დასავლეთი გმობს სამხედრო მისტიფიკაციას - კვირის პალიტრა

დასავლეთი გმობს სამხედრო მისტიფიკაციას

დასავლეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა დაგმეს საქართველოს "ახალ ამბებში" გასული ცნობა იმის შესახებ, თითქოს დედაქალაქში რუსული ტანკები შეიჭრნენ, რასაც დიდი აურზაური მოჰყვა და რამაც გააშიშვლა მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარების ოპოზიციურ მცდელობათა გარშემო არსებული უთანხმოება.

ხანმოკლე შოკს ამ გადაცემის უკან მდგარ პოლიტიკურ მაქინაციებზე ბრალდებები მოჰყვა. პროსამთავრობო ტელეარხ "იმედის" ეთერში გასულ 20-წუთიან გადაცემას ოპოზიციის ლიდერებსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შორის კონტაქტის შესაძლო შედეგი უწოდეს.

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის, პიტერ სემნების აზრით, ამგვარი ტრიუკები ხელს არ უწყობს საქართველოს და ზოგადად რეგიონის სტაბილურობას. "ეს, ალბათ, პოლიტიკურ უთანხმოებას გააღრმავებს. შესაძლოა, გადაცემა  სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა", - განაცხადა მან.

ამ ცრუ "ახალ ამბებში" ჩართვის გამო ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩებმა მრისხანე განცხადებები გამოაქვეყნეს.

საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფმა და მისმა ფრანგმა კოლეგამ, ერიკ ფურნიემ ტელეკომპანია "იმედის" ბოდიში დაგმეს. არხმა მათი კომენტარები, სამწუხაროდ, ცნობილ გადაცემაში გამოიყენა.

ბატონმა კიფმა კომპანია მის, როგორც ელჩის, მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა, როდესაც ამ გადაცემაში მისი კადრები გამოიყენა. ელჩმა ასევე გააპროტესტა ისიც, თითქოს იგი ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა ეს არარსებული კრიზისი გორდონ ბრაუნთან განიხილა. "მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ არც მე და არც დიდი ბრიტანეთის მთავრობას არ გვქონია არანაირი ჩართულობა ან ზოგადად წარმოდგენა ამ უპასუხისმგებლო პროგრამის მომზადებაზე, რომელმაც ყოვლად უმიზეზოდ შეაშფოთა ქართველი საზოგადოება", - ნათქვამია მის განცხადებაში.

ბატონმა კიფმა მოითხოვა, ტელეკომპანია "იმედმა" ეთერში რაც შეიძლება სწრაფად განმარტოს, რომ ეს კადრები ყალბი იყო და მისი თანხმობის გარეშე გადაიცა. "მთელი ეს ეპიზოდი საქართველოში თავისუფალი მედიის რეპუტაციაზე ცუდად აისახა", - განაცხადა მან.

ბატონი ფურნიე "იმედში" გაგზავნილ წერილში გაოცებას გამოთქვამდა და მოითხოვდა მისი გამოსახულების თანმხლები კომენტარების თარგმანს. მან გადაცემა დაგმო და მას "პროფესიონალური ჟურნალისტიკის სტანდარტებისგან ძალიან დაშორებული" უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ არხი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოქმედებდა, როდესაც ოპოზიციის ლიდერებს ფიქციური ინტერვენციის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა სააკაშვილი დაადანაშაულა, რომ წინადღის ცილისწამების უკან სწორედ ის იდგა და განაცხადა, რომ "ამ ცრუ ახალი ამბებით მთელი დასავლური სამყარო აღშფოთებულია".

"იმედის" გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მოკავშირეა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პროგრამის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა, თუმცა თავდაპირველად ის დაიცვა, როგორც "მაქსიმალურად მიახლოებული იმასთან, რაც შეიძლება მოხდეს და რაც ქვეყნის მტრებს აქვთ ჩაფიქრებული".

ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ განაცხადა, რომ იმ დღის ეთერს საქართველოს და რუსეთის ჯარებს შორის შეეძლო კონფლიქტის პროვოცირება. რუსეთის არმია სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს მეორე აჯანყებულ რეგიონში, აფხაზეთშია დისლოცირებული. მისია საქართველოს და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის პირობებს აკონტროლებს. "უპასუხისმგებლო ეთერს სასაზღვრო ზოლთან სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის პოტენციალი აქვს. შეიძლებოდა საშიში და მასშტაბური ინციდენტები მომხდარიყო", - ნათქვამია მისიის განცხადებაში.

"ტაიმსი", დიდი ბრიტანეთი