საქართველოს ოპოზიციის მარცხისთვის ამზადებენ - კვირის პალიტრა

საქართველოს ოპოზიციის მარცხისთვის ამზადებენ

პოსტსაბჭოთა საქართველოში არჩევნები მღელვარების გარეშე იშვიათად ტარდება. საქართველოს ოპოზიციურ ძალთაგან ექსპრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" პირველი იყო, ვინც ხელისუფლების ადგილობრივი არჩევნებისათვის მზადების სააგიტაციო პერიოდში პრობლემებს წააწყდა.

ორგანიზაციის ლიდერებმა ვერ შეძლეს ამომრჩევლებთან შეხვედრა დასავლეთ საქართველოში. ზუგდიდში შეხვედრა ჩაშალეს ოპოზიციონერთა აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოსყიდულმა ადგილობრივებმა, სენაკში კი პოლიციასთან მოხდა შეჯახება. ნოღაიდელის თანამებრძოლების, ოპოზიციის ლიდერების - ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის აზრით, ამ ინციდენტმა ცხადყო, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

ამომრჩევლებთან შეხვედრების ჩაშლა კი დასტურია, რომ ხელისუფლებას ამ მოძრაობისა ეშინია. ზუგდიდსა და სენაკში მოსალოდნელი ექსცესები ნოღაიდელმა წინასწარ ივარაუდა და ჟურნალისტებს განუცხადა, - შევიტყვე, რომ დასავლეთ საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაემგზავრა სიტუაციის გასაკონტროლებლადო. დაქსაქსულ ოპოზიციურ სპექტრს, რომელმაც ვერ შეძლო, ან უფრო სწორად, არ მოისურვა 30 მაისს არჩევნებზე ერთიანი გუნდით გასვლა, დასავლეთ საქართველოში მომხდარი ინციდენტები მაინცდამაინც მკაცრად არ შეუფასებია - "პრორუსული" ნოღაიდელისგან სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა შორს დაიჭირა თავი.

თანაც ზუგდიდისა და სენაკის შეტაკებებზე მეტად ოპოზიცია საერთაშორისო ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა ააღელვა. მათი მონაცემებით, ოპოზიციას 30 მაისს თბილისის მერის არჩევნებში მოგების მცირეოდენი შანსიც არ გააჩნია. ახლა რომ არჩევნები ტარდებოდეს, ამჟამინდელი ქალაქისთავი გიგი უგულავა ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებდა, მისი რეალური მეტოქე ირაკლი ალასანია კი ორჯერ ნაკლებს. დანარჩენ პოლიტიკოსთა შედეგები იმდენად უმნიშვნელოა, რომ სათქმელადაც არ ჩათვალეს.

IRI-ს მეორე გამოკითხვამ სააკაშვილის პოპულარობის მკაფიო აღმასვლა დააფიქსირა - 40%-ზე მეტმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ის ოპტიმალური პრეზიდენტია. ირაკლი ალასანიას და შალვა ნათელაშვილის პოპულარობამ 5%-ს ძლივს მაღწია. IRI-ის მონაცემებმა ოპოზიცია ააღელვა - მაისში არჩევნების ტოტალურად გასაყალბებლად ხელისუფლება საზოგადოებრივ აზრს ამზადებსო. გამოკვლევების შედეგებმა ნოღაიდელს დასავლეთ საქართველოში წარუმატებელი მოგზაურობაც კი დაავიწყა. "სააკაშვილს ვაფრთხილებ, კიდევ თუ გააყალბებს არჩევნებს, ხელ-ფეხს დავამტვრევო", - თქვა მან.

ექსპერტებს კი ამ გამოკითხვის შედეგები მაინცდამაინც არ გაჰკვირვებიათ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს: "ელექტორატს ალტერნატივას არავინ სთავაზობს, არც აზრიან პროგრამებს. გამოირკვა, რომ ოპოზიციონერთა ერთობლივი ლოზუნგია "წავა სააკაშვილი და ყველაფერი მოგვარდება. ეს კი საკმარისი არ არის."

"ნეზავისიმაია გაზეტა", რუსეთი