშვიდობას ემსახურებოდეს. ევროპას კარგად ახსოვს რუსეთისა და საფრანგეთის კავშირი წარსულში.

ეს ურთიერთობები პოზიტიურად წარმოჩნდა და პირველი მსოფლიო ომის დროს მან გერმანიას ერთდროულად ორ ფრონტზე ბრძოლა აიძულა. პარიზისა და სანქტ-პეტერბურგის დაახლოება მარტივი არ ყოფილა. ამ საქმეში სერიოზულ წინააღმდეგობას ქმნიდა თავად ამ ორი რეჟიმის ბუნებაში არსებული სხვაობა: ერთი - მონარქისტული და ავტორიტარული, მეორე - რესპუბლიკური და დემოკრატიული (რუსეთში რევოლუციური "მარსელიეზას" შესრულება პატიმრობით ისჯებოდა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს, უპირველესად, სამხედრო კავშირი იყო.

2010 წელს ეს ორი პოლიტიკური სისტემა ჯერ კიდევ შორსაა ერთმანეთისგან დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ძალის გამოყენებასა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებასთან დაკავშირებული შეხედულებებით. მათ შორის კვლავ უფსკრულია. მომავალში პარტნიორობის განვითარებას ხელს სერიოზულად უშლის ის, რომ რუსებმა არ შეასრულეს საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ქვეყანა გახლიჩეს.

ასევე, პრობლემას წარმოადგენს მათი მუდმივი ენერგეტიკული შანტაჟი. რუსეთი ევროპის უკანასკნელი იმპერიაა, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ ძლიერებაში. ჩინეთის აღზევებისა და აშშ-ის გავლენის შემცირების გათვალისწინებით, მოსკოვი სულ უფრო მეტი სიფრთხილით აკვირდება აზიაში მიმდინარე მოვლენებს და ნელ-ნელა ნატოსაც ნაკლებად ნეგატიურად აღიქვამს.

დმიტრი მედვედევი პირველი რუსი ლიდერია, რომელმაც ირანზე საუბრისას (არაერთხელ!) წარმოთქვა სიტყვა "სანქციები". რუსეთის თვალთახედვით, გერმანიასთან სიახლოვე მას ევროპაში პოზიციების განმტკიცებაში დაეხმარება და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს მაშინ, როდესაც საფრანგეთთან კავშირი შეიძლება მისი საერთაშორისო იზოლაციის კომპენსაციის საშუალება გახდეს.

ნიკოლა სარკოზი, რომელიც ევროკავშირსა და რუსეთს შორის პარტნიორობის ინიციატივით გამოდის, ათანაბრებს რა მოსკოვსა და თურქეთს, კარგად ესმის მისი ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები. ამ თვალსაზრისით შვეულმფრენმზიდ "მისტრალის", ან პარიზში "ბრანლის" სანაპიროზე პრესტიჟული მიწის ნაკვეთის რუსეთისთვის მიყიდვა, სადაც კრემლი მართლმადიდებლური ეკლესიის აგებას აპირებს, შესაძლო პარტნიორობის სიმბოლო ხომ არ არის?..

"ლიბერასიონი", საფრანგეთი