ნეტავ, ერთმანეთი არ ამოჟუჟონ... - კვირის პალიტრა

ნეტავ, ერთმანეთი არ ამოჟუჟონ...

დათოვლილი კავკასიონის ქედისკენ მიმავალი მიხვეულ-მოხვეული გზა ქართული ბლოკპოსტის ბეტონის ფილებს ებჯინება. იქვე, 800 მეტრში - რუსეთის ბლოკპოსტია, იმის იქით ათამდე ბრეზენტის კარავი დგას.

მათ შორის ბუფერული ზონაა. ჩვენთან "რუსული შვეულმფრენები ყოველ კვირას შემოფრინდებიან ხოლმე, უკვე მივეჩვიეთ ამას", - ამბობს  ერთი ოფიცერი. "ახლა კი სიწყნარეა, მაგრამ ხანდახან იქითა მხრიდან სროლის ხმა ისმის. ეტყობა, თვრებიან და ჰაერში ისვრიან, - აგრძელებს მეორე, - თუმცა ერთი თვის წინ, 13 მარტს, "იმედის" რეპორტაჟის შემდეგ, ნათესავებმა აგვიკლეს ტელეფონებით - ცოცხლები თუ ხართ, ნუთუ კვლავ რუსების ტანკები გამოჩნდნენო".

ქართველი სამხედროების აზრით, ახალი ომი თუ დაიწყო, სწორედ ახალგორიდან დაიწყება: ყველაზე მეტი რუსეთის ჯავშანტექნიკა ხომ აქ დგას. "თუ რუსეთს ახალი ომი არ უნდა, ჩვენს საზღვრებთან ასე რატომ იარაღდება? იქმნება მე-4 გაერთიანებული რუსეთის სამხედრო ბაზა, სადაც დადგება 3700 ჯარისკაცი და ოფიცერი, მე-7 გაერთიანებული ბაზა აფხაზეთშია. რეგიონში ბევრი იარაღია, ადრე თუ გვიან ის გაისვრის", - ამბობს სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი.

ქართველებს სამხრეთოსეთელი ექსპერტის ზაურ ალბოროვის განცხადება რომ მოესმინათ, კიდევ უფრო გაუძლიერდებოდათ რუსეთის მხრიდან გარდაუვალი თავდასხმის ეჭვი.

ზაურ ალბოროვი "იმედის" სიუჟეტის გამოსვლამდე ჟურნალისტებს არწმუნებდა, დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად დაგეშილი ქართველების დაშოშმინება მხოლოდ პრევენციული დარტყმებით - ქართველ ძალოვანთა მეთაურების განადგურებით, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოსპობით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ ბუფერული ზონების შექმნით შეიძლებაო.

საქართველოსთან ორი ომის ვეტერანი, სამხრეთ ოსეთის სახალხო პარტიის ლიდერი კაზიმირ პლიევი ამ ნათქვამს ბოდვას ეძახის. ამბობს, რესპუბლიკაში ახლა სხვა პრობლემებიც საკმარისიაო: "მეშინია, ერთმანეთი არ ამოვჟუჟოთ - მოსახლეობას იარაღი უხვად აქვს, ნაღმტყორცნებიც და ავტომატური ხელყუმბარებიც, ერთიანობა კი არა". და მართლაც, სამხრეთ ოსეთში დაუნდობელი შიდაპოლიტიკური ბრძოლაა გაჩაღებული.

ერთი მხრიდან - მოქმედი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, რომელსაც მხარს უჭერენ პარტია "ედინსტვო", სახალხო პარტია და ომის მონაწილეთა ძირითადი მასა, მეორე მხრიდან - "არაკონსტრუქციული ოპოზიცია", რომელსაც ცხინვალში "მოსკოვურს" უწოდებენ. "მოსკოვურს" იმიტომ, რომ თითქმის ყველა მისი ლიდერი უმეტეს დროს რუსეთის დედაქალაქში ატარებს. მისი სული და ქისა ალბერტ ჯუსოევი გახლავთ.

კოკოითის მომხრეები "მოსკოვურს" საქართველოსთან კავშირში ადანაშაულებენ ზუსტად ისევე, როგორც სააკაშვილი ცდილობს თავის ოპოზიციონერებს მოსკოვის დამქაშობა დააბრალოს. ალან ჯიკაევი სულ ცოტა ხნის წინ სამხრეთოსური ოპოზიციის იდეოლოგად ითვლებოდა, მაგრამ ახლა კოკოითის მხარეს გადავიდა და საჯაროდ ირწმუნებოდა, ოპოზიცია ფერად რევოლუციას გეგმავსო.

თემურ ცხოვრებოვი იმ მცირერიცხოვან ოპოზიციონერთაგანია, ვინც ოსეთიდან უსაფრთხო მოსკოვში არ გადასახლდა. ის ამტკიცებს, რომ სწორედ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი პოლიტიკურ დესტაბილიზაციაზე. ის "ნებისმიერ პროტესტს სისხლის სამართლის საქმის შექმნით პასუხობს. ოპოზიციური გაზეთის რედაქტორმა ფატიმა მარგიევამ შარშანდელი ბიუჯეტის გამოქვეყნება მოითხოვა, ამის პასუხად მისი სახლი გაჩხრიკეს, სისხლის სამართლის საქმე შეუთითხნეს ბინაში იარაღის აღმოჩენის გამო და სასამართლოს გადასცეს.

კაზიმირ პლიევი კი ამ დაპატიმრებაში პოლიტიკურ ქვეტექსტს ვერ ხედავს. "ჩემმა ნათესავმა ახალ წელს ჰაერში ისროლა და დაიჭირეს, პირობითი ოთხი წელი მიუსაჯეს, არადა ომში იბრძოდა. მისი გასამართლება შეიძლება და იმ ქალბატონისა არა?" - ამბობს პლიევი, რომლის საწოლის ქვეშიდან კალაშნიკოვის ლულა იმზირება, საწოლის გვერდით, ტუმბოზე კი ვალერიანის წვეთები და კორვალოლი დევს, იქვე კი ავტომატის მჭიდებია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი სხვადასხვა კალიბრის ტყვიებითაა სავსე, აშკარაა, კალაშნიკოვი ამ საწოლის ქვეშ ერთადერთი არ უნდა იყოს.

"ნიუსვიკი", აშშ