რუსი მოდის... თუ არა? - კვირის პალიტრა

რუსი მოდის... თუ არა?

ცაში რუსული ბომბდამშენები ტრიალებენ, დაბომბილია სასაზღვრო პუნქტები, მტვრიან გზაზე ჯავშანტექნიკის კოლონა  მოემართება... -ვინც შაბათს, საღამოს 8 საათზე ტელეკომპანია "იმედის" არხზე გადართო, ნახავდა ცოცხალ, CNN-ის სტილით მომზადებულ რეპორტაჟს,თუ როგორ დაიპყრო რუსეთის არმიამ პატარა კავკასიური რესპუბლიკა. დიქტორი სერიოზული გამომეტყველებით აცხადებს: სამხრეთ ოსეთში აფეთქების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა. მისი ტანკები დედაქალაქისკენ დაიძრა, მთავრობა ევაკუირებულია.

შემდეგ ჩნდება რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. ის წიგნის თაროების ფონზე ზის და ლაპარაკობს. მის ხმას ქართული თარგმანი ფარავს: "სააკაშვილი ტერორისტია და ჩვენ საქართველო მისგან უნდა გავათავისუფლოთ!" პრეზიდენტი ობამაც კი აკეთებს განცხადებას: თეთრი სახლის კიბესთან, ტრიბუნასთან დგას და გმობს რუსულ ინტერვენციას. რამდენიმე წუთში ჩნდება საგანგებო ინფორმაცია: პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლულია, ოპოზიციამ, რუსების ხელშეწყობით, ჩამოაყალიბა "სახალხო მთავრობა". ამ ყველაფერს ფონად გასდევს ღამის აფეთქების კადრები და ტიტრი - "რუსული სამხედრო ავიაცია სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს".

რუსების ინტერვენცია მოულოდნელად 20:30 საათზე დასრულდა: წამყვანმა გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი "მოვლენების შესაძლო განვითარების იმიტაცია" იყო, იმ მოვლენებისა, რომლებიც მართლაც მოხდება, თუკი "ქართველი საზოგადოება რუსულ გეგმას კონსოლიდირებული არ შეხვდება". ამის შემდეგ რუსეთის საფრთხეზე სტუდიაში დისკუსია დაიწყო. იმიტაციის თაობაზე დიქტორმა მაყურებელი გადაცემის დაწყებამდე გააფრთხილა, თუმცა უმრავლესობამ, ჩანს, ეს მომენტი გამოტოვა.

მედიასაშუალებების ცნობით, საზღვრისპირა ქალაქ გორის მცხოვრებნი სახლებს ტოვებდნენ, საზღვრისპირა სოფლებიდან ქალები და ბავშვები გაიყვანეს, ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების რიგები გაჩნდა. მობილური სატელეფონო ქსელი გაითიშა. ხმა გავრცელდა, თბილისში იარაღის დარიგება დაიწყოო.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტუაციის სერიოზულობა გააცნობიერა და ხალხის დასამშვიდებლად, ტელეკომპანია "იმედის" სტუდიაში საკუთარი პრესსპიკერი გაგზავნა: არა, არანაირი რუსული ინტერვენცია არ მომხდარა და არხს მკაფიოდ უნდა მიეთითებინა, რომ ეს "ინსცენირება" იყოო. მეორე დღეს კომენტარი თავად სააკაშვილმა გააკეთა: - ფილმი უსიამოვნო იყო, მაგრამ მაქსიმალურად მიახლოებული რეალობასთან და იმასთან, რაც საქართველოს მტრებს აქვთ ჩაფიქრებულიო.

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პრეზიდენტი დაადანაშაულა, - ამ ამბის უკან უთუოდ ის იდგაო. "ეს არის კულმინაცია ფსიქოლოგიური ტერორისა, რომელსაც სააკაშვილი უკვე მეექვსე წელია, რაც საკუთარი ხალხის მიმართ ეწევა.

მასთან შეუთანხმებლად ვერც ერთი ჟურნალისტი მსგავსს ვერაფერს მოამზადებდა. ასეთი ავადმყოფური აზრი შეიძლება მხოლოდ პრეზიდენტს მოსვლოდა თავში", - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა. წარსულში ოპოზიციური არხი დღეს პრეზიდენტის რუპორადაა მიჩნეული. "იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე ერთ დროს სააკაშვილის პრესსპიკერი გახლდათ.

