განაჩენი გამოტანილია - კვირის პალიტრა

განაჩენი გამოტანილია

25 მარტს ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომელსა და მის მიერ გადაბირებულ

რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს.

საქართველოს ჯაშუშთა ქსელი რფ-ის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა 2008 წლის 12 აგვისტოს გამოააშკარავა. მისი მონაცემებით, არალეგალურმა აგენტმა, საქართველოს ოპერატიული სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაზა ხერკელაძემ, რომელიც  2007 წლიდან ყალბი პასპორტით მუშაობდა ჩრდილოეთ ოსეთში, შექმნა აგენტთა ქსელი რუსეთის სამხედროებზე მონაცემების შესაგროვებლად და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სათვალთვალოდ.

რუსეთის არმიის პოდპოლკოვნიკი ხვიჩა იმერლიშვილი ხერკელაძეს სამხედრო მონაცემებს აწვდიდა და საქართველოს დაზვერვის ქსელისთვის რუსი ოფიცრებიდან არჩევდა სასურველ კანდიდატურებს. რუსეთის სამხედრო პოდპოლკოვნიკი მარლენ ბოგდანოვი (ბალაშვილი) - ფე-ეს-ბეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებსა და სამხრეთ ფედერალური ოლქის სამხედრო ობიექტების შესახებ მონაცემებს აწვდიდა. 2007 წლის დეკემბერში მარლენ ბოგდანოვმა იმერლიშვილს მიაწოდა ცნობები რუსეთის სამხედრო სადაზვერვო ორგანოების საქმიანობის შესახებ. იმერლიშვილმა კი ის საქართველოს გადაუგზავნა. 2008 წლის აპრილში პოდპოლკოვნიკები მოსკოვის ერთ-ერთ აეროპორტში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ბოგდანოვმა იმერლიშვილისაგან ჯილდოდ 3 ათასი დოლარი მიიღო.

უშიშროების ფედერალური სამსახურის ვერსიით, ჯგუფის წევრი, რფ-ის მოქალაქე ალხანიშვილი აგროვებდა მასალებს ქართველებზე, რომლებიც მუშაობდნენ ჩეჩნეთსა და ინგუშეთის სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამართალდამცავ ორგანოებში. ჩეჩენი რამზან თურქოშვილი კი თითქოს ინგუშეთსა და სამხრეთ რუსეთის სხვა რეგიონებში იატაკქვეშა ბანდდაჯგუფებებს ქმნიდა.

სასამართლომ ბოგდანოვი და იმერლიშვილი დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს ღალატში. ბოგდანოვს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იმერლიშვილს - 13-წლიანი. ხერკელაძეს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის საგარეო უსაფრთხოების საზიანოდ ჯაშუშობა, იგი 11-წლიან პატიმრობას მოიხდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

"კომერსანტი", რუსეთი