მიხეილ სააკაშვილმა ობამამდე მაინც მიაღწია - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილმა ობამამდე მაინც მიაღწია

ბირთვული უშიშროების საერთაშორისო სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუგეგმავი ხანმოკლე შეხვედრა შედგა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კრიტიკოსებმა ობამა დაადანაშაულეს - ჩვენი პრეზიდენტი მზად არის მოსკოვთან ურთიერთობას მოკავშირეები შესწიროსო. ამასობაში კი, მიხეილ სააკაშვილმა ფორუმზე ხმამაღალი განცხადებით, - თბილისმა რუსული წარმოების მაღალგამდიდრებული ურანის კონტრაბანდის აღკვეთა მოახერხაო, მაინც შეძლო თეთრი სახლის ყურადღების მიპყრობა.

ვაშინგტონის ბირთვული ფორუმის გახსნამდე კარგა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ იმ თორმეტ მსოფლიო ლიდერს შორის, რომლებსაც ბარაქ ობამა უნდა შეხვედროდა, საქართველოს პრეზიდენტის სახელი არ იყო. სააკაშვილი მხოლოდ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს და ევროპული ქვეყნების ზოგიერთ პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა. თუმცა ქართული მხარე აცხადებდა, რომ აშშ-სა და საქართველოს ლიდერების არაოფიციალური შეხვედრის საკითხი სამიტის მსვლელობისას გადაწყდებოდა.

ის, რომ ობამასთან აუდიენციაზე მიწვეული იქნებოდნენ იმ ქვეყნების პრეზიდენტები (ყაზახეთი, უკრაინა, სომხეთი), რომლებთანაც ვაშინგტონს მაინცდამაინც მჭიდრო ურთიერთობა არ აქვს, ხოლო აშშ-ის მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტი განზე რჩებოდა, შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ამერიკულ საინფორმაციო საშუალებებს. ზოგიერთ მათგანს კი ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა. მაგ., გაზეთ "ვაშინგტონ პოსტთან" საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველო უარს არ ამბობს ნატოში შესვლაზე და ამერიკული იარაღის შეძენით არის დაინტერესებული.

როგორც ეტყობა, სააკაშვილის სიტყვებმა შთაბეჭდილება მოახდინა ჟურნალისტებზე და ერთ-ერთი მათგანი, პოლიტიკური მიმომხილველი ჯექსონ დილი გამოესარჩლა კიდეც საქართველოს პრეზიდენტს: "საქართველო ძალიან ცდილობს ამერიკას ერთგულება დაუმტკიცოს - გზავნის თავის სამხედროებს ერაყში, ნატოში შესვლა და ამერიკული თავდაცვითი იარაღის შესყიდვა უნდა, მაგრამ ოფიციალური შეხვედრის მაგივრად სააკაშვილს მხოლოდ სატელეფონო საუბარი არგუნეს". დილის აზრით, პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება, არ შეხვდეს სააკაშვილს, "მოსკოვში აშკარად ვიღაცას ასიამოვნებს".

ასე იყო თუ ისე, აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა დაუგეგმავად, მაგრამ მაინც შედგა. ფორუმის მუშაობის დასკვნით დღეს ბარაქ ობამა მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და ფოტოკორესპონდენტებმა მაშინვე ფირზე აღბეჭდეს ორი გაღიმებული ლიდერის ხელის ჩამორთმევის ფაქტი. შემდეგ, ამ შეხვედრის შესახებ თეთრმა სახლმა გაავრცელა ცნობა, რომ "პრეზიდენტი ობამა მოხარულია, სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ მიეცა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის თანადგომა საქართველოსადმი და კვლავ ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. ასევე, ბარაქ ობამა მიესალმება დემოკრატიული რეფორმისადმი პრეზიდენტ სააკაშვილის შეუჩერებელ სწრაფვას", გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

"კომერსანტი", რუსეთი