საით მიდის ყირგიზეთი? - კვირის პალიტრა

საით მიდის ყირგიზეთი?

არეულობა და ქუჩის შეტაკებები ყირგიზეთში, რამაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, კარგად ნაცნობი შუააზიური მოდელის შედეგია.

საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლებაში ე.წ. "ტიტების რევოლუციის" წყალობით მოსული ყურმანბექ ბაკიევის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მწიფდებოდა, რადგან ის წინამორბედივით არაკომპეტენტური, კორუმპირებული და გამყიდველი აღმოჩნდა. ოპოზიციის სამი ლიდერის დაპატიმრებით და საგანგებო მდგომარეობის შემოღებით ხელისუფლებამ ვერ შეძლო საპროტესტო ტალღის შეკავება, რომელსაც საბოლოოდ პარლამენტის და ტელეცენტრის აღება და სამთავრობო შენობების დაწვა მოჰყვა. ამბოხი გრძელდება...

ბოლო ათი წლის განმავლობაში, მსგავსი არეულობები, რეპრესია-დაპატიმრებები შუა აზიის ქვეყნების დიდ ნაწილში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ერთ დროს საბჭოთა კავშირის აყვავებული და მეტ-ნაკლებად სტაბილური ხუთი შუააზიური რესპუბლიკა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ავტორიტარიზმით, ეკონომიკური სტაგნაციით, არასტაბილურობითა და ადამიანის უფლებების დარღვევით რეკორდებს ამყარებდა.

2005 წელს უზბეკეთში დაიღუპა ასობით დემონსტრანტი, რომლებიც პრეზიდენტ ქარიმოვის ავტორიტარულ მმართველობას აპროტესტებდნენ. თურქმენეთში საბჭოთა ხელისუფლების დამხობის შემდეგ, საფარმურატ ნიაზოვის გროტესკული დიქტატურა დამყარდა  პიროვნების აღვირახსნილი კულტით, მასობრივი ბოროტმოქმედებებითა და საგანმანათლებლო სტანდარტების კატასტროფული ვარდნით.

ტაჯიკეთში დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე გაჩაღდა ხანგრძლივი სამოქალაქო ომი. მხოლოდ ყაზახეთმა, დიდმა და მდიდარმა ქვეყანამ, მოახერხა აყვავება, მაგრამ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სტაგნაციის ხარჯზე: პრეზიდენტმა ნაზარბაევმა რეპრესიები მოუწყო, ქვეყნიდან გააძევა ან ციხეში ჩასვა ყველა პოლიტიკური მოწინააღმდეგე.

თითქმის ყველა ამ ქვეყანაში უვარგისმა მმართველობამ ისლამისტური ექსტრემიზმი გააღვივა და დემოკრატიის ჩანასახებიც კი მოსპო.

რუსეთის ყოფილ აზიურ მამულებში არეულობა მხოლოდ რუსებს არ აღელვებთ. ამერიკა ცდილობდა, რეგიონში შეექმნა ბაზები ავღანეთში მისი ოპერაციების მხარდასაჭერად, თუმცა უზბეკეთიდან ამერიკელები მას შემდეგ გამოყარეს, რაც აშშ-მა პრეზიდენტ ქარიმოვის პოლიტიკა გააკრიტიკა, ყირგიზეთში დაწყებული არეულობები კი საფრთხეს უქმნის ნატოს ავღანური კონტინგენტის მომარაგებას, რომელიც სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ჩრდილოეთის მარშრუტზე.

შუა აზია უზარმაზარი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და პოტენციურად უმდიდრესი რეგიონია. მისი ხუთი ქვეყანა მდიდარია რესურსებით, რომლებზეც მეზობელ ჩინეთსა და მთელ სუბკონტინენტს დიდი მოთხოვნა აქვთ.

"ტაიმსი", დიდი ბრიტანეთი