ობამას ღალატს საბაბი აქვს... - კვირის პალიტრა

ობამას ღალატს საბაბი აქვს...

10 მაისს, კონგრესისადმი მიმართულ განცხადებაში ობამამ ცხადყო, რომ მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა  სთხოვა და განაცხადა, სიტუაცია საქართველოში აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვისო.

2008 წელს ბუშმა იგივე ხელშეკრულება საქართველოში რუსეთის ინტერვენციის გამო შეაჩერა. ის, რომ ობამას განცხადებით, ვითარება განხილვას აღარ მოითხოვს, ცოტა არ იყოს, სასაცილოა. ქართველებისთვის ვითარება მას შემდეგ მხოლოდ გაუარესდა, რადგან რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაცია კიდევ უფრო განამტკიცა. როგორც ჩანს, ობამამ ჩათვალა, რომ დამალვას აზრი აღარ აქვს: საქართველოს გაცვლა რუსეთზე თეთრი სახლის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა.

იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ღალატს ნიშნავს, ობამას სასტიკი საპასუხო რეაქცია უნდა მიეღო და შაბათს პროცესი დაიწყო კიდეც. The Washington Post-მა  ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი მოხელის, ევროპისა და ევრაზიის საქმეების განმგებლის, დევიდ კრამერის წერილი გამოაქვეყნა. ეს ის ყმაწვილია, რომელმაც ბუშის მმართველობისას სააკაშვილი თეთრი სახლის პროექტად აქცია.

15 მაისს კრამერი წერდა: "ადმინისტრაციამ არსებითად მიატოვა ქართველები და რუსეთს მათი საზღვრების გასწვრივ შემდგომი პროვოკაციული ქმედებებისთვის მწვანე შუქი აუნთო". ალბათ მართლაც ასეა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილს, მის მრჩევლებსა და ოპონენტებს ინტერვიუ ჩამოვართვი, ის, თუ რატომ გადაწყვიტა ობამამ, ზურგი შეექცია საქართველოს პრეზიდენტისთვის, ჩემთვის სავსებით გასაგები გახდა.

თბილისში, უპირველეს ყოვლისა, იმისთვის ჩამოვედი, რომ გამერკვია, - რა როლი ითამაშა სააკაშვილმა 13 მარტის სკანდალში. ეს ის დღე იყო, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ბევრ დასავლელ ლიდერს მოთმინება ამოეწურა. საღამოს 7 საათზე, ტელეკომპანია "იმედმა", რომელსაც სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, საინფორმაციო პროგრამის მეშვეობით მთელ ქვეყანას ამცნო, - რუსეთი საქართველოში ისევ შემოიჭრა, სააკაშვილი მოკლულია, ქართული არმიის დიდი ნაწილი მტრის მხარეს გადავიდაო. აღმოჩნდა, რომ  საინფორმაციო გამოშვება ინსცენირებულია და  ომის სიმულირებას ახდენს, რაც დიქტორმა ნახევარსაათიანი გადაცემის დასაწყისში და ბოლოს მოკლედ აღნიშნა.

მაგრამ გაფრთხილება ათასობით მაყურებელს გამორჩა და დაფეთებულები ქუჩაში გამოცვივდნენ. თბილისში ქაოსმა დაისადგურა. მოქალაქეთა უმეტესობა მიხვდა, რომ ტანკები არსად ჩანს, ეს ამბავი გამოგონილია და "იმედის" შენობასთან არეულობა დაიწყო. მეორე დღეს ბრალი სააკაშვილს დასდეს და ევროპის ლიდერებმა მისი დაგმობა იწყეს.

ორი კვირის შემდეგ, თავის ოფისში სააკაშვილმა მითხრა, - ამ ამბავში ხელი არ მირევია... "იმედის" ამ გადაცემამ  თავი მომაბეზრაო. მისმა უახლოესმა მრჩეველმა საგარეო საქმეებსა და მედიის დარგში, რაფაელ გლუქსმანმა, ვითარების უფრო სრული სურათი დამიხატა. მითხრა, - გადაცემამდე ცოტა ხნით ადრე "იმედის" დირექტორმა და მე ტელეკომპანიის მაუწყებლობაზე ვიმსჯელეთ. ვურჩიე, ამერიკული ტელევიზიებივით უფრო პროვოკაციულები, სექსუალურები უნდა იყოთ-მეთქი, მაგრამ, ცხადია, არ მიგულისხმია, რომ ეს უნდა გაეკეთებინათო.

ის, რომ პრეზიდენტის მრჩეველი მედიის დარგში, "იმედის" შეფთან, გიორგი არველაძესთან ტელეკომპანიის პროგრამებს განიხილავდა, ცოტა არ იყოს, უცნაურია. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ სააკაშვილი იმიჯის შექმნის დეტალებშიც ერევა. როდესაც მის ოფისში შევედი, ის ქალაქ ბათუმის რეკონსტრუქციის გეგმას განიხილავდა და თითოეული სახლის პროექტს აანალიზებდა. ასეთი პატარა ქვეყნის პრეზიდენტისთვისაც კი ეს რუტინული დეტალებით ზედმეტ გატაცებას წააგავს.

