საქართველოში სიტუაცია იძაბება - კვირის პალიტრა

საქართველოში სიტუაცია იძაბება

საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც მმართველი პარტიის პოპულარობის ტესტია, პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს.

6 მაისს თბილისში პოლიციის აღლუმის დროს, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი ესწრებოდა, პოლიციამ ხელკეტებით დაშალა ანტისამთავრობო დემონსტრაცია.

სააკაშვილის ოპონენტები იმუქრებიან, რომ 30 მაისს, ადგილობრივი არჩევნების დასრულებისთანავე ქუჩაში გამოვლენ. ეს არჩევნები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" 2008 წლის რუსეთთან ხუთდღიანი ომის შემდეგ პირველი საარჩევნო ტესტი იქნება. ოპოზიცია სააკაშვილს აიძულებს, 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" დანაპირები შეასრულოს და ქვეყანაში დასავლური ტიპის დემოკრატია დაამკვიდროს.

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) დაახლოებით 350 დამკვირვებელს გზავნის ამ არჩევნებზე, რომელშიც პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ მუნიციპალიტეტის მოხელეები, მათ შორის დედაქალაქ თბილისის მერი, სადაც ქვეყნის 4.5-მილიონიანი მოსახლეობიდან მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს.

"თქვენ ნახეთ, რომ ამ მსვლელობის დროს პოლიციასთან შეტაკება მოგვიხდა. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე წარმატებას არ მივაღწევთ, ვიდრე უკანონო პატიმრები ციხეებში არიან", - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ახლა ოპოზიციაშია. მთავრობა ამბობს, რომ ვარდების რევოლუცია წინსვლის პროცესშია და დემოკრატიზაციის, კორუფციის დამარცხების და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, უზარმაზარი პროგრესი უკვე მიღწეულია. სააკაშვილის მოკავშირეები იმ საზოგადოებრივ გამოკითხვებს იმოწმებენ, რომელთა თანახმადაც მმართველი პარტია მოსახლეობაში უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს.

დიპლომატების თქმით, ნაწილობრივ ეს მხარდაჭერა გამოწვეულია ოპოზიციის არაეფექტიანობით, რომელსაც კონსოლიდაციის და თანამიმდევრული კამპანიის პრეზენტაციის უნარი არ აქვს. შარშან სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე სამთვიანი ქუჩის საპროტესტო აქციები უმნიშვნელო შედეგით დასრულდა. სააკაშვილის მხარდაჭერა დასავლეთში შენელდა 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც აშშ-ის მიერ გაწვრთნილი ქართული არმიის თავდასხმას სამხრეთ ოსეთის აჯანყებულ რეგიონზე, რუსეთის დამანგრეველი კონტრშეტევა მოჰყვა. სააკაშვილი მუდმივად იწვევს შესაძლო საფრთხეს რუსეთიდან.

"საბჭოთა იმპერია“გვამს ჰგავს, რომელმაც სიცოცხლის ნიშნების გამოვლენა დაიწყო, - განაცხადა მან ხუთშაბათს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, -„ყველამ, ვისაც ერთი სული აქვს, რომ როგორმე საბჭოთა იმპერია აღდგეს, მინდა იცოდეს, რომ საბჭოთა კავშირი საქართველოში დასრულდა".

"როიტერსი", დიდი ბრიტანეთი