საქართველომ ჩერქეზთა გენოციდი უნდა აღიაროს? - კვირის პალიტრა

საქართველომ ჩერქეზთა გენოციდი უნდა აღიაროს?

20-21 მარტს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კავკასიური კვლევების საერთაშორისო სკოლისა და ფონდ ჯამეს ტოწნ ფოუნდატიო-ის თაოსნობით ჩატარდა კონფერენცია "მიჩქმალული ერები.

დანაშაულები გრძელდება: ჩერქეზები და ჩრდილო კავკასიის ხალხები წარსულსა და მომავალს შორის". ღონისძიებას ესწრებოდნენ კავკასიურ პრობლემებზე მომუშავე ანალიტიკური ცენტრების, პოლიტიკური და სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომლები და ჩერქეზეთის სათვისტომოების წარმომადგენლები. კონფერენციის მუშაობის კულმინაცია იყო ჩერქეზთა მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი მეფის რუსეთის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების თხოვნით.

ცხადია, თუ საქართველო ჩერქეზების მასობრივ მკვლელობებს გენოციდად აღიარებს, ეს რუსეთს გააცოფებს, რაც რუსეთ-საქართველოს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას გააუარესებს. რუსეთის განრისხებად რომ ღირდეს, ისეთს განა რას მოიგებს თბილისი ამ აღიარებით? რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა 1994 წელს კი თქვა, მეფის რუსეთის ძალადობასთან ჩერქეზების წინააღმდეგობა მართებული იყოო, მაგრამ ამ გენოციდში "მეფის მთავრობის ბრალეულობა" არ უღიარებია.

2006 წლის ოქტომბერში რუსეთის, თურქეთის, ისრაელის, იორდანიისა და სხვა ქვეყნების ჩერქეზეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნეს წერილი ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარების თხოვნით. ჯერჯერობით ყველა დუმს. ახლა ეს საკითხი მჭიდროდ გადაეჯაჭვა სოჭში ზამთრის ოლიმპიადას, რომლის ჩატარების წინააღმდეგაც ილაშქრებს ბევრი ჩერქეზი - სოჭი და ჩრდილო კავკასიის სხვა ტერიტორიები, სადაც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, ჩერქეზთა სისხლით არის მორწყულიო.

თავის პროტესტს ისინი სხვადასხვაგვარი ფორმით გამოხატავენ - მიმართვას უგზავნიან მთავრობებსა და საერთაშორისო სამართალდამცავ და ბუნების დაცვის ორგანიზაციებს; საზოგადოების ინფორმირების მიზნით ატარებენ საჯარო კამპანიებს ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტგვერდებზე. ენთუზიასტთა ნაწილმა ჩაუშვა საიტი სახელწოდებით ნო სოცჰია 2014, სადაც აღნიშნულია, რომ სწორედ 2014 წელს სრულდება ჩერქეზთა გენოციდის 150 წლისთავი.

რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის შედეგად დაზარალებულთა შორის მუსლიმანი აფხაზებიც იყვნენ. საქართველოს შავი ზღვისპირეთის სამხრეთში მცხოვრებ აფხაზებსა და ჩერქეზებს მსგავსი ენა აქვთ, მაგრამ ისტორიულად და კულტურულად ისინი იმავე მიწებზე მცხოვრებ ქართველებთან არიან მჭიდროდ დაკავშირებულნი. როცა თურქ-ოსმანებმა მე-16 საუკუნეში დასავლეთ საქართველო დაიპყრეს, აფხაზებმა ისლამიზაცია განიცადეს. ბევრმა დეპორტირებულმა აფხაზმა თავშესაფარი აჭარაში პოვა, სადაც იმხანად ძირითადად მუსლიმანი ქართველები ცხოვრობდნენ.

2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ, რასაც მოჰყვა ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია, თბილისმა ჩრდილო კავკასიასთან კონტაქტების დამყარების მცდელობა გაააქტიურა. შეიქმნა პარლამენტის ფრაქციათაშორისი ჯგუფი, საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიაში გაიხსნა პირველი კავკასიური არხი, რომლის მიზანია ჩრდილოეთ კავკასიასა და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მსმენელთა ინფორმირება.

საქართველოს პარლამენტმა უკვე მოუწოდა "ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს და ხალხებს", აღიარონ "საქართველოსა და კავკასიელ ძმებს შორის მეგობრული და გულითადი ურთიერთობების მნიშვნელობა". მართალია, "პირველი კავკასიური" თითქოსდა რუსეთის ზეწოლით მოიხსნა საინფორმაციო ბადიდან, მაგრამ საზოგადოებრივ ტელევიზიას იმედი აქვს, რომ მოკლე ხანში შეძლებს თავისი რუსულენოვანი არხის დაბრუნებას, რომელიც ფრანგული თანამგზავრით გადიოდა ეთერში.

რუსეთის დისიდენტები და უფლებადამცველები დღეს უწინდელზე ხშირად სტუმრობენ თბილისს. აშკარაა, იმიტომ, რომ ისინი აქტიურად ამხელენ ჩრდილოეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების დარღვევის აღმაშფოთებელ ფაქტებს. ლოგიკური იქნებოდა ჩერქეზული გენოციდის აღიარება, რაც საქართველოს, როგორც "კავკასიური საქმის" დამცველს, გაუმყარებდა იმიჯს არა მარტო ჩერქეზების, არამედ ჩრდილო კავკასიის სხვა მცირე ხალხების თვალშიც. მაგრამ თუ საქართველოს უფრო მეტი უნდა, ვიდრე პიარის დარგში წარმატება, სხვა, დამატებით ზომებზეც უნდა იფიქროს. უნდა იმოქმედოს სხვა ქვეყნებთან შეთანხმებით, უმთავრესად, მათთან, სადაც ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

როგორც მე-19 საუკუნეში  მეფის რუსეთის მხეცობანი, მე-20 საუკუნის 40-იან წლებში სტალინის ბრძანებით, ჩეჩნების, ინგუშების და სხვა ხალხების მასობრივი დეპორტაცია, ასევე 21-ე საუკუნეში აფხაზეთსა და ცხინვალში ქართველების ეთნიკური წმენდა ერთი და იმავე იმპერიალისტური პოლიტიკის ჯაჭვის რგოლია.

"ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენი", აშშ