კრემლი ოპოზიციონერებს ელაციცება - კვირის პალიტრა

კრემლი ოპოზიციონერებს ელაციცება

საქართველოს რადიკალური ოპოზიცია კარგა ხანია სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად იბრძვის და ძლიერ მფარველს ეძებს. 2007 წელს ასეთი ქვეყნის შიგნით ვითომ იპოვეს - ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი, მაგრამ... 2009-2010 წლებში ოპოზიციის თავკაცებმა მოსკოვს მიაშურეს, რაც დამოუკიდებელი საქართველოსთვის თითქოს წარმოუდგენელი იყო. 2008 წლის რუსეთის ინტერვენციის, რეგიონში რუსეთის გაბატონების შემდეგ კი, როგორც ვხედავთ, შესაძლებელი გახდა.

კრემლმა საქართველოში რეჟიმის შეცვლა ვერ შეძლო და თავისი ზრახვების განსახორციელებლად ქართული ალტერნატიული პოლიტიკური გუნდის გამოყენება გადაწყვიტა. მისი აზრით, აჯობებოდა საქართველოში ყველაზე ცნობილი, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ეპიცენტრში მყოფი სახეების წარმოჩენა პოლიტიკურ სცენაზე, ამიტომ აშკარად ელაციცება საქართველოს ხელისუფლების ყოფილ დიდმოხელეებს - ზურაბ ნოღაიდელს და ნინო ბურჯანაძეს. იმედი აქვს, ისინი რუსეთს საქართველოს მთავრობის დამხობაში დაეხმარებიან. ეს ორი ფიგურა ამ როლში აშკარად თავს კარგად გრძნობს და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღსადგენად რეჟიმის შეცვლისკენ უფრო რიხიანად მოუწოდებს საზოგადოებას.

პუტინმა ისინი კიდევ ერთხელ, ცალ-ცალკე მიიღო. კრემლი, როგორც ჩანს, ბურჯანაძე-ნოღაიდელის "ტანდემს" საქართველოს ლიდერებად მიიჩნევს, მაგრამ ისიც იცის, რომ ისინი ერთმანეთს არ ენდობიან, რასაც, ცხადია, სათავისოდ გამოიყენებს.

ისტებლიშმენტის წარმომადგენლებთან პოლიტიკური გარიგებისთვის მზადებისას მოსკოვი თბილისის ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფებს აშკარად არ უკავშირდება, მათთან, ჩანს, ფარული ურთიერთობა აქვს. გამონაკლისია "კონსერვატიული პარტიის" ლიდერები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, რომლებიც მოსკოვზე ორიენტირებულ ბანაკს შეუერთდნენ. აპრილში ისინი დუმის რამდენიმე მაღალი რანგის, მათ შორის ფრიად ექსცენტრიკულ პოლიტიკოს ჟირინოვსკის და ზოგიერთ კომუნისტ დეპუტატს შეხვდნენ. ნოღაიდელსა და ბურჯანაძეს რუსეთთან "პრობლემების მოგვარებაში" საქართველოს მთავრობის ალტერნატივად და მოსკოვთან პრივილეგირებულ მომლაპარაკებლებად მოაქვთ თავი.

ამიტომაც ეუბნება ნოღაიდელი ქართველ და რუს ჟურნალისტებს, - მოსკოვში ვიზიტებისას ვცდილობ, "ნაწილობრივ მაინც" აღვადგინო პირდაპირი მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის, ხელმისაწვდომი გავხადო ("ნაწილობრივ") ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის რუსული ბაზარი და დავაბრუნო ქართველი დევნილები კოდორსა და ახალგორშიო. გზავნილის არსი ასეთია: რუსეთისთვის მისაღებ პოლიტიკოსებს შანსი აქვთ, მოსკოვი სიმბოლურ დათმობებზე დაითანხმონ, ანუ კრემლზე ორიენტირებული პოლიტიკოსების თბილისის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში საქართველოს უკეთესობისკენ წასვლის მეტი შანსი ექნება...

მოსკოვი ამ პოლიტიკოსების საშუალებით ქართველებს ეუბნება, - თუ ახალი ქართველი ლიდერები რუსეთისადმი ლოიალურნი იქნებიან, მათ შეუძლია რაიმე ფორმით ხელი შეუწყონ საქართველოს გაერთიანებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. რუსეთის გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ ნოღაიდელი, ბურჯანაძე და მათი მიმბაძველნი "რეალისტი და პასუხისმგებლობის მქონე" პოლიტიკოსები არიან, აცნობიერებენ საქართველოს დასავლური ორიენტაციის ამაოებას და რუსეთთან "ტრადიციული კავშირის" აღდგენას ამჯობინებენ. ნოღაიდელი და ბურჯანაძე საქართველოს, ილუზიების გარდა, ვერაფერს შესთავაზებენ, მათი პოლიტიკური რეიტინგი ერთნიშნა ციფრია, თუმცა რუსული რესურსების გამოყენებით ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

"ჯეიმსტაუნ ფაუნდეიშენი", აშშ