აფხაზეთი: კონფლიქტის ფასი - კვირის პალიტრა

აფხაზეთი: კონფლიქტის ფასი

ოცი წლის წინ აფხაზეთი საბჭოეთის უმაღლესი რანგის მოხელეთა საყვარელი სააგარაკო ადგილი იყო. ახლა მის სანაპიროს ის ტურისტები ეტანებიან, ვისაც თურქეთში

წასვლის ფული არა აქვთ და არ ანაღვლებთ გარშემო მინგრეულ-მონგრეული ინფრასტრუქტურა. მაგრამ მალე მიხვდებიან, რომ აფხაზეთში არც სიიაფეა და არც კომფორტული სასტუმროები ჩანს...

ერთი შეხედვით, აფხაზებმა, რაც უნდოდათ, ის მიიღეს - საქართველოსგან თავდასხმის უსაფრთხოების გარანტიები. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა იქ თავისი ჯარები შეიყვანა, აღიარა მისი დამოუკიდებლობა და უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყო. აფხაზეთის მოსახლეობისა და აფხაზი პოლიტიკოსებისთვის ოდესღაც მრისხანე "ქართველი მტერი" უცებ უმნიშვნელო გახდა. თანამედროვე აფხაზეთის თვითგამორკვევის ქვაკუთხედი, რომელიც ისტორიულად ეფუძნება ერთ დევიზს - ყველა შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა, უფრო პროგრესულ პოზიციას საჭიროებს. როგორი უნდა იყოს ის?

"ქართული საფრთხის" მოსპობის შემდეგ აფხაზეთში შექმნილი ვაკუუმი რუსეთის გაბატონების საშიშროებამ შეავსო.

საუკეთესო კურორტების, სასტუმროების, რესტორნებისა და ღამის კლუბების ინვესტირებით რუსებს მათი მითვისება შეუძლიათ. ასევე შეუძლიათ სანაპიროზე საზაფხულო რეზიდენციების ყიდვა. აფხაზეთში რუსეთიდან უხვად შემოდის სურსათი, რაც ამ რესპუბლიკის სოფლის მეურნეობას აჩანაგებს. რუსეთის ჯარების იქ ყოფნა მოსახლეობის დემოგრაფიულ ბალანსს ემუქრება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეები აფხაზეთში დარჩენას, დაოჯახებას და გამრავლებას აპირებენ. რუსეთის მიერ დასპონსორებული განვითარების ობიექტები სეზონურ მუშებს იზიდავენ და შესაძლოა, დროთა განმავლობაში განდევნილი ქართველები მოლდაველებმა და ტაჯიკებმა ჩაანაცვლონ. საეჭვოა, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ხელს აძლევდეს აფხაზეთის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მოსურნეთ.

რასაკვირველია, ქართულ მხარესაც არ მოსწონს ეს მდგომარეობა, მაგრამ არც სამხედრო მუქარით და არც დიპლომატიური ზეწოლით არაფრის შეცვლა არ შეუძლია. თბილისი იძულებულია, დაკმაყოფილდეს ჟენევის მოლაპარაკებებით, რომელიც უმთავრესად სტაბილურობის შენარჩუნების მხარდამჭერი ფორუმია, უფრო სწორად, სტატუს-კვოს შენარჩუნებისა და არა მისი შეცვლისა.

ასევე ბუნდოვანია, რეგიონში დესტაბილიზაციის თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის გარდა, რა პოლიტიკურ მიზნებს ისახავს ევროკავშირი. აფხაზეთს კი ევროკავშირის იქ ყოფნის ვადის გაგრძელება უნდა, რადგან არ სურს თავის ერთადერთ მეგობართან, რუსეთთან პირისპირ დარჩენა.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი