რუსეთი გავლენის სფეროს იბრუნებს, აშშ კი უარს არ ამბობს - კვირის პალიტრა

რუსეთი გავლენის სფეროს იბრუნებს, აშშ კი უარს არ ამბობს

ხუთი წლის წინ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს "ფერადი რევოლუციების" ტალღამ გადაუარა; მოსკოვისადმი ლოიალური მთავრობები თითქმის ყოველთვიურად ემხობოდა. 2003 წლიდან 2005 წლამდე საქართველოს, უკრაინისა და ყირგიზეთის სათავეში ახალი ლიდერები მოვიდნენ, ყოველ მათგანს ზურგს უმაგრებდა აშშ.

რეგიონების პოლიტიკური სიმძიმის ცენტრმა მკვეთრად გადაინაცვლა დასავლეთისკენ. ახლა ტენდენცია საპირისპიროა. ბოლო სამი თვის მანძილზე ამ სამი სახელმწიფოდან ორში - უკრაინასა და ყირგიზეთში რუსეთისადმი გაცილებით მეგობრულად განწყობილი ხელმძღვანელები მივიდნენ, რაც "ნარინჯოვანი" და "ტიტების" რევოლუციების კრახს ნიშნავს.

კიევი გაზის საფასურის შემცირების სანაცვლოდ, სევასტოპოლის შავიზღვისპირა პორტში მოსკოვის სამხედრო-საზღვაო ბაზის იჯარის გაგრძელებასაც დათანხმდა, რასაც უკრაინის წინა რეჟიმი ეწინააღმდეგებოდა. ფერადი რევოლუციების ბოლო და ჯერ კიდევ მყარად მდგომი ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარტოსულად გრძნობს თავს და ობამას ადმინისტრაციას აფრთხილებს: ნუ მისცემთ რუსეთს ყოფილ საბჭოთა ბლოკში თავისუფლად პარპაშის უფლებასო.

სააკაშვილის თქმით, პრეზიდენტი ობამა კრემლთან ურთიერთობის განახლების მცდელობისას უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: იძულებულია, საქმე იქონიოს თავისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის პოლიტიკის შედეგებთან, რომელმაც "ფერადი" რევოლუციებისა და მათი ლიდერების მხარდაჭერის გამო მოსკოვი გააბრაზა.

ახლა რუსები ობამას ამ ურთიერთობების შეწყვეტას სთხოვენ. "მაგრამ ეს არა მარტო თავისი მოკავშირის, საქართველოს მიტოვებას ნიშნავს - რუსეთი ითხოვს, რომ აშშ-მა მას საბჭოთა გავლენის სფეროები დაუბრუნოს", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. პრაქტიკაში კი კრემლი აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეებისგან სამ რამეს ითხოვს: არ უბიძგონ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს ნატოსკენ; ღიად არ დაუჭირონ მხარი პრორუსული მთავრობების დამხობის მომხრე ოპოზიციურ მოძრაობებს; და მოსკოვთან შეუთანხმებლად არავითარი ინიციატივა არ გამოიჩინონ რუსეთის სამეზობლოში, განსაკუთრებით სამხედრო დარგში.

ბუშის დროს სამივე მოთხოვნა იგნორირებული იყო. ობამა კი უფრო დამყოლი აღმოჩნდა. ეს მკაფიოდ გამოჩნდა ნატოს შეცვლილ პოზიციაში: 14 აპრილს ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა ფოგ რასმუსენმა, იმის მაგივრად, რომ რუსეთში პოლიტიკურ საფრთხეს ხედავდეს, ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთი ჩართონ ნატოს უშიშროების ახალ სტრატეგიაში.

უარყოფილია უწინდელი გეგმები უკრაინისა და საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებისა ნატოს გზაზე, სამაგიეროდ, რუსეთი უკვე ეხმარება ნატოს ავღანეთში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაში. ასევე შეიცვალა ამერიკული მიდგომა აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისადმი. თუ ბუში, მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, თავისი გეგმის განხორციელებას არ ერიდებოდა, ობამამ კრემლი მიიწვია ამ საკითხზე დიალოგში მონაწილეობის მისაღებად.

რასაკვირველია, ობამას გუნდი ოფიციალურად განაგრძობს მტკიცებას, რომ აშშ-ს მოსკოვთან ურთიერთობის სანაცვლოდ ზურგი არ შეუქცევია თავისი მოკავშირეებისთვის. აშშ კვლავინდებურად აკრიტიკებს რუსეთს 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციის გამო, თუმცაღა სწორედ ეს ომი გახდა გარდამტეხი ფაქტორი ამერიკის უფრო ფართო სტრატეგიისა.

საქართველოსთან ომის პროცესში ნათელი გახდა, რომ რუსეთი რეგიონში თავისი ინტერესების დასაცავად ძალასაც გამოიყენებს და თუ აშშ ამ ინტერესების საპირისპიროდ იმოქმედებს, ომში ჩათრეული აღმოჩნდება. მაგრამ ასეთი რისკისთვის ბუშის მთავრობაც არ იყო მზად. მაშინ ბუშის სახელმწიფო მდივანს უთქვამს, - ჩვენ საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ მისი გულისთვის რუსეთთან ომს ვერ დავიწყებთო.

ეტყობა, სწორედ ამ მიდგომამ გადაარჩინა აშშ სამხედრო კატასტროფას. ახლა კი, ობამას დროს, კიდევ უფრო ნაკლებად არის განწყობილი რუსების მოწინააღმდეგეების მხარდასაჭერად და რუსეთს გლობალურ უშიშროებაში  პარტნიორად აღიქვამს; ეს ტაქტიკა უკვე გამართლებულია, ხელმოწერილია კონკრეტული ხელშეკრულებები.

ჯერ გაურკვეველია, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის ამ მრავლისმომცველ ეტაპში როგორ ჩაეწერებიან საქართველოს ტიპის ქვეყნები. ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ სიტუაციით თბილისი აღფრთოვანებული იყოს. რუსეთი დაუფარავად ითხოვს სააკაშვილის კაბინეტიდან გამოძევებას, აშშ კი მისგან დისტანციის დაჭერას ამჯობინებს.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, მოსკოვთან დიალოგისას ტონის შერბილებას კრემლი დასავლეთის სისუსტედ და საკუთარ რეგიონში თავის გაძლიერებად მიიჩნევს. ეს ძალა კი აშკარად გაიზარდა მას შემდეგაც, რაც უკრაინასა და ყირგიზეთში კრემლის მეგობრები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეტყობა, ვაშინგტონს ეს ხელს აძლევს, ხოლო "ყვავილოვანი" რევოლუციები ალბათ დაჭკნებიან...

"ტაიმსი", დიდი ბრიტანეთი