აფხაზეთში იქმნება რელიგიათაშორისი საბჭო - კვირის პალიტრა

აფხაზეთში იქმნება რელიგიათაშორისი საბჭო

აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა რელიგიათაშორისი საბჭოს შექმნის განკარგულება გასცა. საბჭოში ყველა ტრადიციული კონფესიის წარმომადგენელი შევა.

ამ ინიციატივით მიმართა ბაღაფშს აფხაზეთში რუსეთის მუფთების საბჭოს წარმომადგენლობის მეთაურმა რუსლან ენიკმა. ბაღაფშმა ასევე ბრძანა, მაჰმადიანებს ორი წლით გაუგრძელონ ქალაქ გუდაუთაში იმ ნაკვეთის ათვისების ვადა, სადაც უნდა აშენდეს ისლამური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი "ვასათია". ცენტრში დაგეგმილია ბიბლიოთეკის, სამლოცველო დარბაზის, ისლამის საფუძვლების შემსწავლელი კლასების, მაღაზიების, სასტუმროსა და ფიტნესცენტრის შექმნა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის აგვისტოში აფხაზეთის მუსლიმანთა სულიერმა სამმართველომ უკმაყოფილება გამოთქვა რესპუბლიკაში ისლამის განვითარებასა და მუსლიმანთა სათვისტომოს გარშემო შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო.

აფხაზეთიდან ქართველების გადინების შემდეგაც კი რესპუბლიკის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქრისტიანები შეადგენენ.

2003 წლის გამოკითხვის თანახმად, აფხაზეთის გამოკითხული მოსახლეობის 60%-მა განაცხადა, ქრისტიანები ვართო, 16%-მა - მუსლიმანებიო, 3% აფხაზური რელიგიის (ისინი არ აღიარებენ იესო ქრისტეს, მხოლოდ ერთი, შემოქმედი ღმერთი სწამთ) მიმდევარი გამოდგა, 5% - კერპთაყვანისმცემელი, 5% - ათეისტი, 6%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.

ვიკიპედიის მონაცემებით, ახლა აფხაზეთში  მოქმედებს რამდენიმე ათეული მართლმადიდებლური ტაძარი, ხუთი - კერპთაყვანისმცემლური, ორი მეჩეთი და ერთი სინაგოგა.

"კავკაზსკი უზელ", რუსეთი