შერჩევითი აღშფოთება - კვირის პალიტრა

შერჩევითი აღშფოთება

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო განაგრძობს ყურით მოთრეული ბრალდებების წაყენებას ისრაელისთვის იმის გამო, რომ ის თავს იცავს ისლამისტი

ექსტრემისტებისა და ტერორისტებისგან და იმავდროულად ძველებურად უარყოფს რუსეთის ჯარების მიერ დემოკრატიული საქართველოს ტერიტორიის რეალურ ოკუპაციას. ობამას ადმინისტრაციამ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმის ებრაულ სექტორში დამატებითი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გეგმების გამო და იმავდროულად დუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველების უკანონო გამოძევებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსი ოკუპანტები ეთნიკურ წმენდაში“დაადანაშაულა. დღეისთვის დაახლოებით 400000 ქართველია მოქცეული შიდა დევნილების და დროებით ადგილნაცვალთა კატეგორიაში. საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას აუპატიურებდნენ, იტაცებდნენ და აძევებდნენ საკუთარი სახლებიდან. მათი სახლებიდან გამოყრა დღემდე გრძელდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მღვდლები და მონაზვნები გამოაძევეს, რის გამოც იქ დარჩენილ ქართველებს ფაქტობრივად არა აქვთ აღმსარებლობის უფლება. სკოლებში ქართული ენის სწავლება იკრძალება.

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთს დაავალა, თავი შეიკავოს ეთნიკური ქართველების მიმართ რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი აქციისგან, ოკუპირებულ რაიონებში დისკრიმინაციული ქმედებების მხარდაჭერა-დაფინანსებისგან. რუსეთმა ისარგებლა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით, რათა დაებლოკა ამ ორგანიზაციის შესაძლებლობა, საქართველოში დამკვირვებლები გაეგზავნა, თუმცა, რუსეთის პროტესტის მიუხედავად, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მაინც დაუჭირა მხარი რეზოლუციის პროექტს, სადაც ლაპარაკია დევნილების და ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და დაუბრკოლებელი დაბრუნების შესახებ. რუსეთმა ყურად არ იღო ეს რეზოლუცია.

გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში ასევე გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნისადმი მოწოდებაც გაისმის, - ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე გენერალურ ასამბლეას ამომწურავი ანგარიში წარუდგინოსო. ანგარიშის წარდგენა მომავალ თვეში იგეგმება.

"რბკ დეილი", დიდი ბრიტანეთი