საქართველოს "პატარა ომმა" დიდი კითხვები გააჩინა - კვირის პალიტრა

საქართველოს "პატარა ომმა" დიდი კითხვები გააჩინა

გერმან მარშალის ამერიკული ფონდის, ტრანსატლანტიკური ცენტრის (ბრიუსელი) აღმასრულებელ დირექტორს და ახალგამოსული წიგნის, "პატარა ომი, რომელმაც

მსოფლიო შეძრა: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი", ავტორს, რონალდ ასმუსს კითხვაზე, რა იყო რუსულ-ქართული აგვისტოს ომი, ბრძოლა პატარა სეპარატისტული პროვინციების გამო, თუ რაღაც უფრო დიდისთვის, მიაჩნია, რომ სწორი პასუხი მეორეა.

- ომის მთავარი მიზეზი არ ყოფილა არც ეთნიკური კუთვნილება, არც აფხაზეთი და არც სამხრეთი ოსეთი. ეს გახლდათ ომი საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის გამო, რუსეთს კი ამის აღკვეთა უნდა.

- საქართველოს რომ იმ დროს სხვა ლიდერი ჰყოლოდა - დასავლეთზე ნაკლებად ორიენტირებული და ნაკლებად ფიცხი, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა?

- ვფიქრობ, ეს ხალხი ზედმეტ ყურადღებას უთმობს პერსონალიებს და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პიროვნებას. რუსებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე სააკაშვილზე ნაკლებად არ სძულდათ. დაბრკოლება სააკაშვილი არ არის. ეს პიროვნებათა კონფლიქტი არ ყოფილა. ეს იყო მისწრაფებების, გეოპოლიტიკურ ინტერესთა ჭიდილი, ხოლო პუტინის და სააკაშვილის პიროვნულმა ურთიერთობამ უფრო გაამძაფრა ისედაც დრამატული სიტუაცია.

ქართველების 80-75%-ს უსააკაშვილოდაც უჭირავს გეზი დასავლეთისკენ, ამიტომ კონფლიქტი საფუძველშივე  გადაუწყვეტელია.

- თქვენ ამტკიცებთ, რომ კავკასიაში ევროპელებსა და ამერიკელებს ნაკლები ინტერესი აქვთ, ვიდრე ბალკანეთში. როგორ ფიქრობთ, რითაა ეს გამოწვეული?

- 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ, აშშ-მა და შვედეთმა ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბალტიის ქვეყნებიდან რუსული ჯარის გასაყვანად. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, ბალტიის ქვეყნები ვერ შეძლებდნენ ათი წლის შემდეგ ნატოში გაწევრებას.

გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ასევე მკაცრად არ მოგვითხოვია საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანა, ამაზე ძალიან არ ვწუხდით. როდესაც საქმე გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტაზე მიდგა, ჩვენ იქ სუსტი - ეუთოსა და გაეროს მიერ დასუსტებული და დაუძლურებული მისიები გვყავდა. ბალკანეთში ჩვენი მისიები უფრო ძლიერი იყო, მეტად ვზრუნავდით იქაურობაზე, იქ უკეთესი დიპლომატები, მომლაპარაკებლები და მრჩეველები გვყავდა, რადგან დასავლეთისთვის ომის აღკვეთა-შეჩერება და მშვიდობის დამყარება სტრატეგიული პრიორიტეტი იყო.

- ყირგიზეთის მოვლენების შემდეგ შეიცვლება რუსეთის იმიჯი ყოფილ საბჭოთა სივრცეში?

- ვფიქრობ, რუსეთს თავისი კონცეფციისა და სტრატეგიის ცხადი აღქმა აქვს. ის შეტევაზეა გადასული და ჩვენ თავს ვიცავთ. თქვენ ეს ნახეთ უკრაინაში, საქართველოსა და ყირგიზეთში. ჩემი აზრით, უნდა ვიკამათოთ იმაზე, თუ რა გვინდა რეალურად, რას ვფიქრობთ იმ პრინციპებზე, რომელთა არტიკულირებასაც ბოლო 20 წელია ვცდილობთ. გადავდოთ გვერდზე ევროკავშირისა და ნატოს გაფართოება, ახლა საქმე მართლა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას ეხება - აქვთ თუ არა მათ დასავლეთისკენ სწრაფვის უფლება.

ხშირია კამათი იმის შესახებ, რამდენად არიან ეს ქვეყნები მზად ჩვენს სტრუქტურებში გასაერთიანებლად და რამდენად გვინდა მათი მიღება ჩვენს რიგებში. მაგრამ მივუბრუნდეთ საბაზისო საკითხს, რაც უფრო ვუახლოვდებით რუსეთის საზღვრებს, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება მისი პოზიცია და სწორედ ასეთ ვითარებაში გამოიცდება, რამდენად ერთგულნი ვართ ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისა, რომლებიც თავისი არსით უნივერსალურია.

რადიო "თავისუფალი ევროპა"