შავი ხვრელი შავ ზღვაზე - კვირის პალიტრა

შავი ხვრელი შავ ზღვაზე

საქართველოს მოწყვეტილი რეგიონი სამხრეთ ოსეთი რუსეთ-საქართველოს ომამდეც უპატრონო მიწის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თვითმარქვია ხელისუფლებისა და სახალხო ლაშქრების მიერ კონტროლირებადი საქართველოს ეს ნაწილი სიგარეტის, ნარკოტიკის და ალკოჰოლის კონტრაბანდულ ბუდედ იქცა.

დასავლელი მაღალჩინოსანი დიპლომატის აზრით, "საქართველოს ამბოხებული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დიდ პრობლემას ქმნის, რადგან იქაურობა მონებითა და ბირთვული ნედლეულით მოვაჭრეთა ბუნაგად იქცა".

სამხრეთ ოსეთი არის იურისდიქციული "შავი ხვრელი", საიდანაც, ექსპერტთა აზრით, ბირთვული იარაღის გავრცელების საშიშროება მოდის. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ვაშინგტონში ბირთვული უშიშროების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ამა წლის მარტში საქართველოში, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე უკვე მერვედ აღიკვეთა საბრძოლო ურანის კონტრაბანდის მცდელობა, მაგრამ სამიტზე ამ განცხადებას ჯეროვანი ყურადღება არ დაეთმო. მეტიც, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასგან პირისპირ შეხვედრის მიწვევის მიღებაც ვერ მოახერხა... არადა, ძალზე გასაკვირია ობამას მიერ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირის ასეთი უგუნური უგულებელყოფა. საკვირველია, რატომ არ გაითვალისწინა აშშ-ის პრეზიდენტმა ის, რომ საქართველო ბირთვული ბაზრის ცენტრში, ბირთვული მასალების უდიდესი მარაგის პატრონ რუსეთსა და ამ მასალების აქტიური მყიდველების შავი ბაზრის მქონე თურქეთს შორის მდებარეობს. ამიტომაც ბირთვული უსაფრთხოების ნებისმიერი საკითხის განხილვისას საქართველო წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული.

სამხრეთ ოსეთის კონტრაბანდულმა ნავსაყუდელმა ნომინალური დამოუკიდებლობა რუსეთის ჯარების წყალობით მოიპოვა. თვითმარქვია სახელმწიფოს დედაქალაქ ცხინვალისკენ მიმავალ გზაზე ბეტონის ლოდებით გამაგრებული გამყოფი ზოლია, საიდანაც ქართველი ჯარისკაცები დაკვირვებას აწარმოებენ. მათგან ასიოდე მეტრში საზღვარს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. თვითნაკეთ საზღვარზე სამი დროშა ფრიალებს - ქართული, სამხრეთოსური და რუსული.

ახლა, როცა გამყოფ ხაზზე რუსეთის ჯარები დგანან, თითქოს კონტრაბანდული საქონლის მასობრივი გადატანა შეწყდა, მაგრამ ქართველები ამტკიცებენ, რომ ეს რაიონი კვლავინდებურად საშიშროებას ქმნის. ბოლოს და ბოლოს, რა უნდათ იქ რუს ჯარისკაცებს ან რას აკეთებენ? ალბათ სოკოს აგროვებენო, - ირონიულად იხუმრა სააკაშვილმა ვაშინგტონში... ქართულ სოფელ ქვეშში ავტობუსით მოგზაურობისას დარწმუნდებით, რომ სააკაშვილის შეშფოთება უსაფუძვლო არ არის.

რუსები სოკოს არ აგროვებენ, მაგრამ არც საზღვრის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან და რუსეთთან საქართველოს დაკანონებულ საზღვრებს საგანგებოდ მომზადებული პოლიციელები სდარაჯობენ. მათ განკარგულებაშია აშშ-ის მიერ დამონტაჟებული რადიაციის დეტექტორები. სამხრეთ ოსეთთან დაუკანონებელ საზღვარს კი, ორიოდე რუსი ჯარისკაცის გარდა, არავინ აკონტროლებს. ჩვენი კორესპონდენტის მონათხრობით, საქართველო-სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარზე მათ არც ავტობუსი და არც მგზავრები არ გაუჩხრეკიათ, მხოლოდ უკანონო საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფოტოაპარატზე აღბეჭდვისას დაინტერესდნენ კორესპონდენტის ვინაობით და მოგზაურობის მიზნით. ხოლო კითხვაზე, სად გადის საზღვარი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორისო, მხრები აიჩეჩეს - არაფერი ვიცითო...

"ფორინ პოლისი", აშშ