ჩემთვის ძალიან უცნაური იქნებოდა, თუკი ასეთი შოკის მომგვრელი გადაცემის ეთერში გასვლამდე მას არაფერი ეცოდინებოდა, მით უფრო, მას მერე, რაც აღიარა, - ვფიქრობ, ქართველებისთვის ამ გადაცემის ნახვა სასარგებლო იყოო. რუსეთი, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ინციდენტის გამო აღშფოთდა, ხოლო ობამასთვის ყველაფერ ამას გარკვეული მნიშვნელობა მიეცა.

თუ სააკაშვილმა "იმედს" მწვანე შუქი აუნთო, ე.ი. მას სახიფათო სპექტაკლებით რუსეთის გახელება სურს. ეს იმასაც ნიშნავს, რომ მას, როგორც პოლიტიკოსს, რუსეთის აგრესიის იდეა ასაზრდოებს, რადგან თავს იმ ერთადერთ ადამიანად წარმოაჩენს, რომელსაც დასავლეთთან თავისი კონტაქტებისა და იმ ხალხის მეშვეობით, რომლებიც მის ოფისთან წარჩინებულთა დაფაზე არიან ჩამწკრივებულნი, ძალუძს ამ საფრთხის მოგერიება. ანუ სავარაუდოა, რომ თუ პოლიტიკურ საფრთხეს იგრძნობს, მოკავშირეებს რუსეთთან კონფრონტაციისკენ უბიძგებს. მას მერე, რაც ევროკავშირის გამოძიებამ დაასკვნა, რომ 2008 წლის ომში პირველი გასროლა სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, ამ ვარაუდს სულ უფრო მეტი რამ ადასტურებს.

ეს იყო გიჟური რისკი, მაგრამ სააკაშვილი ამაზე წავიდა და აშშ და მისი მოკავშირეები ბირთვულ სუპერსახელმწიფოსთან კონფრონტაციაში თითქმის ჩაითრია. ერთმა თბილისელმა მითხრა, - ომის დროს სულ ცას შევყურებდით - სად ჯანდაბაშია ნატოს თვითმფრინავებიო. როგორც ჩანს, სააკაშვილიც იმავეს იმედოვნებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის რაციონალური მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. ასეთი შეცდომის პატიება ძალიან ძნელია.

დენიელ კუნინი იმ დროს სააკაშვილის უახლოესი მრჩეველი იყო და ალბათ ყველაზე ნიშნეული პერსონაჟიც ამ ამბავში. ვერმონტის გუბერნატორის ვაჟი სააკაშვილის გუნდს 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეუერთდა და დემოკრატიით ინფიცირების, ნეოკონების იმჟამინდელი კრედოს ერთ-ერთ ჩემპიონად იქცა (შეიძლება უნებლიეთაც). მის წარმატებას სააკაშვილის ოპონენტებიც კი აღიარებენ. მაგრამ რუსეთთან კატასტროფული ომის შემდეგ, კუნინმა ქართული პროექტისგან უკუდგომა იწყო. "ახლა ძირითადად არაოფიციალური მრჩეველი ვარ და თბილისს იმდენ ყურადღებას აღარ ვუთმობ", - მითხრა მან მარტში. ნათქვამმა ჩამაფიქრა.

თუ კუნინმა, რომელმაც რამდენიმე წელიწადი საქართველოს მთავრობას შესწირა, სააკაშვილისგან გამიჯვნა გადაწყვიტა, რატომ უნდა უერთგულოს მას ობამამ? რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებასაც რომ დავანებოთ თავი, რატომ არ უნდა გაეთვალისწინებინა ობამას ეს ფაქტი?

ვერავინ იტყვის, რომ ობამას მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ არის ფარისევლური ან პოლიტიკურად უხერხული აშშ-ისთვის. ცხადია, არის. 5 მარტს, როდესაც ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისგან ინტერვიუს ვიღებდი, აშშ დაუფარავად უცხადებდა ერთგულებას საქართველოს და სხვა ექსკომუნისტურ მოკავშირეებს. "ჩვენ გადატვირთვის ფასად არასდროს შევაგდებთ პოლონეთს ავტობუსის ქვეშ, - მითხრა ოფიციალურმა პირმა, - არ გავწირავთ უკრაინას და საქართველოს რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების გამო".

"იმედის" სკანდალის შემდეგ, მათ რეალურად შეაგდეს საქართველო ავტობუსის ქვეშ და ჯერ არაა ცნობილი, მართლა დააჯილდოებს თუ არა მათ რუსეთი გულითადი მეგობრობით. მაგრამ რუსეთის კონტექსტის გარეშეც,  ფაქტი ერთია: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ  ის შეერთებული შტატებისთვის იმპულსური, უფრო მეტიც, არაპროგნოზირებადი და  სახიფათო პარტნიორია. ობამა, ჩანს, ამას გულისხმობდა, როდესაც კონგრესს იმ განცხადებით მიმართავდა.

"ჰაფინგტონ პოსტი" აშშ

საიმონ შუსტერი