ცხინვალი ახალ რუკას ადგენს... - კვირის პალიტრა

ცხინვალი ახალ რუკას ადგენს...

სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ახალ ტერიტორიულ დავას იწყებს. ცხინვალმა თბილისს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დაწყება კი შესთავაზა, მაგრამ მის პასუხს აღარ დაელოდა და საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა.

კონფლიქტების დარეგულირების საკითხში სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი საზღვრის გავლებას იწყებს.

გამორიცხული არ არის, რომ ამ პროცესმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის გაფართოება გამოიწვიოს. საბჭოთა საქართველოს საზღვრებში ოლქის ფართობი 3,9 ათას კვკმ-ს შეადგენდა.

თბილისში, სადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს განიხილავენ, როგორც "ოკუპირებულ ტერიტორიებს", მეზობლების ახალ გეგმებს "პროვოკაციულს" უწოდებენ და ამბობენ, - მოვა დრო და საქართველოს შიგნით არავითარი საზღვრები აღარ იქნებაო.

2009 წლიდან, რუსეთთან მოლაპარაკებების საფუძველზე, სამხრეთ ოსეთის საზღვრებს რუსი მესაზღვრეები იცავენ. თებერვლის ბოლოს, მოსკოვში ჩატარდა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებული ორმხრივი კომისიის პირველი თათბირი. მალე მოლაპარაკებები ცხინვალში გაგრძელდება. შედეგად რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ხელს მოაწერენ სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას საზღვრის შესახებ. ჩოჩიევის თქმით, ახლა ცხინვალელი ექსპერტები მოსკოვში კარტოგრაფებთან მუშაობენ, არკვევენ სადავო მომენტებს, მათ შორის საქართველოსთან საზღვრის საკითხთან დაკავშირებითაც.

სამხრეთოსური გაზეთი "რესპუბლიკა" იტყობინება: "დიდი და სკრუპულოზური სამუშაო გველის, რადგან აუცილებელი იქნება იმ ძირძველი ოსური ტერიტორიების გახსენება, რომელიც ჯერ მეფის რუსეთმა, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებამ "აჩუქა" ქართველებს. კომისიის შემაჯამებელ დოკუმენტში სამხრეთ ოსეთის სრულიად სხვა რუკა იქნება წარდგენილი. განსხვავებით საბჭოთა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისგან - უფრო გაფართოებული".

საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთის მიერ წამოწყებული პროცესები "ძალიან სახიფათოა და ახალ კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის". "ჩემი მონაცემებით, ცხინვალს მთელ ყაზბეგის რაიონზე აქვს პრეტენზია. გავიხსენოთ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ადრინდელი განცხადებებიც იმაზე, რომ საქართველოს კურორტები, ბორჯომიცა და ბაკურიანიც სამხრეთ ოსეთია. ჩრდილოეთ ოსეთშიც აქტიურად განამტკიცებენ საზოგადოებრივ აზრს, რომ სამხრეთ ოსეთი სინამდვილეში დღევანდელზე გაცილებით დიდია. ამაზე წერს იქაური პრესა, გამოდის ატლასები.

ჩვენი ხელისუფლება ამაზე უფრო აქტიურად უნდა რეაგირებდეს," - აღნიშნა ექსპერტმა. ტერიტორიული პრობლემა ერთადერთი სიურპრიზი არ არის, რომელიც ცხინვალმა შეიძლება თბილისს მიართვას. 15 მარტს სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ჩავლენ. ისინი კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე თვის ბოლოსთვის დაგეგმილი ჟენევის დისკუსიებისთვის მასალებს ამზადებენ. შვეიცარიაში მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთი და აშშ.

ჩოჩიევმა განაცხადა, - "საერთაშორისო შუამავლებს გავაცნობთ სამხრეთ ოსეთის გეგმებს იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალი აპირებს სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტოს მიმდებარე ქართულ რაიონებს. ამით სამაგიეროს გადაუხდის საქართველოს, რომელმაც სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონში გაზის მიწოდება არ აღადგინა." ბორის ჩოჩიევმა ისიც დააზუსტა, რომ საქართველო მზად არის, მიაწოდოს გაზი მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, მაგრამ არა - ამ რაიონში დისლოცირებულ რუს სამხედროებს.

თუკი სამხრეთ ოსეთს ჟენევის დისკუსიების შედეგები არ დააკმაყოფილებს, საერთოდ შეწყვეტს  მონაწილეობას ამ პროცესში.

ახალი მოლაპარაკებებისთვის ემზადება აფხაზეთიც - იქ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პიტერ სემნები ჩავიდა.

"ვრემია ნოვოსტეი", რუსეთი