ვახშამი მტერთან - კვირის პალიტრა

ვახშამი მტერთან

დიპლომატიური დაძაბულობის მიუხედავად, მოსკოველები სიამოვნებით მიირთმევენ ქართულ კერძებს მოსკოვის ცენტრში მდებარე კაფე "ხაჭაპურში".

ქართული სამზარეულო, რომელიც, ფაქტობრივად, ყველაზე მდიდარია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სამზარეულოთაგან, დიდი ხანია რუსეთში პოპულარულია და თუმცა დედაქალაქში ბევრი ახალი რესტორანი იხსნება, მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდება.

ამ მხიარულ ატმოსფეროში რუსეთის და მისი პატარა სამხრეთელი მეზობლის გართულებულ ურთიერთობებზე (რაც 2008 წლის აგვისტოში სასტიკ ომში გადაიზარდა) მხოლოდ სუსტი მინიშნებები არსებობს. პირველი - ღვინოების რუკაა. საბჭოთა დროში, ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვილნიუსიდან დაწყებული ვლადივოსტოკით დამთავრებული, საშუალება ჰქონდა, ერთი ბოთლი ქართული წითელი ღვინო გაესინჯა. მაგრამ "ხაჭაპურის" მენიუში ვერ ნახავთ "წინანდალს", "მუკუზანს" ან ნებისმიერ სხვა საუკეთესო ქართულ ღვინოს, ცხადია, ვერც "ხვანჭკარას", ტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც რუსებს საბჭოთა დროს აგონებთ.

2006 წლიდან რუსეთში ქართული ღვინო და მინერალური წყალი აიკრძალა ვითომდა სანიტარიული უსაფრთხოების გამო, მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი ცუდად შენიღბული პოლიტიკური მოსაზრებები გახლდათ. თუმცა ქართული ღვინის აკრძალვამ, რამაც შეარყია ქართული ეკონომიკა, ამ ქვეყნის სამზარეულოს სიყვარული ვერ გაანელა. დღეს მოსკოვში ყველა საუკეთესო საღამო ქართული ცეკვებით და კერძებით სრულდება. ნაწილობრივ ეს რუსეთში უზარმაზარი ქართული დიასპორის არსებობითაც აიხსნება. ბევრი მათგანი ცნობილი სპეციალისტი და პროფესიონალია: მოსკოვის მთავარი კარდიოლოგი, ყველაზე ცნობილი მოქანდაკე, ასევე მედიის წარმომადგენელთა მთელი პლეადა–- ყველა ქართველია. გარდა ამისა, რუსეთში საქართველოდან სამუშაოდ ჩასული უამრავი მიგრანტია.

2006 წლისგან განსხვავებით, როცა რუსეთის ხელისუფლება ქართველებსა და მათ საკუთრებას არბევდა, დღეს, როგორც ამას რუსეთში ქართველთა კავშირი ამტკიცებს, ქართველებს ქვეყანაში "არანაირი პრობლემა არა აქვთ". ქართული რესტორნების სიმრავლე (ერთ-ერთი მოსკოვური ვებგვერდის ცნობით, დედაქალაქში 261 ქართული რესტორანია) ცხადყოფს, თუ როგორი წარმატებულნი არიან რუსეთში ქართველები.

2008 წლის ომის შემდეგ არ აღმდგარა  რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა. მაშინ რუსეთმა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ქართველების შეჭრას, მასშტაბური კონტრშეტევით უპასუხა. კონფლიქტის შედეგად რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და მეორე თვითგამოცხადებული სახელმწიფოს - აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. იმავდროულად, რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "პოლიტიკური გვამი" უწოდა და განაცხადა, ვიდრე ის ხელისუფლებაში იქნება, ჩვენს ქვეყნებს შორის კონტაქტი შეუძლებელიაო.

ბოლო ხანს მოსკოვს ორი ცნობილი ქართველი ოპოზიციონერი ეწვია და ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მოლაპარაკებები გამართეს. სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე, ამჟამად მისი შეურიგებელი ოპონენტი ნინო ბურჯანაძე რუსეთის დედაქალაქში სტუმრობისას ქვეყნის ლიდერს, ვლადიმირ პუტინსაც კი შეხვდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ასევე კრიჭაში უდგას ხელისუფლებას, ბოლო თვეებში  მოსკოვში მეორედ ჩავიდა. მან განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობის დარეგულირება სურს. სააკაშვილის მომხრეები კი ამბობენ, - ეს რუსეთისგან საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის შეგნებული მცდელობააო.

რუსეთ-საქართველოს შორის ყველანაირი სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირი შეწყვეტილია, ამ სახელმწიფოებს ლანძღვა-გინების გარდა, არაფერი აქვთ საერთო, მაგრამ რუსეთAში ქართული რესტორნები მაინც მრავლდება...

იბეჭდება შემოკლებით

"ინდეპენდენტი", დიდი ბრიტანეთი