აფხაზთა ოლიმპიადა - კვირის პალიტრა

აფხაზთა ოლიმპიადა

რუსეთის საზღვრიდან სოხუმისკენ მიმავალ გზაზე გამაოგნებელი ექვსი პლაკატი შემოგვხვდებათ: "რუსეთი და აფხაზეთი - 200 წელი ერთად". ქალაქი გაგრა სადღაც შუაში მდებარეობს და ზამთარში დანტეს განსაწმენდელს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე კურორტს.

და მაინც რაღაც კეთდება. ორ ყველაზე დიდ სასტუმროს აპერანგებენ, ზღვის სანაპიროზე მალე კაფეტერია გაიხსნება. პრეზიდენტი ბაღაფში ირწმუნება, აფხაზეთის განვითარების საფუძველი იქნება ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტების გადამუშავებაო. მიუხედავად ამისა, აფხაზი მეწარმეები რუსეთის გიგანტებს კონკურენციას ვერ გაუწევენ: 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი სოჭი 40 კმ-შია, რაც მრავალ ინტერესთა გადახლართვას იწვევს. "უპირველესად, კომუნიკაციები უნდა მოვაწესრიგოთ, ამას კი განვითარებაც მოჰყვება.

ყველაზე დიდ სარგებლობას მიიღებს მოსკოვი, როგორც რუსეთის ყველაზე დინამიკურად განვითარებადი რეგიონი", - თქვა სოხუმში მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა.

რუსეთმა ამ მიზნით უკვე გამოყო 10 მლრდ რუბლი (2.560 მლნ ევრო). ამ თვეში გაიხსნება რეგულარული საჰაერო კავშირი მოსკოვსა და სოხუმს შორის, აფხაზეთის მოქალაქეები კი რუსეთის საზღვარგარეთულ პასპორტებს მიიღებენ. გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობამ კომპანია "როსნეფტთან" ხელშეკრულება დადო თავის ტერიტორიულ წყლებში ნავთობსაბადოების ძიების დასაწყებად. ამ პროექტით დაინტერესებული არიან "გაზპრომი" და "ლუკოილი".

ამჟამად აფხაზეთის კაპიტალდაბანდების 80% რუსეთიდან მიდის. როგორც აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ამბობს, რესპუბლიკის ბიუჯეტის 57%-ს მოსკოვი ავსებს. იმპორტის 90%-ს რუსეთიდან შემოსული საქონელი შეადგენს და მიუხედავად ამისა, აფხაზეთში რუსებს ხელგაშლით არავინ ელის. ბევრ აფხაზს ეშინია ქვეყნის რუსიფიკაციისა, მთავრობას კი აფხაზური ენის გამოყენების გაფართოება და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების დაბრუნება უნდა.

ამას წინათ, რუსეთის პრესაში გამოქვეყნდა სტატია, რომ რუსებს აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვა უძნელდებათ. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფხაზეთის მთავრობას ნოტაც გაუგზავნა, სადაც გულისწყრომა გამოთქვა "რუსეთის მოქალაქეთათვის კერძო საკუთრების დაკანონების საკითხების გართულების გამო".

აფხაზურ საქმეში ჩერქეზეთის დიასპორაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. "ახლა ბევრი ცარიელი ბინაა. ყველას, ვინც ბრუნდება, სახელმწიფო ბინებს და დახმარებას აძლევს. ცხადია, მათ აფხაზური ენა უნდა ისწავლონ", - ამბობს თურქეთის ჩერქეზთა სოციალური ინტეგრაციის ცენტრის გამგე ნონა თჰუაშბა.

თურქეთში ორ მილიონამდე ჩერქეზი და 500000 აფხაზი ცხოვრობს. აფხაზური დიასპორაა იორდანიაში, სირიასა და ისრაელში. აფხაზეთის მთავრობამ წინაპრების მიწაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა ყველას - ჩერქეზებს, ყაბარდოელებს, შაფსუღებს, აფხაზებს...

"ლე მონდი", საფრანგეთი