ინსცენირებას რუსი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. დუმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინე კოსაჩოვმა გაიხსენა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომამდელი პერიოდი: "თბილისი მაშინაც ძაბავდა სიტუაციას და ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთის ან სამხრეთ ოსეთის მხრიდან პროვოკაციები გარდაუვალი იყო".

შელახული რეპუტაციის გადასარჩენად

ჯორჯ ბუში მიხეილ სააკაშვილს ხოტბას ასხამდა, მაგრამ პრეზიდენტი ბარაქ ობამა მისდამი გულგრილია. ახლა საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში თავისი შელახული იმიჯის გამოსწორებას ძვირად ღირებული ვაშინგტონელი პიარფირმებითა და ჰოლივუდის ფილმებით ცდილობს. მაგრამ გასულ შაბათს საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულმა "მოდელირებულმა ქრონიკამ", საქართველოში ვითომდა რუსული ტანკების შეჭრის მცდელობის შესახებ, საეჭვოა, ხელი შეუწყოს საქართველოს შელახული იმიჯის აღდგენას ევროპასა და აშშ-ში. არადა, პიარძალისხმევა აუცილებელია, რადგან ერთ დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ნაფერები სააკაშვილი ახლანდელმა პრეზიდენტმა პოლიტიკურ პერიფერიაზე მოისროლა.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტისა და პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან შეხვედრის მაღალ დონეზე უზრუნველსაყოფად, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ლობირების ყველაზე ავტორიტეტულ სააგენტოს, პოდესტა გროუპ-ს მიმართა.

ფირმის ხელმძღვანელი ტონი პოდესტა, პრეზიდენტ კლინტონის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის და ობამას საარჩევნო კამპანიაში ჩართული ჯონ პოდესტას ძმაა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, პიარის სპეციალისტები კლიენტს შემდეგ მომსახურებას გაუწევენ: "სტრატეგიული კონსულტაციები დიდწილად კომუნიკაციისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ამერიკის შესაბამის აუდიტორიასთან, მათ შორის აშშ-ის კონგრესთან, ადმინისტრაციასთან, მედიასა და პოლიტიკურ წრეებთან".

ქვეყანამ მისთვის მომსახურების გაწევის მიზნით ასევე 436.800 დოლარი გადაუხადა ლობისტურ კომპანიას, რომელიც დემოკრატიული პარტიის უმრავლესობის ყოფილ ლიდერს დიკ გეპარდს ეკუთვნის. მხოლოდ 2008 წლის ზაფხულის შემდეგ, თბილისელმა მოხელეებმა ამერიკაში ლობისტური სამუშაოსთვის დაახლოებით 1.7 მლნ დოლარი დახარჯეს.

ჩNN-ის სატელიტური "ახალი ამბების" მაუწყებლის სპიკერმა SPIEGEL ONLINE-ს დაუდასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ საქართველომ  გაააქტიურა მისი გაშუქების სიხშირე ამერიკულ ტელეარხზე. შუა თებერვლიდან ქვეყანა რეგულარულად აქვეყნებს რეკლამას CNN-ზე, რომლის აუდიტორიაც დაახლოებით 100 მლნ ამერიკული ოჯახია. კარგა ხანია, რაც საქართველო აქვეყნებს ასევე სრულფორმატიან რეკლამებს ინგლისურენოვან ჟურნალ-გაზეთებში.

სააკაშვილი, რომელიც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" გმირი იყო და ერთ დროს დასავლეთის მედიას "კავკასიის კენედის" რანგში ჰყავდა აყვანილი, დღეს უცხოეთში თავს სულ უფრო იზოლირებულად გრძნობს.

საქართველოს პრეზიდენტი ობამას ინაუგურაციაზეც კი არ მიუწვევიათ. სამაგიეროდ, მის ქვეყანას წარმოადგენდა ირაკლი ალასანია, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, რომელიც იმ დროისთვის თბილისში უკვე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო ანგარიშმა სიტუაცია არა მხოლოდ ორივე მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციებს მიაწერა, არამედ დაასკვნა, რომ სააკაშვილის განცხადება, თითქოს ხუთდღიანი ომი მოსკოვმა დაიწყო, ტყუილი იყო. გარდა ამისა, ობამას დროს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა გაუმჯობესდა და საქართველოს ნატოში გაწევრება ვაშინგტონის პრიორიტეტებში აღარ შედის.

"შპიგელი", გერმანია