რუსეთის პასუხი - კვირის პალიტრა

რუსეთის პასუხი

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "ფერადი რევოლუციების" ტალღამ წალეკა კრემლის ხელდასხმული მმართველები. მათ ნაცვლად პროდასავლური ორიენტაციის ლიდერები მოვიდნენ.

ახლა, ეტყობა, კრემლმა რევანშის აღება გადაწყვიტა - წელს ორი სკალპი მოიპოვა - უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსა და ყირგიზეთის მეთაურ ყურმანბექ ბაკიევისა. გადამეტებული იქნებოდა იმის მტკიცება, რომ რუსეთი უკრაინის და ყირგიზეთის მოვლენების ერთადერთი მთავარი ორგანიზატორი იყო, მაგრამ გადამწყვეტი როლი რომ ითამაშა, ეს ფაქტია. ამ სტრატეგიულმა გამარჯვებებმა კრემლს "ახლო საზღვარგარეთში" რეჟიმების შეცვლა შთააგონა. #1 სამიზნე საქართველო და მისი ფიცხი პრონატოელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. დეპუტატი სერგეი მარკოვი ირწმუნება, სააკაშვილის დასამხობად მოსკოვი "მეორე ბიშკეკის" მოწყობას გეგმავსო. ცხადია, ტრაბახობს, მაგრამ მასში ჭეშმარიტების მარცვალი აშკარად არის.

შარშანდლიდან კრემლის ლიდერები მიზანმიმართულად და სახალხოდ ხვდებიან ქართული ოპოზიციის წამყვან წარმომადგენლებს. 9 მაისს, გამარჯვების 65 წლისთავის ზეიმზე, რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის, ამჟამად კი ოპოზიციის ლიდერის ნინო ბურჯანაძის გვერდით იდგა. პუტინმა, ბურჯანაძემ და მოსკოვის მერმა ლუჟკოვმა საქართველოში, სააკაშვილის მიერ აფეთქებული დიდების მემორიალის იდენტური ძეგლის აღმართვის ადგილზე სიმბოლური ქვა დადეს. ფსონის უფრო გასამყარებლად კრემლმა მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის ქართული ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დაპატიჟა, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სააკაშვილის ყოფილი თანამოაზრე ირაკლი ალასანია, რათა მათთან ერთად განეხილა თბილისის მთავრობის გადაყენების საკითხი.

სააკაშვილის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება თბილისის მერის არჩევნები, სადაც ალასანია სააკაშვილის ერთგულ ქალაქისთავს შეებრძოლება. "სააკაშვილი და მისი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებენ არჩევნების გასაყალბებლად. თუ ის ამას გააკეთებს, ინანებს. ჩვენ აჯანყებას მოვაწყობთ. მთავრობა თვითონ წერს ბიშკეკის რევოლუციის განმეორების სცენარს", - ამბობს მოსკოვში შვიდი თვის მანძილზე მეშვიდედ ჩასული ნოღაიდელი. მაგრამ შეიძლება მოსკოვთან ასეთი აშკარა დაძმობილება სახიფათო სტრატეგია აღმოჩნდეს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის 52%-ს არ მოსწონს საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება რუსეთთან, 80%-ს რეგულარული ავიაურთიერთობის აღდგენა სურს, გამოკითხულთა 38% გმობს ოპოზიციონერთა შეხვედრებს რუს პოლიტიკოსებთან, მხოლოდ 22%-მა მოიწონა ასეთი შეხვედრები. ნოღაიდელს კი რესპონდენტების მხოლოდ 4% უჭერს მხარს.

სააკაშვილმა და საქართველოს მასმედიის უმეტესმა ნაწილმა მოსკოვთან დაძმაკაცებული პოლიტიკოსები "მეამბოხეებად" და "მოღალატეებად" შერაცხა. მიუხედავად ამისა, კრემლი თავისას მაინც არ იშლის: ებრძვის ყველას, ვინც მისდამი ლოიალურად განწყობილი არ არის. სიაში შესაძლოა მალე ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც აღმოჩნდეს. "რუსეთი ლუკაშენკომ დაღალა და მის შემცვლელს ეძებს", - ამბობს პოლიტტექნოლოგი იგორ ბუნინი.

ახალი რუსული სტრატეგიის დადებითი მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია შეწყვიტოს პუტინის ეპოქისეული შანტაჟისა და დაშინების ტაქტიკა და დასაბამი დაუდოს ჭეშმარიტ დიპლომატიის მსგავს ურთიერთობას. ქვეყანაში შეჭრის (რაც საქართველოში მოხდა 2008 წელს, ან გაზის გადაკეტვის (რაც არაერთხელ მომხდარა უკრაინაში) ნაცვლად, კრემლი ოპოზიციის ლიდერებთან ურთიერთობას დაამყარებს არა მარტო რუსეთის მიერ წაყენებული პირობების საფუძველზე, არამედ ურთიერთმომგებიანი ინტერესების გათვალისწინებით.

"ჩვენ დიდი ხანია ვეუბნებით კრემლს, თუ მეზობლებს მტრებივით მოექცევი, მოვა ვიღაც სხვა და მათ სიმპათიებს მოიპოვებს, - ამბობს მოსკოვის კარნეგი ცენტრის თანამშრომელი ანდრეი მალაშენკო, - იმედი მაქვს, მოსკოვის ახლებური მიდგომა იმას ნიშნავს, რომ ის უფრო პატივისცემით მიაყურადებს სხვის აზრს". თუ ეს ასე მოხდა, შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცე თანამეგობრობად იქცეს და არა საომარ ველად.

"ნიუსვიკი", აშშ