მოსალოდნელია სკანდალი - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია სკანდალი

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თორმეტმა დეპუტატმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა რესპუბლიკის მთავრობას და თხოვნით მიმართა

პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევს, ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.

ვოტუმის მომხრეები მიიჩნევენ, რომ მთავრობა არ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, სამხრეთ ოსეთის ომის შემდგომი აღდგენა დარღვევებით მიმდინარეობს, ფერხდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის შედგენა, არამიზნობრივად იხარჯება საბიუჯეტო თანხები, მინისტრთა კაბინეტს რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის წარმოდგენის თავიც არ აქვს.

სამხრეთ ოსეთის მინისტრთა კაბინეტის მეთაურს, ვადიმ ბროვცევს ცნობამ მოსალოდნელი ვოტუმის თაობაზე მოსკოვში მიუსწრო. ეტყობა, გრძნობს თავისი მდგომარეობის სიმყიფეს და ძლიერ მხარდაჭერას ეძებს მოსკოვში.

საერთოდ, სამხრეთ ოსეთს ბედი არ სწყალობს პრემიერ-მინისტრებში. პრემიერი იური მოროზოვი 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის შემდეგვე გაათავისუფლეს - რესპუბლიკა მიატოვაო, არაოფიციალური ვერსიით, იმიტომ, რომ მშვენივრად იცოდა, კონფლიქტის დროს კოკოითის საქციელი ეროვნული გმირისა და ერის გადამრჩენის სტატუსს რომ არ შეეფერებოდა. ომის შემდგომ პრემიერ-მინისტრის მაგივრობას პრეზიდენტის მიერ შექმნილი კომიტეტი სწევდა, ანუ თავად კოკოითი და მისი უახლოესი თანამშრომლები.

სწორედ ისინი განაგებდნენ რუსეთიდან შემოსული პირველი დახმარების განაწილების საქმეს, რომელიც, როგორც ცნობილია, ადრესატამდე არ აღწევდა... ჩრდილოეთ ოსეთში მიდიოდა და იქ მაღაზიებში იყიდებოდა... 2008 წლის ოქტომბერში სამხრეთ ოსეთის მთავრობის ხელმძღვანელად მოსკოვმა ასლამბეკ ბულამცევი გამოგზავნა, მაგრამ ორი კვირაც აღარ გააჩერეს კოკოითის მომხრეებმა. ახლანდელი პრემიერი ვადიმ ბროვცევიც კრემლის კანდიდატურაა, რფ-ის რეგიონული განვითარების მინისტრ ვიქტორ ბასარგინის მეგობარი. სწორედ ბასარგინის ხელშია სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული რუსეთის ყველა ეკონომიკური პროექტი.

ბროვცევის კანდიდატურა უპრობლემოდ დაამტკიცა სამხრეთ ოსეთის იმ პარლამენტმა, რომელიც ახლა უნდობლობას უცხადებს. ვადიმ ბროვცევმა კაბინეტის სტრუქტურული რეფორმა წამოიწყო, რათა ის გამხდარიყო რუსეთიდან შემოსული ყველა თანხის გამანაწილებელ-მაკონტროლებელი.  ეს გახლავთ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონფლიქტის მიზეზი.

ამიტომაც მიადგა ბროვცევი თანადგომისთვის მოსკოვში თავის მეგობრებს: ვიქტორ ბასარგინს, ნიკოლაი პატრუშევს და სერგეი ნარიშკინს. ამ უკანასკნელმა კი ჯერ კიდევ შარშან მიანიშნა, რომ ის (და, ალბათ, მისი შეფი მედვედევი) ედუარდ კოკოითის პოლიტიკური უკვდავყოფნის იდეით აღფრთოვანებული არ არიან. სხვადასხვა მონაცემით, სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც იძულებულნი არიან, რესპუბლიკის გარეთ იცხოვრონ. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ბროვცევის მოსკოვური ვოიაჟები და რით დამთავრდება მოსალოდნელი ბატალიები.

"ვრემია ნოვოსტეი", რუსეთი