აღდგენილი ბილიკი... - კვირის პალიტრა

აღდგენილი ბილიკი...

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სამწლიანი შესვენების შემდეგ ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა. რუსეთმა მოლოდინი არ გაამართლა და საზღვრის

მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებთათვის არ აღადგინა საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ პუნქტის გახსნის პირველ დღეს მხოლოდ ათიოდე ავტომობილმა გადაკვეთა საზღვარი.

არადა, ყაზბეგის რაიონი, საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთი რაიონია, რომელიც კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს და ჩრდილოეთ ოსეთთან ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. მხოლოდ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ დაირღვა ეს ურთიერთობები. მაშინ, ყაზბეგში მცხოვრები ბევრი ოსი იძულებული იყო, რუსეთში გამგზავრებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი დაკეტილი იყო, მაშინ მათ ჩრდილო ოსეთში გასასვლელად დერეფანი გაუკეთეს... ახლა კი, საზღვრის გადასაკვეთად საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს ვიზებისთვის მოსკოვსა და თბილისში შვეიცარიის საელჩოებში მისვლა დასჭირდებათ, არადა, დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებს საზღვრის ორივე მხარის გადაკვეთა უვიზოდ შეუძლიათ.

ამიტომაც იყო, რომ გამშვები პუნქტის შორიახლოს მიტინგი გამართა ჩრდილო ოსეთის საზოგადოებრივმა მოძრაობა "დარიალმა", რომელშიც გაერთიანებული არიან ყაზბეგის რაიონიდან წასული რფ-ის მოქალაქეები. მომიტინგეები მოძრაობის თავმჯდომარის, ჰაირბეკ სალბიევის მეთაურობით, სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელობისგან ყაზბეგში მცხოვრები ოსებისთვის საზღვრის გადალახვის გამარტივებულ სქემას ითხოვდნენ, მაგრამ პუნქტის ხელმძღვანელთაგან იქ არავინ გამოჩენილა. მიტინგი მილიციამ დაშალა, სალბიევი კი არასანქცირებული მიტინგის მოწყობისთვის მილიციის განყოფილებაში წააბრძანეს...

მესაზღვრეების ცნობით, საზღვარი მთელი ძალით ზაფხულში ამოქმედდება, მაშინ, როცა ჯვრის უღელტეხილზე თოვლი დადნება. თუმცა, მაშინაც ალბათ ძირითადი ტვირთდინება იქნება არა საქართველოდან, არამედ სომხეთიდან, რომლის მოქალაქეებსაც არც საქართველოში და არც რუსეთში შესასვლელად ვიზები არ სჭირდებათ. 2006 წლამდე სომხეთის საგარეო ვაჭრობის ტვირთბრუნვის მესამედი სწორედ ზემო ლარსის გავლით ხორციელდებოდა. ექსპერტების ვარაუდით, ეს თბილისს რუსეთის ემბარგოს აცილების საშუალებას მისცემს. ზემო ლარსის გახსნის წინ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ბათუმში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

თბილისმა და ერევანმა შეაჯამეს სქემები, რომლის მიხედვითაც ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე მოხვდება - იმის დამტკიცება ხომ ძალიან ძნელია, მაგალითად, მწვანილი, კარტოფილი ან სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქცია სომხეთში კი არა, საქართველოშია მოყვანილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტი შემოდგომა-ზამთარში 7-დან 19 საათამდე იმუშავებს, გაზაფხულ-ზაფხულში კი 7-დან 22 სთ-მდე. ასევე ამ უწყებაში მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ თრუსოს ხეობაში ან ყაზბეგის რაიონში პატარა გართულების შემთხვევაშიც კი, გამშვებ პუნქტზე მოძრაობა შეუძლებელი იქნება.

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი