კატინის ტრაგედიის ახალი მსხვერპლი - კვირის პალიტრა

კატინის ტრაგედიის ახალი მსხვერპლი

10 აპრილს, სმოლენსკთან, ავიაკატასტროფა განიცადა თვითმფრინავმა "ტუ-154"-მა, რომელიც ვარშავიდან სმოლენსკში მიფრინავდა. თვითმფრინავში იმყოფებოდა პოლონეთის დიდი დელეგაცია პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მეთაურობით. ისინი კატინში სამგლოვიარო ღონისძიებას უნდა დასწრებოდნენ.

პრეზიდენტის თვითმფრინავს ნისლის გამო რამდენჯერმე შესთავაზეს, მოსკოვში ან მინსკში დაშვებულიყო, მაგრამ პილოტებმა მაინც სმოლენსკის მახლობლად აეროპორტი "სევერნი" არჩიეს.

თვითმფრინავი ოთხჯერ შეეცადა დაჯდომას, მაგრამ ხის წვეროებს წამოედო, ასაფრენ-დასაშვებ ბილიკს დაენარცხა, სამად გაიპო და ცეცხლი წაეკიდა. თვითმფრინავში მყოფი 97 კაციდან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. ლაინერში პოლონეთის პრეზიდენტის გარდა, იმყოფებოდნენ მისი მეუღლე მარია კაჩინსკა, ეპისკოპოსი თადეუშ პლოსკი, პოლონეთის ნაციონალური უსაფრთხოების ბიუროს მეთაური ალ. შჩიგლო, გენშტაბის მეთაური, გენერალი ფრ. გონგორი, ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელი სლ.  სკშიპეკი, სენატის ვიცე-სპიკერები: კშ. პუტრა, კ. ბოჩენეკი, ომბუდსმენი ი. კოხანოვსკი, პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მემარცხენე დემოკრატებისაგან ე. შმაძინსკი, პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი ვლ. სტაშჩაკი, სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, დეპუტატები. კატინში დახვრეტილი პოლონელი ოფიცრების ოჯახის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები.

პოლონური მხარის მონაცემებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 88 მგზავრი და ეკიპაჟი. თავიდან განსაზღვრული იყო 89 კაცი, მაგრამ პრეზიდენტის კანცელარიის თანამშრომელი ზოფია კრუშინსკა-გუსტი თვითმფრინავში ვერ მოხვდა.

პოლონეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა. დამწუხრებული, შეძრწუნებული პოლონელები ყვავილებით ამკობენ პრეზიდენტის სასახლის შესასვლელს.

ავიაკატასტროფის სამი ვერსია

ტრაგედიის მიზეზების გამოსაძიებლად კატასტროფის ადგილზე მივიდნენ რფ-ის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლები, მაშველები, მეხანძრეები, სმოლენსკის ოლქის ხელმძღვანელები. რფ-ის პროკურატურაში საგანგებოდ აღინიშნა, რომ ტრაგედიის გამოსაძიებლად გაიგზავნა უწყების ყველაზე გამოცდილი კადრები, ისინი, ვინც უშუალოდ ადგენენ ავიაკატასტროფის მიზეზებს. გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ. პრეზიდენტმა დმ. მედვედევმა შექმნა სამთავრობო კომისია პრემიერ-მინისტრ ვლ. პუტინის ხელმძღვანელობით.

კატასტროფის ადგილზე ჩავიდნენ ვლადიმირ პუტინი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. სახელდება "ტუ-154"-ის დაღუპვის შესაძლო სამი მიზეზი: ცუდი ამინდი, ეკიპაჟის შეცდომა და თვითმფრინავის გაუმართაობა. "ტუ-154"-ის კატასტროფის ადგილზე ნაპოვნია დაუზიანებელი  "შავი ყუთი", მეორე ყუთის ძებნა გრძელდება.

პოლონეთი საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს

პოლონური გამოცემა ჭედომოსცი იტყობინება, რომ პოლონეთის მხრიდან გამოძიებას უხელმძღვანელებს ქვეყნის სამხედრო პროკურორი კრისტოფერ პარულსკი. ვლ. პუტინის განცხადებით, "რუსეთი მზად არის კატასტროფის გამოსაძიებლად პოლონელ სპეციალისტებს გადასცეს ყველა ინფორმაცია".

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "პრეზიდენტის თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო, გამოფრენის წინ შემოწმდა, შესაძლოა, ფრენის დროს დაზიანდა".

პოლონეთის სეიმის სპიკერმა (რომელიც, ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის სიკვდილის შემთხვევაში დროებით ხდება ქვეყნის მეთაური) ბრონისლავ კომოროვსკიმ ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოაცხადა. მან თანამემამულეებს მიმართა: "ახლა აღარ არსებობენ არც მემარცხენეები და არც მემარჯვენეები, ყველა ერთად უნდა ვიყოთ".

როგორც ცნობილია, პარტია "სამოქალაქო პლატფორმა", რომლის წარმომადგენლებიც არიან კომოროვსკი და პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ძმებ კაჩინსკების პარტიის "კანონი და სამართლიანობის" მთავარი კონკურენტები არიან.

ცნობილმა პოლონელმა პოლიტიკოსმა ანჯეი ოლეხოვსკიმ განაცხადა, - ქვეყნის პრეზიდენტი დაიღუპა, როგორც პატრიოტი, თავისი სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესრულებისას, როცა პატივი უნდა მიეგო კატინში დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისთვის. ახლა ამ ადგილის სიმბოლიზმმა დამატებითი განზომილება მიიღო. ტრაგედიის კომენტირებისას  "დაწყევლილი კატინი" პოლონეთის ექსპრეზიდენტმა ალ. კვასნევსკიმაც მოიხსენია.

პოლონეთის მთავრობის პრესმდივნის პ. გრაშჩის განცხადებით, ტრაგედიასთან დაკავშირებით წელს, შემოდგომაზე დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები ადრე გაიმართება. კანონის თანახმად, არჩევნების თარიღი უახლოეს ორ კვირაში უნდა გამოცხადდეს, არჩევნები კი გამოცხადებული თარიღიდან 60 დღეში  ჩატარდება.

პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაღუპვამდე სამი დღით ადრე, 7 აპრილს, "რია-ნოვოსტის" მიმომხილველი დმ. ბაბიჩი წერდა, რომ კაჩინსკის პასუხს აგებინებდნენ.

გთავაზობთ ამონარიდს მისი სტატიიდან.

"სმოლენსკის ოლქის სოფელ კატინში 1940 წლის მაისში დახვრიტეს 14 ათასზე მეტი პოლონელი სამხედრო ტყვე, რომლებიც YRDL-ს ბანაკებში ჰყავდათ ჩამწყვდეული. დიდი ხნის განმავლობაში სსრკ-ის ხელისუფლება პოლონელთა დახოცვაზე პასუხისმგებლობას გერმანელ ჯარისკაცებს აკისრებდა. კატინში პოლონელი ოფიცრების დახვრეტის საქმის გამოძიება 1990 წელს დაიწყო, მაგრამ რუსეთის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა იმ მიზეზით, რომ დახვრეტაში მონაწილე YRDL-ს თანამშრომლები ცოცხლები აღარ იყვნენ.

კატინში საფლავების მოსანახულებლად პოლონეთიდან არაოფიციალური ვიზიტით ჩადიოდნენ პრეზიდენტები, მინისტრები, დაღუპულთა ოჯახის წევრები. ეს მხოლოდ პოლონეთის შინაური საქმე იყო. 7 აპრილს კი სამგლოვიარო ცერემონია ისტორიაში პირველად გამართა რუსეთმა, ვლ. პუტინმა მხოლოდ თავისი პოლონელი კოლეგა დონალდ ტუსკი მიიპატიჟა, რამაც, ჩანს, გაანაწყენა პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც ბოლოხანს ამრეზილი იყო დონალდ ტუსკზე.

ჩანს, კაჩინსკის განზრახვა, კატინში სამგლოვიარო ცერემონიიდან მესამე დღეს ჩასულიყო დიდ დელეგაციასთან ერთად, ტუსკის შურით გამოწვეული პოლიტიკური ჟესტი იყო.

პუტინისგან არად ჩაგდება მინიშნება იყო და ეს კაჩინსკიმ სწორად გაიგო: თბილისში, ცხინვალის დაბომბვიდან რამდენიმე დღეში, სამხედრო დამნაშავე სააკაშვილის გვერდით დგომაზე, რუსეთის მიმართ მტრულ და უპასუხისმგებლო რიტორიკაზე - პასუხი უნდა აგო. ამ პასუხისმგებლობას ისტორიული ხასიათი ექნება. კაჩინსკი ნამდვილად ვერ შევა ისტორიაში, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც ჩიხიდან გამოიყვანა პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობა. ტუსკს და პუტინს ამის შესაძლებლობა აქვთ".

ნიუს რუ. რუსეთი