აფხაზეთი გაეროს მისიის მუშაობას დადებითად აფასებს - კვირის პალიტრა

აფხაზეთი გაეროს მისიის მუშაობას დადებითად აფასებს

12 მარტს სოხუმს ეწვია ქართულ-აფხაზური კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი საგანგებო წარმომადგენელი დიტერ

ბოდენი. საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონში გაეროს მისიის მანდატი 2009 წლის ივნისში ამოიწურა. უშიშროების საბჭომ მისი გაგრძელება ვერ შეძლო - რუსეთმა ვეტო დაადო დასავლეთის მიერ შეთავაზებული პროექტის რეზოლუციას, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყო აღიარებული. ასეთი ფორმულირება რუსეთისთვის მიუღებელი გახლდათ, რადგან მას უკვე აღიარებული ჰქონდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. რფ-მ კომპრომისული ვარიანტი წარადგინა, მაგრამ უშიშროების საბჭოს დასავლელმა წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს.

ბოდენთან შეხვედრისას ბაღაფშმა აღნიშნა: - გაეროს მისია რესპუბლიკაში წლების მანძილზე მუშაობდა. მისმა თანამშრომლებმა კარგად იცოდნენ რეგიონის პრობლემები, ხელს უწყობდნენ ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყებას, მაგრამ გაერომ მისია დახურა. ჩვენ მისიის შენარჩუნების მომხრე ვიყავითო. ამასთან, ბაღაფში წინააღმდეგია აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროკავშირისა და ეუთოს დამკვირვებლების ყოფნისა. "ისინი იქ უნდა იყვნენ, საიდანაც ომის საფრთხე მოდის - საქართველოში", - დასძინა მან. ბაღაფშმა სტუმარს გააცნო ის პრობლემები, რაც აფხაზი მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული, ისაუბრეს იმაზე, თუ რა ზომებს ხმარობენ საქართველოსთან საზღვრის გასამაგრებლად და რუსეთის როლზე საზღვრის დაცვის საქმეში. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რფ არის რეგიონში უსაფრთხოების მთავარი გარანტი და რესპუბლიკის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. გერმანელ დიპლომატთან საუბრისას ბაღაფში ჟენევის დისკუსიასაც შეეხო. აფხაზეთი ჯერჯერობით ამ დიალოგს მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულების გათვალისწინებით გააგრძელებსო, - აღნიშნა რესპუბლიკის მეთაურმა.

ბოდენმა განაცხადა, - მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არ ჩავსულვარ, როგორც ოფიციალური პირი, მაინტერესებს, თუ რა ხდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, სადაც "მაინცდამაინც კარგი მდგომარეობა არ არის". "არავის უნდა თქვენი იზოლირება, მაგრამ ჩვენ რთული პროცესის საწყის სტადიაში ვიმყოფებით", - თქვა დიპლომატმა და დასძინა, რომ როგორც ამ რეგიონის ექსპერტმა უკვე განსაზღვრა მომავალი რეკომენდაციები. გერმანელმა პოლიტოლოგმა აღნიშნა, - "რასაკვირველია, რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს გარკვეული შედეგები მოჰყვა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა მხარემ მოთმინება უნდა გამოიჩინოს... ვიმეორებ, მე აფხაზეთის კეთილისმყოფელი ვარ, მაგრამ, ვითარება რთულია. ჩვენ გულდასმით უნდა განვიხილოთ დიდი პოლიტიკის საკითხი და პროცესი ურთიერთნდობის განმტკიცებისკენ წარვმართოთ".

"ინტერფაქსი", რუსეთი