ნატო საქართველოს მოთმინებას ურჩევს... - კვირის პალიტრა

ნატო საქართველოს მოთმინებას ურჩევს...

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში ჩავიდა, რათა ნატოს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვედროდა და შეეხსენებინა, რომ

თბილისში ჯერ კიდევ აქვთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული ინტეგრაციის იმედი. თუმცა პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ ნატოში საქართველოს ჯერ არ ელიან.

"ყველაფერი დამოკიდებული იქნება რეფორმების პროგრესზე. ჩვენ თითოეულ ქვეყანას ინდივიდუალურად განვიხილავთ", - დიპლომატიურად განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ქართველ სტუმრებთან მოლაპარაკებების შემდეგ. მან უპასუხოდ დატოვა კითხვა, სავარაუდოდ, როდის გახდება შესაძლებელი თბილისის მიერთება "ნატოს სამოქმედო გეგმასთან".

სააკაშვილის ბრიუსელში ჩასვლის წინ მისი თანაგუნდელები ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებდნენ - ქვეყანა ორ-სამ წელიწადში ალიანსში შესასვლელად მზად იქნებაო.

ნატოს შტაბბინაში სააკაშვილი 2010 წელს ალიანსთან თანამშრომლობის გეგმის განსახილველად გაემგზავრა. ამ გეგმაში ქართული მხარე ქვეყნისა და არმიის ნატოს სტანდარტების შესაბამისად რეფორმების მზადყოფნას ადასტურებს. დოკუმენტის პირველი ვარიანტი ჯერ კიდევ იანვარში წარუდგინეს ბრიუსელს, მაგრამ მის ავტორებს ნატოელი მეგობრების შესწორებების გათვალისწინება მოუხდათ. ვარაუდობდნენ, რომ სააკაშვილი ბრიუსელში ახალი ინიციატივებით გამოვიდოდა.

ადრე მან უკვე შესთავაზა ალიანსს - დერეფანი გაეკეთებინა და საქართველოსა და ცენტრალური აზიის ტერიტორია გამოეყენებინა ავღანეთში იარაღისა და აღჭურვილობის გასატანად. ქართველმა პოლიტოლოგებმა პრეზიდენტის გეგმებს ეჭვის თვალით შეხედეს. სამხედრო ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა: - საქართველოს შესვლა ალიანსში ნატოს პრიორიტეტებს აღარ მიეკუთვნებაო.

"ასეთი საუბრები წყლის ნაყვას ჰგავს, - მიიჩნევს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი, - ეს უკვე ყველამ შეიგნო, ხელისუფლების გარდა. ჩვენ ისედაც დავკარგეთ ტერიტორიის ნაწილი და თუ კიდევ გავაგრძელებთ ნატოში ინტეგრაციის მცდელობას, უფრო მეტს დავკარგავთ". მათ კვერს უკრავენ ოპოზიციონერები. "ამ თემას არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, გარდა ახლანდელი ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე "კეკლუცობისა", - აცხადებს ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელი.

ამ მოსაზრებებს მეტ-ნაკლებად დასავლეთშიც იზიარებენ. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ სააკაშვილის ვიზიტის წინ დაუფარავად განაცხადა: - ნატოში საქართველოს მიღება ხვალინდელი დღის საკითხი არ არისო და დასძინა, - ნატოს გენერალური მდივნის სურვილია, საქართველოში რეფორმებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

გარდა ამისა, აპატურაიმ "უგუნური და უსარგებლო" უწოდა 13 მარტს ტელეკომპანია "იმედის" მიერ მომზადებულ ცრუ საინფორმაციო გამოშვებას საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრის შესახებ და თქვა, - ნატო ამ სიუჟეტს პოზიტიურად არ აფასებსო.

"იზვესტია", რუსეთი