საქართველოს ადანაშაულებენ... - კვირის პალიტრა

საქართველოს ადანაშაულებენ...

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა საქართველო ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის შეიძლება მოსკოვის მეტროს სადგურებზე მომხდარ აფეთქებებში იყოს ჩართული.

ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილმა უფროსმა პატრუშევმა შეკითხვაზე, ამ ტერორისტულ თავდასხმებში გარე ძალების მონაწილეობის შესახებ, საქართველო და მისი პროდასავლელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახსენა: "ყველა შესაძლო ვერსია უნდა შემოწმდეს.

მაგალითად, საქართველოსთან და მის ლიდერთან სააკაშვილთან დაკავშირებული ვერსიაც, რომლის საქციელიც არაპროგნოზირებადია. მან ომი ერთხელ უკვე გააჩაღა, შესაძლებელია, იგივე გაიმეოროს. ჩვენ გაგვაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ზოგიერთ წარმომადგენელს კავშირი ჰქონდა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩვენ ეს უნდა შევამოწმოთ მოსკოვის ტერაქტებთან დაკავშირებითაც".

პატრუშევი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს ცხრა წელი ხელმძღვანელობდა. 2008 წლის მაისში, სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთ-საქართველოს ომის გაჩაღებამდე სამი თვით ადრე ის პრეზიდენტმა მედვედევმა უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა.

უშიშროების საბჭოს ფორმალურად პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, მასში შედიან: პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე რუსეთის უშიშროების სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები. ომის შემდეგ მედვედევმა სააკაშვილთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა და მას დამნაშავეს უწოდებს.

პატრუშევის განცხადებები იმის თობაზე, რომ ქართველი ჩინოსნები შეიძლება რუსეთში ხელს უწყობდნენ ტერორიზმს, სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს.

ბრალდებები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტერორისტმა თვითმკვლელებმა დაღესტანში ორი აფეთქება განახორციელეს. დაიღუპა 12 კაცი, მათ შორის 9 პოლიციელი, დაშავდა - 23. მსხვერპლთა შორისაა ადგილობრივი პოლიციის უფროსი ვიტალი ვედერნიკოვი. ტერორისტული აქტი ქალაქ ყიზლარში, დაღესტან-ჩეჩნეთის საზღვრის ახლოს მოხდა, სადაც ისლამისტი მებრძოლები რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან ხანგრძლივ პარტიზანულ ბრძოლებს ეწეოდნენ.

მუსლიმანურ დაღესტანში წლების განმავლობაში ძალადობაა გამეფებული, თუმცა დიდწილად ეს ადგილობრივი კლანების დაპირისპირების შედეგია და არა ისლამისტი სეპარატისტების ბრძოლისა.

ახლახან მედვედევმა ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ სიტუაციაზე დაკვირვებისთვის იქ პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი დანიშნა. მისი თქმით, სეპარატისტები მთელ რეგიონს "ავთვისებიან სიმსივნესავით" მოედვნენ.

"ტაიმსი", დიდი ბრიტანეთი