სასოწარკვეთის რევოლუცია - კვირის პალიტრა

სასოწარკვეთის რევოლუცია

მას, ვინც ხელისუფლებაში რევოლუციით მოვა,  თავად რევოლუცია წალეკავს. ხუთი წლის წინ ყურმანბექ ბაკიევმა ყირგიზეთის ხელისუფლება ე.წ. "ტიტების რევოლუციის" - სახალხო აჯანყების დროს დაამხო, რასაც მთელი მსოფლიო იწონებდა.

ახლა კი დედაქალაქის აჯანყებულმა მოსახლეობამ პრეზიდენტის სავარძლიდან თავად ბაკიევი გადმოაგდო და იმავე ცოდვებში დასდო ბრალი, რაშიც იგი თავის წინამორბედს ადანაშაულებდა. ესენია: კორუფცია, ავტორიტარიზმი და მაღალ თანამდებობებზე საკუთარი ოჯახური დინასტიის წარმომადგენელთა დანიშვნა. თუმცა ამჯერად არავინ იცის, შეინარჩუნებენ თუ არა ხელისუფლებას რევოლუციური ძალები.

რევოლუციის ლიდერის როზა ოტუნბაევას თავდაპირველი განცხადებები იმედისმომცემია: ისინი რუსეთისა და აშშ-ის სამხედრო ბაზებს არ ემუქრებიან. მათ სურთ სისხლის ღვრის შემდეგ, რასაც 75 კაცის სიცოცხლე შეეწირა და 1000-ზე მეტი დაიჭრა, პრეზიდენტის გადაყენების საკითხი მშვიდობიანად მოაგვარონ. ისინი ექვს თვეში არჩევნების ჩატარებას გეგმავენ, თუმცა დარწმუნებით ვერავინ იტყვის, საბოლოოდ ეს ყველაფერი რით დასრულდება.

მოსკოვი და ვაშინგტონი, ხელისუფლების ცვლილებას თავიდან დუმილით შეხვდნენ. მაგრამ მომდევნო თვეებში სიტუაცია შეიძლება უფრო ჩაიხლართოს და მეზობელი ქვეყნები ყირგიზეთში გავლენის მოხდენას შეეცადონ.

ყირგიზეთიდან მოსკოვში ჩაფრინდა დროებითი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალიმაზბექ ატამბაევი. მას არ დაუმალავს, რომ ყირგიზეთის დროებით მთავრობას რუსეთის კრედიტი სჭირდება.

ამავდროულად, ბიშკეკში ახალი მთავრობის ვიცე-პრემიერმა ომურბექ ტექებაევმა ჟურნალისტები გააოცა თავისი განცხადებით: "კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის ჯარს უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს შინა კონფლიქტში, მაგრამ თავად ბაზის (იგულისხმებოდა რუსეთის სამხედრო ბაზა) არსებობა იქნება სტაბილურობის გარანტი. საჭიროების შემთხვევაში, რუსი სამხედროები, როგორც სამშვიდობოები, შეძლებენ კონფლიქტის აღკვეთას და მშვიდობის ჩამოგდებას".

დმ. მედვედევის განკარგულებით, ყირგიზეთში რუსეთის ობიექტებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად 150 მედესანტე გაიგზავნა.

დროებითმა მთავრობამ დამხობილ პრეზიდენტს პირადი უსაფრთხოების სანაცვლოდ უფლებამოსილების მოხსნა მოსთხოვა, რაზეც ყურმანბექ ბაკიევმა უარი განაცხადა, თუმცა აღიარა, რომ ვითარებას ვერ აკონტროლებს.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაახლეს "მანასიდან" ფრენები. შეიარაღებული გადატრიალების დროს ბაზა ოპოზიციის კონტროლქვეშ გადავიდა. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა შენარჩუნებული იქნება და ბიშკეკში ხელისუფლების შეცვლა ორი ქვეყნის ურთიერთობაში არაფერს  შეცვლის.

"ინდიპენდენტი", დიდი ბრიტანეთი