ავღანეთი ხმებს ითვლის - კვირის პალიტრა

ავღანეთი ხმებს ითვლის

THE INDEPENDENT

ავღანეთი ხმებს ითვლისავღანეთის საპრეზიდენტო მარათონში 31-მა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. წინასწარი მონაცემებით, ლიდერობენ ქვეყნის ამჟამინდელი

პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი და ჩრდილოეთ ალიანსის თავკაცის აჰმად შაჰ მასუდის მემკვიდრე აბდულ აბდულა. ამჟამად ხმებს ითვლიან, საბოლოო შედეგები კი სექტემბერში გახდება ცნობილი. უკვე გაჩნდა ინფორმაციები გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით. საერთაშორისო ორგანიზაციები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ დარღვევები უთუოდ იქნებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა, - მიუხედავად "თალიბანის" მცდელობისა, ავღანეთში არჩევნები წარმატებით ჩატარდაო.

მოძრაობა "თალიბანმა" არჩევნებამდე განაცხადა, - უკან არაფერზე დავიხევთ არჩევნების ჩასაშლელადო. ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჰამიდ ყარზაის თქმით, არჩევნების დღეს თალიბებმა ავღანეთის 34 პროვინციიდან 15-ში თავდასხმები განახორციელეს. ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაზრდის მიუხედავად, ამერიკული ჯარის დანაკარგები იზრდება. ამავე დროს, გამოკითხვის თანახმად, ამერიკის საზოგადოებრიობა მხარს სულ უფრო ნაკლებად უჭერს ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებს. ობამამ ამერიკელებს მოუწოდა, - ჩვენ აუცილებლად უნდა დავასრულოთ დაწყებული საქმე, მაგრამ ამას დრო დასჭირდებაო.

ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა მხოლოდ 50% მივიდა, თუმცა წინა, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის 70%-ზე მეტმა მისცა ხმა. თეთრი სახლის პრესმდივნის, რობერტ გიბსის თქმით, აშშ-ის ჯარი რვა წელზე მეტია, ეომება "თალიბანის" მეომრებს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ობამა ამაყობს იმით, რომ მილიონობით ავღანელმა არაფრად ჩააგდო თალიბების მუქარა და უშიშრად მივიდა არჩევნებში სამონაწილეოდ... ვინც უნდა აირჩიონ ავღანეთის პრეზიდენტად, ჩვენ მოუთმენლად მოველით მასთან თანამშრომლობას, რათა გავაგრძელოთ ბრძოლა მსოფლიოს ამ უმნიშვნელოვანეს ნაწილში - თქვა რობერტ გიბსმა.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, ვინც უნდა გახდეს ავღანეთის პრეზიდენტი, უპირველესად, უკომპრომისო ბრძოლა უნდა გამოუცხადოს კორუფციას.