ევროკავშირს იმედი გაუცრუვდა - კვირის პალიტრა

ევროკავშირს იმედი გაუცრუვდა

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ თბილისსა და ბრიუსელს შორის კავშირის განსამტკიცებლად აუცილებელია შემდგომი დემოკრატიული რეფორმები.

ევროკავშირს წარსულშიც მიუნიშნებია, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში დემოკრატიის პროგრესმა იმედი გაუცრუა. მაგრამ ჟოზე მანუელ ბაროზუმ 17 მარტს შედარებით მკაცრ ტონს მიმართა და აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის ამ არასტაბილურ რესპუბლიკაში მიზნებსა და რეალობას შორის ცდომილება არსებობს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაროზუს რანგის ევროკავშირის ოფიციალური პირი საჯაროდ გამოთქვამს ეჭვს დემოკრატიისადმი თბილისის ერთგულებაზე.

ბრიუსელში ნიკა გილაურთან შეხვედრის შემდეგ ბაროზუმ განაცხადა: "ევროკავშირი იმედოვნებს, რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციაზე, ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაზე და უზრუნველყოფილი იქნება მედიის სრული თავისუფლება... პროგრესი ამ მიზნების მიღწევის გზაზე უმნიშვნელოვანესია, თუ საქართველოს სურს ევროკავშირთან დაახლოება.

ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული რეფორმის დასრულება, მათ შორისაა, რაღა თქმა უნდა, პატივისცემა მედიის თავისუფლებისადმი. ამიტომაც ვილაპარაკე მომავალი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელოვნებაზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობებისთვის".

ბაროზუმ დასძინა, რომ მომავალი არჩევნები მაისში, საქართველოს ხელმძღვანელობისთვის პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებისადმი მისი ერთგულების დემონსტრირების შესაძლებლობას“წარმოადგენს. "დარწმუნებული ვარ, საქართველო მას ხელიდან არ გაუშვებს", - განაცხადა ბაროზუმ ისეთი ტონით, რომელიც რჩევაზე უფრო დიდ მინიშნებას შეიცავდა. მან ასევე თქვა, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს ევროკავშირი ინციდენტს და საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, თავი შეიკავოს რეგიონში დაძაბულობის გამწვავებისგან.

ევროკავშირი, რომლის საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია სეპარატისტულ ტერიტორიებთან საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ პატრულირებს, ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა საქართველოში და ამ თვალსაზრისით ის მნიშვნელოვან ბერკეტებს ფლობს.

მისიის მუშაობის გაგრძელება საქართველოს პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა. თუმცა ეს სულაც არ არის ერთნაირად პოპულარული ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის. მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია შიშობენ, რომ ამან შეიძლება გაართულოს ურთიერთობა რუსეთთან, თუ თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა განახლდება. თუ დემოკრატიისადმი საქართველოს დამსახურება ისევ იზარალებს, მაშინ შეიძლება მისიამ მუშაობა შეწყვიტოს შემოდგომაზე, როდესაც მისთვის ვადის გაგრძელება ისევ საკამათო გახდება.

გილაურის ვიზიტს მხოლოდ ერთი პატარა გამარჯვება მოჰყვა - ევროკავშირი ისევ ჰპირდება საქართველოს, რომ ზაფხულის დასაწყისში ხელი მოეწერება შეთანხმებას სავიზო რეჟიმის შემსუბუქების შესახებ. ეს ევროკავშირის ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომსა და იაფს გახდის და ამ თვალსაზრისით ქვეყანა რუსეთთან, უკრაინასა და მოლდავეთთან თანაბარ პირობებში ჩადგება.

"ტელეგრაფი", დიდი ბრიტანეთი