ის გამორჩეული ქალბატონი იყო... - კვირის პალიტრა

ის გამორჩეული ქალბატონი იყო...

ინტერვიუ საქართველოს პირველ ლედისთან, სანდრა ელისაბედ რულოვსთან.

- რას გაიხსენებთ პოლონეთის პირველ ლედისთან დაკავშირებით?

- ძალიან ძნელია მასზე საუბარი წარსულ დროში... როცა ჩვენ რამდენიმე დღეში პოლონეთში ჩავალთ, იქ აღარც ის დაგვხვდება, არც მისი მეუღლე და აღარც მათი თანამდგომნი, ვისაც კარგად ვიცნობდით და რომელთაგან რამდენიმე იმ თვითმფრინავში იყო...

- პირველად როდის შეხვდით ქალბატონ მარია კაჩინსკას?

- 2005 წელს, როდესაც პირველი ლედი გახდა. მე კი პირველი ლედი 2004 წლიდან ვიყავი. ჩვენ ხუთწლიანი მეგობრობა გვაკავშირებდა. უკანასკნელად რამდენიმე კვირის წინ ვნახე ვარშავაში შოპენის ფესტივალზე. კლასიკური მუსიკის საკუთარი რადიოსადგური მაქვს, რომელიც თბილისში ყოფნისას მარიამ მოინახულა.

ჩვენი მცირერიცხოვანი დელეგაცია ამ ფესტივალზე დასასწრებად გაემგზავრა, სადაც ბარენბოიმისა და კისინის ძალიან გამორჩეულ კონცერტებს მოვუსმინეთ. ჩვენ ოთხი დღე გავატარეთ ერთად. ყველა კონცერტი მოვისმინეთ, სასახლეშიც კი ვესტუმრეთ. ეს იყო ძალიან გულთბილი შეხვედრა. გალა-კონცერტის შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაისში მან კონფერენციაზე მიმიწვია.

ვინ იფიქრებდა, რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ის დედაჩემის ხნის იყო და დედაჩემს მაგონებდა.

- ბრძანეთ, რომ თქვენ მსგავსი ინტერესები გქონდათ...

- ჩვენ საერთო კონცერტები ჩავატარეთ დევნილი ბავშვებისათვის ომის შემდეგ. ნამდვილად ძალიან ახლო და ხშირი კონტაქტი გვქონდა, საოცრად ალერსიანი და ყურადღებიანი იყო, თბილ სიტყვებს არ იშურებდა რესტორანში მიმტანებისა თუ დაცვის თანამშრომლების მიმართაც. ახლა ვუყურებ მის ნაჩუქარ ჩაის სერვიზს, რომელსაც სიამოვნებით ვხმარობ და გული მტკივა. ამ სერვიზზე დედა-შვილის სურათია გამოსახული. იცოდა, რომ მე ჩართული ვარ დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის საკითხებში და ჩემთვის რომ ესიამოვნებინა, საგანგებოდ შემირჩია ეს სერვიზი, რომელიც მუდამ მარიას მომაგონებს.

- პირველ ქალბატონებს რეალურად ასეთი ურთიერთობები აკავშირებთ ხოლმე?

- ეს გახლდათ ორი პირველი ლედის უჩვეულო კავშირი. ძირითადად პირველ ქალბატონებს სახელმწიფო ვიზიტის დროს ან რომელიმე კონფერენციაზე ხვდები. ეს შეხვედრები ძალიან მოკლეა და მხოლოდ ხელის ჩამორთმევით ან საჩუქრების გაცვლა-გამოცვლით შემოიფარგლება. უმეტესად საუბარია ერთმანეთის გეგმებზე, მაგრამ მარიასთან ყველაფერი განსხვავებული იყო და ამიტომ მქონდა მასთან ასეთი განსაკუთრებული ურთიერთობა. ერთხელ მარტოც კი გავემგზავრე პოლონეთში მის სანახავად. ამ გამორჩეულმა ქალბატონმა მოიწვია კონფერენცია იმ ქალების საქმიანობის შესახებ, რომლებიც კარიერას და ოჯახს უთავსებენ ერთმანეთს.

მას ევროპის ექვსი ქვეყნის პირველი ლედი ჰყავდა მიპატიჟებული. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი კონფერენცია, რომელმაც ბევრი რამ მისცა ამ პირველ ქალბატონებს...

ბი-ბი-სი, აშშ