ლავროვის აღიარებითი ჩვენება - კვირის პალიტრა

ლავროვის აღიარებითი ჩვენება

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია ერთადერთი ადგილია, სადაც გააფთრებით კამათობენ რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე, სადაც რუსეთს რეგულარულად მოუწოდებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას.

სესიას წინ პატარა სკანდალი უძღოდა, ამიტომაც პოლემიკა 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხზე დადგენილების მიღების გარეშე დასრულდა. თავიდანვე აშკარა იყო, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე ორი თანამომხსენებელი, ბრიტანელი დევიდ უოლშერი და უნგრელი მათიაშ იორში მოხსენების ვერც ერთ პუნქტზე ვერ შეთანხმდებოდნენ. მათ სავსებით განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ აგვისტოს ომისა და მისი შედეგებისადმი. მათიაშ იორშის აზრით, აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს იალტის ხელშეკრულებით მოხდა, არ უნდა გაიყოს გავლენის სფეროები, დაწესდეს სტატუს-კვო და არ დაირღვეს სამართლიანობა. იორშმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მხარი უნდა დაეჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

სესიაზე მოხსენებით რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც გამოვიდა. მას გაკვრითაც არ უხსენებია ორი წლის წინანდელი კონფლიქტი, მაგრამ მოხსენების დასრულების შემდეგ მაინც ვერ ასცდა კითხვებს საქართველოს შესახებ. საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი დეპუტაციის კითხვაზე - აპირებს თუ არა რუსეთი მედვედევი-სარკოზის ხელშეკრულების შესრულებას, აუღელვებლად უპასუხა, - რუსეთი საქართველოს შესახებ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებას და რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს, შესრულებას არ აპირებსო.

ყველაზე საინტერესო პასუხი ლავროვმა ქართული დელეგაციის წევრს გიორგი გაბაშვილს გასცა, რომელიც ირონიის გარეშე დაინტერესდა, მოსწონს თუ არა რუსეთს იმ ქვეყნების კომპანიაში ყოფნა, როგორიც არის ვენესუელა, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარა. ასამბლეაში სიჩუმე ჩამოწვა, ეს იმიტომ, რომ ადრე რუსი მოხელეები მკვეთრად რეაგირებდნენ მსგავს საკითხებზე.

მაგრამ პასუხი აგრესიული არ ყოფილა: - ჩვენ აღიარებას არ ვყიდულობთ და არც მსოფლიო შემოგვირბენია ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების ხვეწნა-მუდარით. ეს გადაწყვეტილება დიდი განცდის შედეგად მივიღეთო. საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ისეთი ტონით წარმოთქვა, თითქოს ამ გადაწყვეტილების გამო დღემდე წუხდეს: "ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მაშინაც არ გვინდოდა, როცა კოსოვოს ცალმხრივი აღიარება მოხდა". მინისტრმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი, შემდეგ მისი შემცვლელი დმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილს დაჰპირდა, რომ კონფლიქტს მოაგვარებდა ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა - "ღამით საქართველოს პრეზიდენტმა მუხანათურად აღმართა ხელი თავის მოქალაქეებზე".

ამის შემდეგ ლავროვმა გაუმხილა პარლამენტს ის, რაც არც ერთ რუს მოხელეს არასოდეს მოუყოლია. მისი თქმით, როდესაც 2008 წლის აგვისტოში მედვედევი-სარკოზის გეგმა მუშავდებოდა, მოსკოვმა წამოაყენა წინადადება, შეეტანათ შიგ პუნქტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განხილვის შესახებ. ეს იყო რეალური საბაბი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მაგრამ "საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა ამ წინადადებაზე და ჩვენ მივხვდით, რომ მის თავში ომი ჯერ არ დამთავრებულა, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ორი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება. მე ამ მოვლენების მონაწილე ვიყავი და ამას ძალიან განვიცდი", - დაასრულა აღსარება მინისტრმა ასამბლეის აპლოდისმენტების თანხლებით.

ლავროვის ერთ-ერთმა თანმხლებმა პირმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა კი თქვა, რომ ახლო ხანში გაჩნდება კიდევ ერთი სენსაციური ცნობა საქართველოსთან მოლაპარაკებების თაობაზე. "განიხილება საკითხი ამ თემაზე არსებული ყველა მასალის გამოქვეყნების თაობაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ლაპარაკი იმის შესახებ, თუ ვინ არის დამნაშავე და რატომ ვაღიარეთ ეს რესპუბლიკები", - თქვა დიპლომატმა.

"კომერსანტი", რუსეთი