თბილისი მოსკოვს არაკომპეტენტურობას აბრალებს - კვირის პალიტრა

თბილისი მოსკოვს არაკომპეტენტურობას აბრალებს

საქართველოს ხელისუფლებამ დაბეჯითებით უარყო რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის პატრუშევის განცხადება მოსკოვის ტერაქტებში "ქართული კვალის" შესაძლო არსებობის შესახებ.

ოფიციალურმა თბილისმა ამის თაობაზე თქვა, - რუსეთის ხელისუფლება საკუთარ არაკომპეტენტურობაზე პასუხისმგებლობას სხვას ნუ გადააბრალებსო. ამასთან, საქართველო მზად არის ტერაქტების გამოძიების საქმეში ითანამშრომლოს რუსეთთან.

"პატრუშევი და სხვა მაღალჩინოსნები ადრეც აბრალებდნენ საქართველოს ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათ შორის "ალ-ქაიდასთანაც", მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ასეთი ინსინუაციები, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, - საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის სრულუფლებიანი წევრია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში". რასაკვირველია, ბ-ნი ჯალაღანია გულისხმობდა ათასამდე ქართველი სამხედროს მონაწილეობას ავღანეთში ნატოს ოპერაციებში.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი უარყოფს რა მოსკოვის ტერაქტში ოფიციალური თბილისის მონაწილეობას, ამბობს: "თუ უწინ რუსეთი ყველაფერში ებრაელებს ადანაშაულებდა, ახლა მათი ადგილი ქართველებმა დაიკავეს. ქართველებზე ყველაფრის გადაბრალება მოდური გახდა.

მიუხედავად ამისა, არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ როგორც რუსებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რადგან ტერორიზმს ბოროტებად მივიჩნევთ და ვგმობთ მას. ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტერაქტებში, უნდა დაისაჯოს. საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიაში პრობლემები არ სჭირდება".

საქართველოს ხელისუფლების მოსკოვთან თანამშრომლობის სურვილი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციამდე რუსეთთან სალაპარაკო არაფერი გვაქვსო, შეიძლება დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ რუსეთიდან მომდინარე ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საშიშროებასთან, არამედ ისეთი ავტორიტეტული პოლიტიკოსების რეკომენდაციებთან, როგორებიც არიან სტრობ ტელბოტი და ხავიერ სოლანა.

თბილისში ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და ევროკავშირის ყოფილი დიდმოხელეები მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი, "ოქროს საწმისის" ორდენით დააჯილდოვა საქართველოს სუვერენიტეტში წვლილის შეტანისა და ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის. ხავიერ სოლანამ სამადლობელ სიტყვაში ქართული მხარისთვის სასურველი ტერმინების,  "რუსული ოკუპაციისა და ანექსიის" ხმარების შემდეგ ოფიციალურ თბილისს მოსკოვთან დიალოგის დაწყება ურჩია.

ამით მან ფაქტობრივად მართებულად მიიჩნია ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის ქმედებები, რომლებიც მოსკოვთან ურთიერთობის მოწესრიგობას ცდილობდნენ და გააწბილა სააკაშვილი, რომელიც  იმ ოპოზიციონერებს "ერის მოღალატეებს" უწოდებს.

ასე რომ, პატრუშევის განცხადებამ საქართველოს ხელისუფლებას სულზე მოუსწრო: ის რამდენიმე კურდღლის დაჭერას  შეძლებს მოსკოვთან თანამშრომლობის მზადყოფნის გამოცხადებით და ოპოზიციის პრორუსული საქმიანობის აბუჩად აგდებასაც მოახერხებს. დასავლეთის რეკომენდაციასაც გაითვალისწინებს და კიდევ ერთხელ დაადანაშაულებს რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესიულ ზრახვებში, თუ ის უარს ეტყვის თბილისს მოსკოვის მეტროში ტერაქტების გამოკვლევაში მონაწილეობაზე.

"კომერსანტი", რუსეთი