ან ძაღლი მოკვდება, ან მისი პატრონიო... - კვირის პალიტრა

ან ძაღლი მოკვდება, ან მისი პატრონიო...

თურმე მეფის რუსეთში, ერთ-ერთი  დარბევის დროს, ყაჩაღები ებრაულ ოჯახში შეიჭრნენ, მათი მოკრძალებული ქონების დიდი ნაწილი გაანადგურეს და ოჯახის უფროსს სიცოცხლე იმ პირობით შეუნარჩუნეს, რომ ერთი წლის განმავლობაში მეფის ძაღლს ლაპარაკს ასწავლიდა.

მათი წასვლის შემდეგ კაცს ცოლმა უსაყვედურა, -„ხომ არ გაგიჟდი, როგორ უნდა ასწავლო ძაღლს ლაპარაკიო.„ერთ წელიწადში ან ძაღლი მოკვდება, ან ძაღლის პატრონიო, - მიუგო ქმარმა.“ეს ამბავი ახლახან აფხაზეთში მოგზაურობამ გამახსენა. აფხაზეთი, საერთაშორისო სამართლის თანახმად, რა თქმა უნდა, დღემდე საქართველოს ნაწილია, მაგრამ აფხაზეთის ხელმძღვანელობა, მიუხედავად იმისა, რომ მას მხოლოდ ოთხი ქვეყანა აღიარებს, საკუთარ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს. თუმცა მის ავტორიტეტს მნიშვნელოვნად ლახავს რუსეთზე მისი უკიდურესი დამოკიდებულება როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის თვალსაზრისით.

თბილისი აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციას და მასზე საკუთარი სუვერენიტეტის აღდგენას ესწრაფვის. ეს ამოცანა იოლი არასდროს ყოფილა, მაგრამ ახლა უფრო გაართულა აფხაზეთში რუსეთის უშიშროების სამსახურების ჩადგომამ, რაც აფხაზეთის ხელმძღვანელობას ქართული მხარის ნებისმიერი ტიპის მცდელობაზე უარის თქმას უმარტივებს. მეტიც, აფხაზეთში რუსული გავლენის ზრდა ნიშნავს, რომ პრობლემა დროთა განმავლობაში უფრო გართულდება. მათ აღარ აღელვებთ, თბილისი თავს დაგვესხმებაო, რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის უშიშროების სამსახურების ყოფნა ამ საფრთხეს აქარწყლებს. აფხაზეთის ლიდერებს დიდად არც ის აწუხებთ, რომ რეალური სუვერენიტეტის დიდი ნაწილი რუსებს შესწირეს, რადგან მათთვის ეს ფორმალური დამოუკიდებლობისა და თბილისისგან მკაფიოდ გამიჯვნის საფასურია.

აფხაზებს ყველაზე მეტად ის აწუხებთ,  რომ რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოსთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მათზე უარი თქვას. ამგვარად, აფხაზეთის დღევანდელი დაცულობის განცდა და გულმაგრობა, რომ საქართველოს იგნორირება შეუძლიათ, რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობას ეფუძნება. იქნებ იმედი აქვთ, ეს დაძაბულობა არასდროს გაივლის და აფხაზეთი სტატუსს შეინარჩუნებსო, მაგრამ მანამდე ან ძაღლი მოკვდება, ან ძაღლის პატრონი.

ანუ დღევანდელი მდგომარეობა, მათ შორის რუსეთ-საქართველოს რთული ურთიერთობა, ჩანს, გარკვეული ხნით შენარჩუნდება, მაგრამ არ ღირს იმის დაჯერება, რომ სიტუაცია არასდროს შეიცვლება. იმ ებრაელისგან განსხვავებით, რომელსაც ძაღლის ან მისი პატრონის სიკვდილის იმედი აქვს, აფხაზების იმედი პირიქით, ძაღლის და მისი პატრონის ხანგრძლივ, ბედნიერ ყოფას და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში უმნიშვნელო ცვლილებებს ეფუძნება.

მართალია, ახლა ისე ჩანს, თითქოს მდგომარეობა აფხაზეთის სასარგებლოდ ვითარდება, თუმცა სამომავლოდ სოხუმის შანსი ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. არ არის გამორიცხული, რომ 2013 წლის შემდეგ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ნაკლებკონფლიქტური გამოდგეს და რუსეთთან დაძაბულობის შენელება სცადოს. რუსეთსაც ყოველთვის ხომ არ ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთან მუდმივად კრიჭაში დგომას მოინდომებს.

სავარაუდოდ, კრემლის ხელისუფლება გადაწყვეტს პოსტსააკაშვილისეულ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რასაც დასავლეთთან ვაჭრობისთვის გამოიყენებს და გამოსტყუებს იმას, რაც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია. ასე რომ, თუკი პუტინს და სააკაშვილს ისეთი ლიდერები შეცვლიან, რომელთათვისაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა პერსონალურ მტრობაზე არ იქნება აგებული, ეს სულაც არ არის არარეალური.

თუ აფხაზეთს ჰგონია, რომ თამამად შეუძლია თბილისს ხელი ჰკრას, ესეც რუსულ-აფხაზურ ურთიერთობას ეფუძნება, რომელიც შეიძლება მუდმივად ვერ გაგრძელდეს. საქართველომ უნდა შეანელოს აფხაზების რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა, ვიდრე ეს რესპუბლიკა კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს არ უღიარებია ან თბილისი ხელს შეუწყობს მისი პრეტენზიების გაძლიერებას სახელმწიფოებრიობაზე, რასაც, საეჭვოა, რაიმე შედეგი მოჰყვეს.

აფხაზების პრობლემა კი ის არის, რომ მათ საკუთარი მიღწევები შეძლებისდაგვარად უნდა დააფიქსირონ მანამ, ვიდრე რუსეთში, საქართველოში ან ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ცვლილებების სიო  დაუბერავს. თბილისიც და სოხუმიც საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ, განსაკუთრებით აფხაზებს კი იმის იმედი აქვთ, რომ ძაღლიც და მისი პატრონიც კიდევ რამდენიმე წელი დღეგრძელნი იქნებიან.

"ფასთერ თაიმსი", აშშ