ბელორუსია არ ჩქარობს - კვირის პალიტრა

ბელორუსია არ ჩქარობს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი არ განიხილება ბელორუსიის ეროვნული კრების საგაზაფხულო სესიაზე, - განაცხადა პარლამენტის ქვედა პალატის საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე სერგეი მასკევიჩმა.

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აღიარა ცხინვალი და სოხუმი, კამათი არ წყდება, არიან თუ არა მზად ბელორუსები რუსი მოკავშირეების მისაბაძად. ბელორუსიის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა ვენესუელაში, რომელმაც 2009 წლის შემოდგომაზე ერთ-ერთმა პირველმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ ბელორუსიის ლიდერი თავის კოლეგა უგო ჩავესთან სხვა საკითხებს, უპირველესად, ნავთობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობას განიხილავდა.

ახლახან ცხინვალისა და სოხუმის აღიარების პრობლემებზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლ. პუტინმა. "რუსეთში ელოდნენ, რომ ბელორუსია სწრაფად, ენერგიულად და ეფექტიანად დაგვიჭერდა ამ საკითხში მხარს. მაგრამ ასე არ ხდება. მინსკს ეშინია, რომ ახალი კავკასიური რესპუბლიკების აღიარებით ზიანს მიაყენებს თავის დიალოგს ევროკავშირსა და აშშ-თან. მსოფლიო ფინანსური კრიზისის პირობებში ბელორუსიამ დიდი საგარეო კრედიტები აიღო, მათ შორის 3 მლრდ დოლარზე მეტი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. სხვათა შორის, ამაში რუსეთის წვლილიც არის  - საერთაშორისო სავალუტო ფონდის კაპიტალში რუსეთის ფედერაციის ფულიც არის, - განაცხადა პუტინმა.

ბელორუსი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვლ. პუტინის ნათქვამში იგრძნობოდა დაუფარავი საყვედური მინსკის მიმართ, რომელმაც არ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. პოლიტოლოგ ო. აბრამოვას აზრით, "პუტინმა გადაკვრით მიანიშნა, რომ 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსკოვი უარს ეტყვის ლუკაშენკოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე. დამოუკიდებელ ბელორუს პოლიტოლოგებს მიაჩნიათ, პუტინის გადაკრული ნათქვამი მინსკს ვერ აიძულებს, დაუყოვნებლივ აღიაროს ცხინვალი და სოხუმი. ლუკაშენკოს სურს, დასავლეთს დაანახოს, რომ რუსეთის დაკრულზე არ ცეკვავს.

"ვრემია ნოვოსტეი", რუსეთი