"ნაბუკო" გაზით შეივსება - კვირის პალიტრა

"ნაბუკო" გაზით შეივსება

სტამბოლში, მე-13 ევრაზიულ ეკონომიკურ სამიტზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ალი

ჰასანოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის, ქვეყანაში მოპოვებული გაზის 50% "ნაბუკოს" პროექტისთვის გამოყოს.

"ნაბუკოს" პროექტი ვარაუდობს აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლითა და რუსეთის გვერდის აქცევით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას კასპიის რეგიონიდან ევროპულ ქვეყნებში. პროექტით გათვალისწინებულია 31 მლრდ კუბური მეტრი გაზის ყოველწლიური ტრანსპორტირება, რაც 2020 წლისთვის ევროკავშირის გაზით მომარაგების 5%-ს შეადგენს.

2009 წელს აზერბაიჯანმა 23,584 მლრდ კუბური მეტრი გაზი მოიპოვა. ამჟამად გაზი იგზავნება თურქეთში, საქართველოში, რუსეთსა და ირანში. "ჩვენი საქმეა ამ მილის გაზით უზრუნველყოფა, დანარჩენი საკითხები იტალიამ, გერმანიამ, ბულგარეთმა და ბრიუსელმა უნდა გადაწყვიტონ. ყველაფერი, რაც ამ პროექტის რეალიზაციისთვის არის საჭირო, აზერბაიჯანმა უკვე გააკეთა, ახლა საქმე ევროპულ სტრუქტურებზეა", - განაცხადა ჰასანოვმა.

ადრე აზერბაიჯანული მედია ენერგეტიკაში ევროპული კომისიის საგანგებო წარმომადგენლის გუნთერ ეტინგერის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ "ნაბუკოს" პროექტი უკეთეს შემთხვევაში, დაგეგმილი ვადის - 2014 წლის ნაცვლად 2018 წელს ამუშავდება. ეტინგერმა ისიც თქვა, რომ პროექტის ბედი დამოკიდებულია ევროკავშირსა და თურქმენეთს შორის გაზის მიწოდებაზე მიღწეულ სტრატეგიულ შეთანხმებაზე და ეს შესაძლებლობა 65%-ით შეაფასა.

"ნაბუკოს" სამთავრობათაშორისო ხელშეკრულება რატიფიცირებულია ავსტრიის, უნგრეთის, ბულგარეთის, თურქმენეთის მიერ, ხოლო რუმინეთში რატიფიკაციის ბოლო სტადიაშია. "ნაბუკო" ხელს შეუწყობს გაზის ნაკადის დივერსიფიცირებას, შეამცირებს ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის გაზზე და ევროკავშირსაც თავი დაზღვეული ექნება.

"ვრემია ნოვოსტეი", რუსეთი