პანიკა ცრუ "ახალი ამბების" გამო - კვირის პალიტრა

პანიკა ცრუ "ახალი ამბების" გამო

...ზოგიერთმა სასწრაფო დახმარების სამსახურს მიმართა, სხვები - პურის საყიდლად დახლებს მიაწყდნენ, ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობამ სახლები

მიატოვა და თავშესაფრის ძებნა დაიწყო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ტელეარხმა შაბათ საღამოს ეთერში ცრუ ახალი ამბავი გადასცა - ქვეყანაში რუსული ინტერვენცია დაიწყოო.

გადაცემა, ალბათ, პოლიტიკურ სატირად იყო ჩაფიქრებული, თუმცა იმდენად რეალური და შთამბეჭდავი გამოდგა, რომ მაყურებელი სიტუაციის გარკვევასაც აღარ შეეცადა და შესაბამისი ზომების მიღება დაიწყო.

ტელეკომპანია "იმედის" პროდიუსერებმა გადაცემა საღამოს საინფორმაციო გამოშვების სტუდიაში ჩაწერეს, ის მაყურებლისთვის ნაცნობ წამყვანს მიჰყავდა. გადაცემა ეთერში შაბათს, საღამოს 8 საათზე წინასწარი გაფრთხილებით გავიდა, თუმცა მაყურებელთა უმრავლესობამ, ჩანს, ამას ყურადღება არ მიაქცია.

წამყვანმა, რომელიც აღგზნებული ჩანდა და ტექსტს დაბნეული კითხულობდა, ახდენდა რა ქაოსური "ახალი ამბების" იმიტაციას, გამოაცხადა, რომ დედაქალაქის ქუჩებში დაიწყო შეტაკებები, რუსები თბილისს ბომბავენ და დაიძრა სატანკო ბატალიონი. ეთერში აჩვენებდნენ მომავალ ტანკებს, რეაქტიულ გამანადგურებლებს და ბომბებს, რომლებიც ციდან ცვიოდა.

- ხალხი დაფრთხა, - განაცხადა „სატელეფონო ინტერვიუში "იმედის" ყოფილმა დირექტორმა ბიძინა ბარათაშვილმა. მან ცრუ "ახალი ამბების" გამოშვება და მოსახლეობაზე მისი გავლენა მარსელების ინტერვენციაზე ორსონ უელსის ცნობილ რადიოადაპტაციას, "სამყაროთა ომებს" შეადარა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები გაჩნდა და გახშირებული ზარების გამო სატელეფონო ქსელი გადაიტვირთა. ქალაქში ატეხილმა პანიკურმა შესყიდვებმა ნაწილობრივ რეალობად აქცია ის, რის აღწერასაც ცრუ "ახალი ამბების" გამოშვება ცდილობდა.

"იმედი" კერძო ტელეკომპანიაა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ბატონი სააკაშვილის პრესმდივანმა, მანანა მანჯგალაძემ დაგმო გადაცემა, რომელმაც მაყურებელი შეაშინა.

კვირას ბატონმა სააკაშვილმა კრიტიკა გაიმეორა, თუმცა დასძინა, - ხალხი შეაშინა ფილმში წარმოჩენილმა საქართველოს რეალისტურმა მომავალმა. მიუხედავად ნერვიული რეაქციისა, მჯერა, რომ გუშინდელი რეპორტაჟი რუსებს ხელს შეუშლით საკუთარი გეგმების განხორციელებაშიო.

"ნიუ-იორკ ტაიმსი", აშშ